პოლიციის დეპარტამენტის სტატისტიკური მონაცემების ბოლო ანალიზი აჩვენებს, რომ გასულ წელს, ამერიკის დიდ ქალაქებში, აზიური წარმოშობის ამერიკელებზე სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი თავდასხმების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული ზოგადად შემცირდა, ზოგიერთ შემთხვევაში ასეთმა ზრდამ სამციფრიანი პროცენტული მაჩვენებელი შეადგინა. ექსპერტები ამბობენ, რომ ასეთი საგანგაშო ტენდენცია წელსაც გაგრძელდა.
2020 წელს, ქვეყნის ყველაზე ხალხმრავალ 16 ქალაქში, აზიელი ამერიკელების წინააღმდეგ სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის 122 შემთხვევა აღირიცხა, რაც წინა წელთან შედარებით 150 პროცენტით იყო გაზრდილი. ეს მონაცემები, კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიძულვილის და ექსტრემიზმის შემსწავლელმა ცენტრმა შეაჯერა და ექსკლუზიურად “ამერიკის ხმას” გაუზიარა. “ამერიკის ხმამ” ორ ქალაქში მონაცემები დამოუკიდებლად შეაგროვა.
აზიელი ამერიკელების უფლებადამცველები თავდასხმების უმაგალითო ზრდას ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის რიტორიკას უკავშირებენ, რომელიც მომაკვდინებელი ვირუსის გავრცელებაში ბრალს ჩინეთს სდებდა.
აზიელ ამერიკელებზე თავდასხმების ყველაზე დიდი ზრდა ქალაქ ნიუ იორკში მოხდა, ქვეყნის უდიდეს ქალაქში, სადაც აზიური წარმოშობის მოსახლეობის დიდი რაოდენობა ცხოვრობს. პოლიციამ ნიუ იორკში სარეკორდო 28 შემთხვევა გამოიძია, რაც 2019 წელთან შედარებით ცხრაჯერ გაზრდილი მაჩვენებელია.
კიდევ ოთხ ამერიკულ ქალაქში აღინიშნა ასეთი დანაშაულის სამციფრიანი პროცენტული მაჩვენებლით ზრდა, ესენია ფილადელფია, კლივლენდი, სან-ხოსე და ლოს ანჯელესი.
დანაშაულის ბევრი მსხვერპლი არა-ჩინელი აზიელია, რომლებიც აშკარად ჩინელებში აერიათ.
ამ ტიპის დანაშაულის მაჩვენებელი მხოლოდ ქვეყნის დედაქალაქ ვაშინგტონში შემცირდა.
Facebook Forum