ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მერკელი კრიზისებთან გამკლავებას ცდილობს


გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს რეპუტაცია საერთაშორისო ასპარეზზე ბევრისთვის კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. ორშაბათს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ის მსოფლიო ლიდერებს შორის ყველაზე პოპულარულია, მაგრამ შინ მის მიმართ რწმენა შერყეულია.

გერმანული პოლიტიკის "რკინის ლედის" ყველაზე ერთგული მხარდამჭერებიც კი არ არიან დარწმუნებულნი, რომ ის შეძლებს 2021 წლამდე, საკუთარი ვადის დასრულებამდე კანცლერის თანამდებობაზე დარჩენას.

მას შემდეგ, რაც მისმა ქრისტიან-დემოკრატიულმა პარტიამ არც ისე სახარბიელო შედეგები აჩვენა გასულ საპარლამენტო არჩევნებზე, კანცლერი ხან ერთი კრიზისიდან ცდილობს თავის დაღწევას, ხან - მეორიდან.

გასულ თვეში მან საკანონმდებლო ორგანოში მთავარი მოკავშირე დაკარგა. ვოლკერ კაუდერი მერკელის "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა" და მისი ბავარიული მოკავშირე პარტიის "ქრისტიან-სოციალისტების კავშირის" ლიდერი იყო გერმანიის ბუნდესტაგში.

ამის შემდეგ გერმანიის წამყვანმა გაზეთმა კითხვაც კი დასვა იმის შესახებ, შეუძლია თუ არა მერკელს რომ კვლავ იყოს კანცლერი? ქრისტიან-დემოკრატმა კანონმდებლებმა კაუდერი რალფ ბრინკჰაუზით ჩაანაცვლეს, პარტიის ერთ-ერთი ძლიერი ფრაქციის ლიდერით, რომელიც მერკელის ცენტრისტულ და პრო-ევროკავშირულ პოლიტიკას არ ემხრობა. ეს კი იმ დროს, როდესაც ულტრა-მემარჯვენე პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" მოსახლეობის აზრის გამოკითხვებში მმართველი პარტიის შემდეგ პირველია.

ამჟამად მერკელი ახალი რთული გამოწვევის წინაშე დგას. მისი კომპლექსური გადაწყვეტილებაა საჭირო იმისთვის, რომ გერმანიის ქუჩებში დიზელზე მომუშავე, ძლიერი გამონაბოლქვის მქონე მანქანები აღარ დადიოდეს, მეორეს მხრივ კი, მან ეს ისე უნდა გააკეთოს, რომ ხანგრძლივი უთანხმოება დაასრულოს, მოქალაქეების ინტერესები დაიცვას და არც მანქანა-მწარმოებლები, ავტომობილების მფლობელები და მთელი ავტოინდუსტრია გაანაწყენოს. მოლაპარაკებების მთავარი ნაწილი ის იყო, როგორ მოხდება ამ ავტომობილების ჩანაცვლება, მთელი ტვირთი მწარმოებლებს დააწვება და მათ მოუხდებათ მანქანების ჩანაცვლება, თუ მომხმარებლებსაც მოუწევთ გარკვეული პასუხისმგებლობის აღება.

მოახლოებული ადგილობრივი არჩევნების პირობებში ბავარიასა და ჰესში, ეს გადაწყვეტილება ერთ-ერთი საკვანძო შეიძლება აღმოჩნდეს მერკელის მერყევი კოალიციური მთავრობისთვის. განსაკუთრებით კი ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ადგილობრივი წარმომადგენლებისთვის. გასულ კვირას ევროპის საბიუჯეტო კომისიის ხელმძღვანელმა გიუნტერ ოტინგერმა თქვა, რომ მერკელის პოლიტიკური გავლენა სწრაფად მცირდება.

მერკელის პოზიციების შესუსტებას ბევრი ვარაუდობდა, განსაკუთრებით 2015 წლის შემდეგ, საიმიგრაციო პროცესებთან დაკავშირებით "ღია კარის" პოლიტიკის გამო. გამოკითხვების თანახმად, ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო იმისა, რომ გასული წლის სექტემბერში მისმა პარტიამ, წინა წლებთან შედარებით, გაცილებით მცირე უმრავლესობით გაიმარჯვა.

"ჰანდელსბლატ გლობალის" რედაქტორი, ენდრიუ ბალკელეი ამბობს, რომ მერკელის გავლენების შესუსტებას მას მერე ვარაუდობენ, რაც მან მთავრობის მეთაურის პოსტი დაიკავა, თუმცა ის ყოველთვის ახერხებდა კრიზისიდან თავის დაღწევას. მისივე თქმით, მერკელი ასევე ცნობილია წარმატებული კომპრომისული გადაწყვეტილებებით, რაც მას შესაძლოა ამჯერადაც და შემდგომშიც დაეხმაროს. თუმცა მისი მოწინააღმდეგეების აზრით, ახლა მერკელის წინაშე მდგარი გამოწვევები მისი 13-წლიანი მმართველობის პერიოდში ყველაზე კომპლექსურია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG