ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანია: ევროკავშირი რუსეთის "შანტაჟს" არ დაემორჩილება


ანალენა ბერბოკი, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი "რადიო თავისუფლების" ოფისში. პრაღა, 26 ივლისი, 2022 წელი.
ანალენა ბერბოკი, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი "რადიო თავისუფლების" ოფისში. პრაღა, 26 ივლისი, 2022 წელი.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის თქმით, ევროპის კავშირი არ დაემორჩილება მოსკოვის მიერ მოწყობილ „შანტაჟს“, რომელიც რუსული გაზის ევროპაში ექსპორტის შეზღუდვით ხორციელდება. 10-დღიანი წყვეტის შემდეგ, გერმანიაში ბუნებრივი არის ექსპორტის განახლებიდან სულ რამდენიმე დღეში, კრემლის დაქვემდებარებაში მყოფმა რუსული გაზის მთავარმა ექსპორტიორმა „გაზპრომმა“ განაცხადა, რომ მილსადენით „ჩრდილოეთ ნაკადი 1“ გერმანიაში გაზის მიწოდების მოცულობა მეხუთედამდე შემცირდება.

ბერბოკმა სამშაბათს პრაღაში ინტერვიუ მისცა "რადიო თავისუფლებას", სადაც აღნიშნა, რომ რუსეთის ტაქტიკას ევროკავშირში აღიქვამენ, როგორც ბლოკის დაყოფის მორიგ მცდელობას. ბერბოკის თქმით, რუსეთი "ნებისმიერ ხერხს და ხრიკს" მიმართავს ევროპის დასაყოფად.

გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ კრემლის მცდელობა წარუმატებელი იქნება. მისი განცხადებით, ამ ყველაფრის მიუხედავად, გერმანია და ევროპის კავშირი "უეჭველად" გააგრძელებენ რუსეთზე სანქციების დაწესებას. პარალელურად, ევროპის კავშირი თავის მხრივ გააგრძელებს მცდელობებს, რომ რუსული წიაღისეული ენერგიისგან 100 პროცენტით დამოუკიდებელი გახდეს. "ეს რაც შეიძლება სწრაფად" უნდა მოხდეს, თქვა ბერბოკმა "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში.

"გაზპრომი" გერმანიაში ბუნებრივი აირის მიწოდებას დღეიდან გეგმავს. ევროპის კავშირში და გერმანიაში აცხადებენ, რომ ეს ნაბიჯი პოლიტიკურად არის მოტივირებული და რუსული გაზის ნაკადის შემცირების ტექნიკური გამართლება არ არსებობს.

26 ივლისს ევროკავშირის ქვეყნებმა კომპრომისული საგანგებო გეგმა დაამტკიცეს, რომელიც ბუნებრივი აირის შეზღუდულ მოხმარებას ითვალისწინებს. ბლოკის ენერგორესურსების მინისტრები შეთანხმდნენ გეგმაზე, რომელიც თითოეული ქვეყნის მხრიდან გაზის გამოყენებას საშუალოდ 15%-ით ამცირებს. შეზღუდვა ეხება 2022 წლის აგვისტოდან 2023 წლის მარტამდე პერიოდს.

გერმანიის ეკონომიკის მინისტრი რობერტ ჰებეკი ამბობს, რომ ეს შეთანხმება აჩვენებს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს, რომ ევროპა მოსკოვის პირისპირ ერთიანია. "თქვენ ჩვენს დანაწევრებას ვერ შეძლებთ" - თქვა ჰებეკმა. ევროკავშირის ორი ოფიციალური წარმომადგენლის ცნობით, უნგრეთი იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელიც შეთანხმებას ეწინააღმდეგებოდა.

ისედაც ლიმიტირებული იმპორტის ფონზე, ბრიუსელი ევროპის კავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს მაქსიმალურად შეავსონ გაზის მარაგი. ევროკავშირში არ გამორიცხავენ, რომ უკრაინაში დაწყებული ფართომასშტაბიანი ომის გამო დაწესებული სანქციების ფონზე, ზამთარში მოსკოვმა ევროპისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ბუნებრივი აირის ექსპორტი საერთოდ შეწყვიტოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG