საქართველოში მიკროსაფინანსო სექტორი სწრაფი ზრდის ტენდენციით ხასიათდება. ფინანსური კრიზისის და 2008 წლის საომარი მოქმედებების შემდეგ ბანკები კრედიტების დაუბრუნებლობის პრობლემის წინაშე დადგდნენ. ამიტომ გადაწყვიტეს, ბანკებმა საგრძნობლად შეზღუდეს სესხების გაცემა, მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის საბანკო კრედიტის აღება ფაქტიურად მიწვდომელი გახდა.
გარდა ამისა კრედიტების დაუბრუნებლობის გამო, ბანკის კლიენტების დიდი ნაწილი ე.წ. ”შავ სიაში” მოხვდა და ბანკთან შემდგომი ურთიერთობის საშუალება დაკარგა,"-ამბობს ”ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ხელმძღვანელი ნოდარ ჭიჭინაძე:
” საქართველოში საშუალო საპროცენტო განაკვეთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში არის 37%-ი, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია თუ გავითვალისწინებთ, რომ ევროპაში, ევროკავშირის ქვეყნებში ავსტრიაში, ბელგიაში, ჰოლანდიაში და ა.შ. განაკვეთები დაახლოებით 5%-ის ფარგლებში მერყეობს, ანუ, 7-ჯერ -8-ჯერ მეტია საქართველოში განაკვეთები. თან ერთის მხრივ პარადოქსულია, რომ ასე ძვირი მომსახურების გამო მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე განუდმებით იზრდება მოთხოვნა, მათი აქტივები ბოლო 2 წელიწადში გაორმაგდა, მათ მიერ გაცემული სესხები ასევე გაორმაგდა.
ძირითადად მიკროსაფინანსო ორგანიზაციები არიან ე.წ. ლომბარდები, რა თქმა უნდა ყველა ლომბარდი მიკროსაფინანსო არ არის, თუმცა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ძალიან დიდი ნაწილი სწორედ სალომბარდო მომსახურებას ეწევა. ჩვენ მიზეზში ჩავეძიეთ, თუ რატომ იზრდება მოთხოვნა მიკროსაფინანსოებზე მიუხედავად მაღალი განაკვეთის ?! რაოდენ სამწუხარო არ უნდა იყოს, ამის მიზეზია ის, რომ 2008 წლის შემდეგ ბანკებმა შეამცირეს , გაამკაცრეს ეკონომიკის დაკრედიტება, ასევე კლიენტების ძალიან დიდი ნაწილი მოხვდა ”შავ სიაში”, მათ აღარ ჰქონდათ საშუალება ბანკებთან ჰქონოდათ ურთიერთობა და იძულებულნი გახდნენ მიემართათ ერთადერთი ალტერნატიული წყაროსთვის - მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის, სადაც მათ 2-ჯერ და 3-ჯერ უფრო მაღალი განაკვეთი დახვდათ, თუმცა სხვა გამოსავალის არქონის გამო იძულებულნი იყვნენ, სწორედ მათი პროდუქტი აეღოთ თუნდაც იმიტომ, რომ დაეფარათ ბანკის კრედიტი ან მიმდინარე საჭიროებისთვის მოეხმარათ ეს სახსრები და ა.შ. ანუ, საბოლოო ჯამში, რომ შევაჯამოთ, განაკვეთები ევროპასთან შედარებით არის მაღალი, დაახლოებით 8-ჯერ, მიუხედავად ამისა მოთხოვნა ამ სექტორზე არის იმდენად, რამდენადაც ეკონომიკაში შეინიშნება არასტაბილურობა, ამიტომ ეკონომიკური სუბიექტების დიდ ნაწილს უჭირს ბანკიდან სესხების აღება და უწევთ უფრო ძვირი მიკროსაფინანსო კრედიტების აღება."
რატომ შეიქმნა ასეთი მდგომარეობა? არავინ აკონტროლებს?
"მიკროსაფინანსო ორგანიზაციები , ბანკებისგან განსხვავებით , არ რეგულირდებიან. მოგეხსენებათ, ბანკებს არეგულირებს ეროვნული ბანკი, მაგრამ ეროვნული ბანკის რეგულირება არ ვრცელდება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე. ისინი არიან აბსოლუტურად თავისუფალნი როგორც საპროცენტო განაკვეთის დაწესებაში, ისე პოლიტიკის განხორციელებაში ნებისმიერი მიმართულებით."
მხოლოდ საქართველოში ხდება ეს თუ ყველგან ასეა?
"ყველგან ასე არ ხდება, თუმცა საქართველოში ბოლო დროს უკვე კანონპროექტზეა საუბარი, რომლის მეშვეობით დაიწყება ამ სფეროს რეგულირება. ეროვნული ბანკის ინიციატივაა, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები მოექცნენ რეგულირების ქვეშ, ვინაიდან მათი მასშტაბები უკვე იმდენად დიდია, რომ მათი ზეგავლენა ეკონომიკაზე ზრდადი ტენდენციით ხასიათდება. აქედან გამომდინარე ადრე თუ გვიან ისინი მოექცევიან რეგულირების სფეროში.”
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მთლიანი აქტივები მხოლოდ 2012 წლის პირველ კვარტალში 2010 წლის დონესთან შედარებით, დაახლოებით 200 მილიონი ლარით გაიზარდა და 474 მილიონი ლარი შეადგინა, რაც დაახლოებით 180%-ან ზრდას წარმოადგენს.
ექსპერტთა თქმით, სექტორის ზრდა შეიძლება წარმატებად ჩაითვალოს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ მოსახლეობის რა კატეგორია მიმართავს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს კრედიტის ასაღებად , შეიძლება დიდი საფრთხე დავინახოთ. მიკროსაფინანსო სექტორის სწრაფი ზრდა სწორედ კლიენტების რაოდენობის ზრდით არის გამოწვეული, ეს კი ნიშნავს, რომ საზოგადოების სულ უფრო დიდი ნაწილი პრობლემური მსესხებლის კატეგორიაში გადადის, ბანკთან გაფუჭებული ურთიერთობის გამო იძულებულია მიკროსაფინანსო ორგანიზაციას მიმართოს და მიიღოს მისთვის საკმაოდ არახელსაყრელი პირობებით მომსახურება. მაგალითისთვის, საშუალო საპროცენტო განაკვეთები ევროპის მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში ასე გამოიყურება : რუმინეთი 9.99%, უნგრეთი 9.86%, პოლონეთი 7.76%, ესტონეთი 7%, ლატვია 6.39 %, ბულგარეთი 5.53%, ჩეხეთი 4.51%, საბერძნეთი 3.95%, იტალია 3.48%, გერმანია 3,31%, საფრანგეთი 3.15%, ესპანეთი 2,94%, ავსტრია 2.38% და საქართველო - 37 %-ი ! და კიდევ, საპროცენტო განაკვეთები ავტო სესხებზე საქართველოში 48%-დან 72%-მდე მერყეობს. ნოდარ ჭიჭინაძე ამბობს :
” იგივე მეზობელ ქვეყნებში: თურქეთში, სომხეთში. სომხეთში ჩვენთან შედარებით იაფია კრედიტები, 14%-ია საშუალო განაკვეთი სომხეთში. თურქეთში 7-8%-ად რომ იღებენ თუნდაც იპოთეკურ სესხებს, მათთვის ეს მისაღები არ არის. აშშ-ი ბინების, სახლების ყიდვა ხდება ძირითადად იპოთეკური , 50-წლიანი - 30-წლიანი სესხებით. საქართველოში ეს საკითხი ,რა თქმა უნდა, გამოსასწორებელია, თუ გვაქვს პრეტენზია, რომ ვართ რეფორმატორი ქვეყანა, ბიზნესის კეთებისთვის საუკეთესო ქვეყანა, საუკეთესო საინვესტიციო გარემოს ქვეყანა, ამ გამონათქვამების ფონზე ის, რომ ბანკებში საშუალოდ 25%-ი არის საპროცენტო განაკვეთი, ცოტა არ იყოს უხერხულია და ნაცრის შეყრაა თვალბში, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო საზოგადოებისთვის.”