ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გობლი: არჩევნებში დამარცხებულმა შედეგები უნდა მიიღოს


ექსპერტები საქართველოში მშვიდობიანი და ევროპული სტანდარტების არჩევენების ჩატარებას იმედოვნებენ. მათ ნაწილს მიაჩნია, რომ საქართველო რეგიონის ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება შეუძლია.

არჩევნები რაც შეიძლება გამჭვირვალედ, რაც შეიძლება კონკურენტულ გარემოში ჩაატარეთ. გახადეთ გასაგები, რომ თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს, ძალაუფლება ოპოზიციას გადაეცემა. თუ დამარცხდება, მან უნდა მიიღოს ის, რომ ოპოზიციაში დარჩება.
პოლ გობლი

საქართველო ევროპაა და ქვეყანამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ თავისუფალი და მშვიდობიანი არჩევნები ჩაატაროს, აცხადებს ამერიკის მაუწყებელთა საბჭოს ყოფილი წევრი და რადიო თავისუფლების ყოფილი პრეზიდენტი ენდერს ვიმბუში.

“იმედი მაქვს, რომ არჩევნები მშვიდობიანად ჩაივლის. ამაში დარწმუნებული ვარ. საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რეგიონში საუკეთესო არჩევნები ჩაატაროს. მთავრობა შთამბეჭდავად მუშაობს ამაში დასარწმუნებლად,” განაცხადა “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში ვიმბუშმა. მან ასევე დასძინა, რომ “როცა არჩევნები დამთავრდება, შედეგი ყველამ უნდა მიიღოს და საქართველოს დაწინაურება ყველამ უნდა გააგრძელოს.”

ვიმბუშის თქმით, საქართველოს დემოკრატიული განვითარება შეუქცევადი პროცესია. ქართულმა საზოგადოებამ ერთხელ უკვე გააცნობიერა, თუ რას ნიშნავს თავისუფალი და მშვიდობიანი არჩევნების ჩატარება. შესაბამისად, ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის მოსახლეობაში ჩამოყალიბებული ამ დემოკრატიული ღირებულების შეცვლა ძალიან რთული იქნება.

“საქართველო დემოკრატიულ ქვეყნად დარჩება. თუმცა, დემოკრატია ყველგან სხვადასხვა ფორმას იღებს. შეხედეთ რა ხდება ჩვენს [შეერთებული შტატების] არჩევნებზე - ვერავინ იფიქრებდა, რომ ასეთი რამ მოხდებოდა,” ამბობს ვიმბუში. ის ასევე აცხადებს, რომ “ეს საქართველოშიც მოხდება, მაგრამ ამ არჩევნებზე ვფიქრობ, ქვეყანა ნორმალურ, დემოკრატიულ ნაბიჯს გადადგამს წინ.”

რუსეთისა და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ექსპერტი ვაშინგტონში პოლ გობლი აცხადებს, რომ საქართველო გამონაკლისია რეგიონში, რადგან ის ერთადერთი ქვეყანაა, სადაც დემოკრატიული პროცესების ინსტიტუციონალიზაცია შედარებით წარმატებით განხორციელდა.

“საქართველოს უდიდესი პროგრესი აქვს,” ამბობს ექსპერტი. “ჩვენ დასავლეთში 1990-ან წლებში დიდი შეცდომა დავუშვით - დემოკრატია და ადამიანის უფლებები და თავისუფლებები ერთმანეთში ავრიეთ. დემოკრატიას ის საზღვრავს, თუ როგორ ხდება ძალაუფლების გაზიარება, დაყოფა და კონტროლი. ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და შედარებით ნაკლებ დონეზე საქართველოსა და უკრაინის გარდა დემოკრატიის ინსტიტუციონალიზაცია რეგიონში სხვა ვერც ერთმა ქვეყანამ შეძლო,” განმარტავს გობლი.

ექსპერტები საქართველოს არჩევნებზე
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:42 0:00


2012 წელს ქვეყანაში ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის შემდეგ საქართველომ მსოფლიოს დაანახა, რომ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები წარმატებით მიმდინარეობს. გობლი ამბობს, რომ საქართველო რეგიონის ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ამ დემოკრატიული პრეცედენტის გაგრძელება შეუძლია.

ისე ასევე დასძენს, რომ იმისთვის, რომ საქართველომ ევროპული სტანდარტების არჩევნების ტრადიცია გააგრძელოს, რამდენიმე ფაქტორი უნდა გაითვალისწინოს.

“არჩევნები რაც შეიძლება გამჭვირვალედ, რაც შეიძლება კონკურენტულ გარემოში ჩაატარეთ. გახადეთ გასაგები, რომ თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს, ძალაუფლება ოპოზიციას გადაეცემა. თუ დამარცხდება, მან უნდა მიიღოს ის, რომ ოპოზიციაში დარჩება,” ამბობს “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში გობლი.

ექსპერტები თანხმდებიან იმაზე, რომ საქართველოს დემოკრატიული ტრადიცია უკვე აქვს, რომელიც ქვეყანამ აუცილებლად უნდა გააგრძელოს. ამის დემონსტრირების საუკეთესო გზა კი ოქტომბერში ღია, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება იქნება.

XS
SM
MD
LG