ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დავოსში ეკონომიკური ფორუმი გაიხსნა


დავოსი, შვეიცარია
დავოსი, შვეიცარია

2 700-ზე მეტი ლიდერი იკრიბება შვეიცარიის ალპურ სოფელ დავოსში, სადაც ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გლობალურ გამოწვევებზე იმსჯელებენ.

შეკრებაში მონაწილეობს 52 სახელმწიფოს მეთაური, წამყვანი ბიზნესების, ფინანსური და კულტურის სექტორის ლიდერები. ფორუმი დღეს იხსნება და მასში ასევე იღებენ მონაწილეობას 130 ქვეყნის ჰუმანიტარები და სამოქალაქო საზოგადოების წევრები. შვეიცარიის არმიის 5 000-ზე მეტი ჯარისკაცია მზადყოფნაში, რათა დავოსის შეხვედრების უსაფრთხოება უზრუნველყონ.

წლევანდელი შეხვედრის თემაა თანამშრომლობა დაყოფილ მსოფლიოში. პანდემიის იზოლაციის პერიოდის შემდეგ, დელეგატები ერთმანეთს პირისპირ პირველად შეხვდებიან. კვირის განმავლობაში ისინი განიხილავენ ისეთ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებს, რომლებიც სასწრაფო ყურადღებას საჭიროებენ.

კლაუს შვაბი, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი და აღმასრულებელი თავმჯდომარე ამბობს, რომ ფორუმი ხელს უწყობს სხვადასხვა პოზიციების დაახლოებას. „[მსოფლიო] დაყოფის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რეალურად თანამშრომლობის ნაკლებობაა. თავის მხრივ, ეს ზრდის საზოგადოებაში ფრაგმენტაციას და კიდევ უფრო იწვევს სარგებელზე ორიენტირებული მოკლევადიანი პოლიტიკის წარმოებას. და ეს ნამდვილად მოჯადოებული წრეა“, - განაცხადა მან.

ფორუმის მმართველი დირექტორი მირაკ დუსეკი ამბობს, რომ მსოფლიო ლიდერებისთვის ეს საშუალებაა, ერთად იმუშაონ ისეთ ურთიერთდაკავშირებულ საკითხებზე, როგორიცაა ენერგია, კლიმატი და ბუნება. „ჩვენ ვაპირებთ დიდი ყურადღება გავამახვილოთ ინფრასტრუქტურაზე. განსაკუთრებით იმაზე, თუ როგორ უზრუნველვყოთ ის, რომ ინვესტიციებმა ინფრასტრუქტურის გარშემო, განსაკუთრებით - სუფთა ინფრასტრუქტურის ირგვლივ ზრდას შეუწყოს ხელი“, - თქვა მან.

შეხვედრას ესწრებიან გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, სამხრეთ კორეის პრეზიდენტი იუნ სუკ-იოლი, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი კირილ რამაფოზა და გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დავოსში არ ჩავა. თუმცა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კლიმატის საკითხებში ჯონ კერი ფორუმს აუცილებლად დაესწრება.

დავოსში მოსალოდნელია უკრაინის მაღალი დონის დელეგაცია. ფორუმის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მათი სახელები უსაფრთხოების მოსაზრებით, არ სახელდება. მათი თქმით, უკრაინის ომთან დაკავშირებით რამდენიმე სხდომა გაიმართება. ფორუმში, ორგანიზატორების თქმით, რუსეთი მონაწილეობას არ მიიღებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG