ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შტაინმაიერი კიევს მეტ სამხედრო და ფინანსურ დახმარებას ჰპირდება


გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-უოლტერ შტაინმაიერი პირობას დებს, რომ ბერლინი განაგრძობს უკრაინის დახმარებას, განსაკუთრებით კი საჰაერო თავდაცვის მიმართულებით. პრეზიდენტი კიევს სამშაბათს ეწვია. ეს 24 თებერვლის შემდეგ უკრაინაში მისი პირველი ვიზიტია.

შტაინმაიერი უკრაინაში ჩასვლას აპრილშიც გეგმავდა, თუმცა მაშინ კიევმა მის მასპინძლობაზე უარი თქვა. ამის მიზეზი კი წარსულში რუსეთის მიმართ დასავლეთის მიდგომასთან დაკავშირებით შტაინმაიერის დამოკიდებულებები იყო.

"ჩემი გზავნილი უკრაინელებისთვის ასეთია: ჩვენ არა მხოლოდ ვდგავართ თქვენ გვერდით, არამედ ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო მიმართულებით", - უთხრა კიევში მატარებლით ჩასულმა შტაინმაიერმა ჟურნალისტებს.

ცივი ზამთარი და გერმანია, რუსული მუქარის ფონზე
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:16 0:00

"რაც ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ისაა, რომ დავეხმაროთ უკრაინელების საჰაერო იერიშებისგან დაცვას იმდენად, რამდენადაც შესაძლებელია", - თქვა პრეზიდენტმა და განმარტა, რომ ბოლო თვეებში გერმანია უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების ერთ-ერთ უდიდეს მიმწოდებლად იქცა.

გერმანიის ლიდერმა აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი სამხედრო დახმარებაზე საუბრის გარდა, დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენაში დახმარებასაც გულისხმობს. მათ შორის ენერგო-ობიექტების, წყალგაყვანილობის მილების, გათბობის და იმ სხვა სისტემების შეკეთებას, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ზამთრის დადგომამდე.

შტაინმაიერმა, რომელიც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტსაც იკავებდა, წარსულში "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის მიმართ მხარდაჭერის გამო სინანულიც გამოთქვა. სოციალ-დემოკრატიული პარტიის შტაინმაიერის ფრთა რუსეთთან უფრო მჭიდრო ეკონომიკური კავშირის მომხრე იყო.

XS
SM
MD
LG