ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პარტიები თანხმდებიან - საქართველოს ადგილი ევროპაშია


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნატოს სამიტზე 8 ივლისს დეკლარაციის ტექსტი გამოაქვეყნა, რომელსაც საქართველოს თითქმის ყველა წამყვანი პოლიტიკური ძალა აწერს ხელს. პოლიტიკური განსხვავეების მიუხედავად, დეკლარაციის თანახმად, პარტიები ეროვნულ ინტერესს იზიარებენ და თანხმდებიან, რომ ევროპაში ინტეგრაცია მათი მიზანია. ვაშინგტონში დეკლარაციაზე რეაგირება უკვე გააკეთს.

მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი და წარსულში ამერიკის ელჩი ნატოში კურტ ვოლკერი, რომელიც დეკლარაციის ტექსტის კოორდინაციაში მონაწილეობდა,​ დეკლარაციას მნიშვნელოვან ნაბიჯად აფასებს და ამბობს, რომ საქართველოს პოლიტიკურმა ძალებმა დასავლეთს საქართველოს დემოკრატიის წინსვლა დაანახეს:

ის იდეა, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესი ნებისმიერი პარტიის პოლიტიკურ ინტერესზე მაღლა დგას ძალიან დიდი და ძლიერი იდეაა. იმედია, ამ განცხადებით ქართული დემოკრატიის დაცვა მოხდება იმ გავლენისგან, რომელსაც მისი დაზარალება შეუძლია.
კურტ ვოლკერი

"პრეზიდენტის მიერ გამოქვეყნებულ ამ დეკლარაციაში მთავარი ის არის, რომ თითოეული ხემომწერი პოლიტიკური პარტია პასუხისმგებლობას კისრულობს. მათ ამ განცხადებაზე ხელის მოწერა არ მოეთხოვებოდათ და ეს მათ არავინ აიძულა. თითოეულმა პოლიტიკურმა ძალამ პასუხისმგებლობა აიღო იმაზე, რომ ეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანია," აცხადებს ყოფილი ელჩი.

მისივე თქმით, "ის იდეა, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესი ნებისმიერი პარტიის პოლიტიკურ ინტერესზე მაღლა დგას ძალიან დიდი და ძლიერი იდეაა. იმედია, ამ განცხადებით ქართული დემოკრატიის დაცვა მოხდება იმ გავლენისგან, რომელსაც მისი დაზარალება შეუძლია."

ვოლკერს მიაჩნია, რომ დეკლარაცია წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია, რომელიც დასავლეთს აჩვენებს, რომ საქართველოში ევროპისკენ სწრაფვა ეროვნული პრიორიტეტია. ის ამბობს, რომ დასავლეთში საქართველზე შექმნილი ერთ-ერთი შეხედულება ის არის, რომ ქვეყანა "არ არის მომწიფებული დემოკრატია, რომ პოლიტიკურ პარტიებს ერთმანეთთან თანამშრომლობა არ შეუძლიათ, რომ იყო პოლიტიკურად ორიენტირებული სასამართლო პროცესები, დავა მედიის მფლობელობასთან დაკავშირებით და სხვა." ვოლკერი ამბობს, რომ მიუხედავად ამ შეხედულებებისა და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური განსხვავებებისა, საქართველომ დასავლეთს დაანახა, რომ ამ ერთი იდეის გარშემო ყველა ძალა ერთიანდება.

ვოლკერი ასევე ამბობს, რომ ერთობლივ დეკლარაციას ქვეყნის შიგნითაც ექნება პოლიტიკურ პროცესზე გავლენა და ის მოსახლეობას დაანახებს, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია და ამისთვის ქვეყანაში პოლიტიკური თანხმობა არსებობს.

საქართველომ მკაფიოდ წარმოაჩინა, რომ ევროკავშირში და ნატოში გაერთიანება სურს. ეს როგორც მთავრობის ასევე ოპოზიციის სურვილია. მე ვისურვებდი ნატოს მხრიდან უფრო პირდაპირ ჩართულობას საქართველოსთან, რომ ქვეყანა სრულად გაწევრიანდეს ევროპაში.
სენატორი ბენ კარდინი

"საქართველოში ყოველთვის არის დებატები და შეკითხვები იმაზე შედგება თუ არა საქართველო, როგორც ევროპული დემოკრატია. რუსული პროპაგანდა ამ დისკუსიას აღვივებს და ამბობს, რომ საქართველოს სხვა გზა არ აქვს, რომ ქართველები ყველთვის რუსეთზე იქნებიან დამოკიდებული," ამბობს ვოლკერი. ის აქვე დასძენს, რომ "ამ ერთობლივი განცხადებით, ქვეყნის პოლიტიკური ძალები ამბობენ, რომ საქართველოს მომავალ ევროპაშია და მიუხედავად განსხვავებებისა, ისინი ამ მიზნის მისაღწევად ბრძოლას გააგრძელებენ."

სახელისუფლებო და ოპოზიციურ ძალებს შორის ევროპისკენ სწრაფვასთან დაკავშირებით თანხმობაზე ამერიკის სენატორი ბენ კარდინიც საუბრობს. ის ამბობს, რომ მისთვის ცხადია, რომ ევროინტეგრაცია საქართველოს პოლიტიკური ძალებისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია. სენატორს მიაჩნია, რომ ასეთ ერთსულოვნებას ნატოს მხრიდან რეაქცია უნდა მოჰყვეს.

"საქართველომ მკაფიოდ წარმოაჩინა, რომ ევროკავშირში და ნატოში გაერთიანება სურს. ეს როგორც მთავრობის ასევე ოპოზიციის სურვილია. მე ვისურვებდი ნატოს მხრიდან უფრო პირდაპირ ჩართულობას საქართველოსთან, რომ ქვეყანა სრულად გაწევრიანდეს ევროპაში," განაცხადა სენატორმა კარდინმა.

ნატოს ორ დღიანი სამიტი, რომლის ფარგლებშიც საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშივილი ვარშავაში იმყოფებოდა 9 ივლისს დასრულდა.

XS
SM
MD
LG