იარაღით ვაჭრობამ მსოფლიოში არნახულ მასშტაბებს მიაღწია. უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე იარაღით ვაჭრობა ერთი-მეოთხედით გაიზარდა ძირითადად აზიის ქეყნების იმპორტის ხარჯზე.
სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის ინსტიტუტის მონაცემებით განვითარებადმა ქვეყნებმა მიშვნელოვნად გაზარდეს იარაღის იმპორტი, კერძოდ ინდოეთმა 2007 წლიდან 2011 წლამდე 24%-ით გაზარდა იარაღის შესყიდვის დაფინანსება წინა ხუთ წელიწადთან შედარებით.
მსოფლიოში იარაღის ყველაზე დიდი შემსყიდველი ინდოეთია, რომელზეც იარაღის ექსპორტის 10% მოდის. შემდეგ არიან სამხრეთ კორეა 6%, ჩინეთი და პაკისტანი 5-5% და სინგაპური 4%.
შვედური ორგანიზაციის მონაცემებით ინდოეთმა იარაღის იმპორტი უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში 38%-ით გაზარდა წინა წლებთან შედარებით. დელიმ ახლახან შეიძინა რუსული წარმოების 120 სუ-30 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი და 16 მიგ-29 გამანადგურებელი, ასევე 20 ერთეული ბრიტანული იაგუარი.
არც ინდოეთის მეზობელი და მთავარი მეტოქე პაკისტანი იჯდა გულხელდაკრეფილი. ისლამაბადმა ბოლო ხუთი წლის მანძილზე 50 ჩინური ჯი-ეფ-17-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი და 30 ეფ-16 ტიპის გამანდგურებლები შეიძინა შეერთებული შტატებისგან.
სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის ინსტიტუტის ანგარიშის თანახმად 2006-2007 წლებში იარაღის ნომერ პირველი იმპორტიორი მსოფლიოში ჩინეთი იყო, რომელიც ამჟამად მეოთხე ადგილზე გადავიდა, ამ ქვეყანაში თანამედროვე სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის განვითარების გამო. სამაგიეროდ პეკინმა გაზარდა იარაღის ექსპორტი და ამ სფეროში პაკისტანის მთავარი პარტნიორი გახდა.
იარაღის მთავარ მოვაჭრეებად მსოფლიოში კვლავაც ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი რჩებიან. ამ ქვეყნებზე შესაბამისად მსოფლიოში გაყიდული იარაღის 30 და 24% მოდის. იარაღის წამყვანი ექსპორტიორები არიან აგრეთვე გერმანია, საფრანგეთი და ბრიტანეთი.
ამ ხუთ ქვეყანაზე იარაღით საერთაშორისო ვაჭრობის 75%-ი მოდის. ამერიკული იარაღის ექსპორტის ნახევარი აზია-წყნარი ოკეანის სხელმწიფოებზე მოდის. შემდეგ ახლო აღმოსავლეთის და ევროპის ქვეყნები არიან.
2007-11 წლებში შეერთებული შტატების იარაღის 65%-ი საბრძოლო თვითმფრინავებზე მოდიოდა. შარშან საუდის არაბეთმა ამერიკისგან 154 ეფ-15 ტიპის გამანადგურებელ- ბომბდამშენი შეიძინა. ეს, უკანასკნელი 20 წლის მანძილზე მსოფლიოში იარაღით ვაჭრობის სფეროში დადებული ყველაზე დიდი გარიგება იყო.
შვედური ორგანიზაციის მონაცემებით უკანასკნელ წლებში 8%-ით შემცირდა ჩვეულებრივი შეიარაღების შესყიდვა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. მიუხედავად იმისა, რომ მთელი რეგიონი არაბული გაზაფხულის სახელით ცნობილი რევოლუციებით არის მოცული, იარაღის მიწოდება ამ რეგიონის ქვეყნებისთვის უპრობლემოდ მიმდინარეობს.
2011 წელს ბაჰრეინის, ეგვიპტის, ლიბიის, ტუნისის და სირიის მთავრობებმა უცხოეთში ნაყიდი იარაღი მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლების დარბევის მიზნით გამოიყენეს.
სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის ინსტიტუტის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ გაერომ 2011 წელს ემბარგო დააწესა ლიბიაში იარაღის ექსპორტზე. სამაგიეროდ ეგვიპტე წარმატებით აგრძელებს ამერიკისგან თანამედროვე ტანკების შესყიდვას. 2011 წელს ქაირომ აბრამსის ტიპის 45 ტანკი შეისყიდა შეერთებული შტატებისგან და კიდევ 125-ის ყიდვას აპირებს.
შეერთებული შტატების და ევროკავშირის მიერ სირიის წინააღმდეგ შემოღებული ემბარგოს მიუხედავად, მოსკოვი კვლავაც აგრძელებს დამასკოს მომარაგებას იარაღით.
შარშან რუსეთმა ჰაერსაწინაღო რაკეტები და სანაპირო თავდაცვის სისტემები მიყიდა სირიას. ამ გარიგების შედეგად დამასკომ იარაღის ექსპორტი 2007-11 წლებში 580%-ით გაზარდა წინა ხუთ წელიწადთან შედარებით და 68-ე ადგილიდან 33-ზე გადაინაცვლა იარაღით ვაჭრობაში მსოფლიოს მთავარ იმპორტიორებს შორის.