ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

80 წლის პელოსი ისევ პალატის სპიკერად დაასახელეს


შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის დემოკრატებმა, რომელთაც 3 ნოემბრის არჩევნებზე კონგრესში უმრავლესობა შეინარჩუნეს, სპიკერად კვლავ კალიფორნიის წარმომადგენელი, ნენსი პელოსი დაასახელეს. 52-ე სპიკერის პოსტზე მან პირველად 2007-2011 წლებში იმსახურა და შემდეგ, 2019 წლიდან დღემდე კვლავ ამ თანამდებობას იკავებს.

80 წლის პელოსი ამერიკის ისტორიაში ჯერჯერობით კვლავ ყველაზე მაღალი თანამდებობის მქონე ქალია. შეერთებული შტატების კონსტიტუციით, სპიკერი, საჭიროების შემთხვევაში, პრეზიდენტის აღმასრულებელი ძალაუფლების გადაბარებაში, ვიცე-პრეზიდენტის შემდეგ მოდის. 20 იანვარს დაგეგმილი ინაუგურაციის შემდეგ, შეერთებული შტატების არჩეული ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი გახდება ამერიკის ისტორიაში ყველაზე მაღალ თანამდებობაზე მყოფი ქალი.

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, დემოკრატებმა არჩევანი წელს ვირტუალურად გააკეთეს. სპიკერის შერჩევისთვის ამ ტიპის კენჭისყრა პარტიამ წელს პირველად ჩაატარა. მათ წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობის ლიდერად კვლავ 81 წლის მერილენდის კონგრესმენი სტენი ჰოიერი დაასახელეს.

ფორმალურად, წარმომადგენელთა პალატა ახალ სპიკერს და უმრავლესობის ლიდერს, იანვრის დასაწყისში აირჩევს. ეს 20 იანვარს დაგეგმილ პრეზიდენტის ინაუგურაციამდე მოხდება. ორივე პოზიციაზე კანდიდატების დამტკიცებას პარტია წყვეტს, ამას მთლიანად წარმომადგენელთა პალატის დამტკიცება არ სჭირდება.

დემოკრატიული უმრავლესობა პალატაში წელს გაცილებით სუსტადაა წარმოდგენილი. მათ 3 ნოემბრის არჩევნებზე 10 მანდატი დაკარგეს. ჯერჯერობით, ხმის დათვლა გრძელდება და მათი რაოდენობრივი უპირატესობა ჯერ ზუსტად ცნობილი არ არის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG