ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართველი სტუდენტები შარლოტსვილში მომხდარს აფასებენ


უჩვეულოდ დაიწყება ახალი სასწავლო წელი ვირჯინიის უნივერსიტეტში. შაბათს მსხვერპლით დასრულდა მათ ტერიტორიაზე გამართული ულტრა-მემარჯვენე, თეთრი რასის უპირატესობის მომხრეთა მარში. დაიღუპა ახალგაზრდა ქალი და ორი პოლიციელი, დაშავდა 20-მდე ადამიანი.

რამდენიმე დღეში ათასობით სტუდენტი ჩაუვლის იმ ადგილს შარლოტსვილში და შემდეგ თავისი საერთო საცხოვრებლის ოთახის კარს შეაღებს. თუმცა, შაბათს მომხდარი ტრაგედია სასწავლო პროცესს ხელს ვერ შეუშლის. პირველკურსელები კამპუსზე პარასკევიდან გადავლენ, დანარჩენებისთვის კი ლექციები სამშაბათს, 22 აგვისტოს დაიწყება.

დემონსტრაციისთვის ალბათ საგანგებოდ შეარჩიეს ისეთი დრო, როცა ჩვენი კამპუსი ყველაზე უფრო დაცლილია - ამბობს ნიკა ლომიძე, წარმოშობით ქართველი ვირჯინიის უნივერსიტეტის სტუდენტი. “წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა გაცილებით დიდი დაპირისპირება მომხდარიყო და მსხვერპლიც მეტი იქნებოდა მგონია”. ნიკა ლომიძე ვირჯინიის უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია. აინტერესებს აღმოსავლეთ ევროპის სწავლებები, პოლიტიკა და უცხო ენები. გატაცებულია სპორტით, უნივერსიტეტის ნიჩბოსანთა გუნდშია და ტრავმის მიღებამდე, ერთი წლის მანძილზე საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებშიც თამაშობდა.​

ნიკა ლომიძე
ნიკა ლომიძე

​დაგეგმილი მარშის შესახებ ნიკამ წინა საღამოს შეიტყო, რამდენიმე მეგობარმა ტექსტური შეტყობინება ერთდროულად გამოუგზავნა. ყველას გაგვიკვირდა, ვიცოდით, რომ მსგავსი რამ უნივერსიტეტის ტერიტორიაზე უკანონობა იყოო, ყვება. “თავიდან სერიოზულად არც აღმიქვია, ვერ წარმოვიდგენდი, რომ პარასკევს იქ 200-300 ადამიანი მოიყრიდა თავს და არეულობა დაიწყებოდა. მოგვიანებით, მეგობრებთან ერთად გადავწყვიტეთ მანქანით გარეთ გავსულიყავით, გვაინტერესებდა რა ხდებოდა კამპუსზე. ცენტრისკენ დავიძარით, დავინახეთ ხალხი ანთებული ჩირაღდნებით, ქაოსი იყო, ლოზუნგებს გაყვიროდნენ. ეს ყველაფერი ჯეფერსონის ქუჩაზე, რობერტ ედვარდ ლის ძეგლთან ხდებოდა... ბევრი რამ წამიკითხავს მათზე და ვიცი, რომ ძალიან ხშირად მსგავსი გამოსვლები ძალადობით მთავრდება. ასეც მოხდა” - ყვება ნიკა.

დარწმუნებულია, რომ გამოსვლებში ვირჯინიის უნივერსიტეტის სტუდენტები ნაკლებად მონაწილეობდნენ, არც ქალაქ შარლოტსვილის მოსახლეობა იყო იქ ისე წარმოდგენილი, როგორც ეს გარედან ჩანს. შაბათსაც, გაცილებით ფართომასშტაბიან აქციაზე უფრო ჩამოსული ადამიანები იყვნენ მისული. ნიკა არც კი იცნობს ვირჯინიის უნივერსიტეტის სტუდენტს, რომელიც ულტრა-ნაციონალისტების მარშში მონაწილეობდა. მაგრამ იცის, რომ სტუდენტები ოჰაიოს და ფლორიდის უნივერსიტეტებიდან მრავლად ჩამოვიდნენ. “მათ უამრავი კანონი და რეგულაცია დაარღვიეს. კამპუსზე არც ანთებული ჩირაღდნების ტარების უფლება ჰქონიათ და საერთოდ, არც ამ აქციის მოწყობის. ეს იუნესკოს მიერ აღიარებული მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია, სადაც ძალიან ბევრი რამ კანონით არის აკრძალული” - ამბობს ნიკა.

22 წლის სტუდენტის აზრით, აქციის მონაწილეებს “სიტყვის თავისუფლებას და შეკრების თავისუფლებას არავინ უკრძალავს, მაგრამ ეს მანამ, სანამ საქმე სიძულვილამდე და ძალადობამდე მივა”. მომხდარით ძალიან აღშფოთებულია და ამბობს, რომ ამ უქმეებზე განვითარებული მოვლენები, რომელიც ძალადობით დასრულდა, ჯერ ბოლომდე არ გაუაზრებია და გაუანალიზებია. მისი ორი ნაცნობი საავადმყოფოში მოხვდა, ერთს რესპირატორული პრობლემები აქვს, მეორეს კი მანქანა დაეჯახა და კლინიკიდან ჯერ არ გამოუწერიათ.

საუბრის ბოლოს გვეუბნება, რომ იმას, რაც მათ კამპუსზე მოხდა, უნივერსიტეტის იმიჯთან და მის არსთან არანაირი კავშირი არ აქვს. “ჩვენი უნივერსიტეტი ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი და მოწინავე იდეების მქონეა და მსგავს იდეოლოგიასთან, თუ ქმედებასთან საერთო არაფერი აქვს. ვინც ამას წაიკითხავს, მინდა იცოდეს, რომ ჩვენი ღირებულებები აბსოლუტურად განსხვავებულია და სრულ წინააღმდეგობაშია იმასთან, რაც აქ ამ უქმეებზე მოხდა”.

სოფი სუმბაძემ მარშის შესახებ რამდენიმე თვით ადრე შეიტყო. “თავიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ რობერტ ედვარდ ლის ძეგლის მოხსნა იგეგმებოდა, რითაც პრინციპში, მთელი ეს ისტორია დაიწყო. ივლისში კამპუსზე მომიწია ჩასვლა და მსგავსი მცირერიცხოვანი საპროტესტო აქცია მაშინაც ვნახე. ის კუ-კლუქს კლანის მიმდევრებმა მოაწყვეს. დემონსტრაცია მაშინ უმსხვერპლოდ დასრულდა” - ყვება სოფი. ის ვირჯინიის უნივერსიტეტში ბიზნესის ფაკულტეტის მესამე კურსზე სწავლობს. აინტერესებს გლობალური კომერცია, ფინანსები და მართვის მექანიზმები. რამდენიმე კლუბშია გაერთიანებული, მათ შორის გლობალური ბაზრების და ბავშვთა მენტორების.

სოფი სუმბაძე
სოფი სუმბაძე

რაც შეეხება ამ უქმეებზე მოწყობილ მარშს, მის შესახებ სოფიმ მეგობრის “ფეისბუქის” გვერდიდან გაიგო. ამბობს, რომ მის წრეში ყველა ერთი აზრის იყო. ერთხმად წერდნენ, რომ “სიძულვილის ჯგუფების” მსგავს აქციებს წინ უნდა აღუდგნენ. ისინი აგროვებდნენ ხელმოწერებს, შეადგინეს პეტიციაც. “ძალიან მტკივნეული იყო ეს ამბავი. წარმოუდგენელია, რომ იმ ადგილას, სადაც მე ვცხოვრობ, რომელსაც საკუთარ სახლად მივიჩნევ, ასეთი საშინელება მოხდა. იქ ადამიანს სიცოცხლე მოუსწრაფეს” - ამბობს სოფი.

მისი ახლო მეგობრები, ვინც ზაფხულში კამპუსზე დარჩა, ულტრა-მემარჯვენეების საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობდნენ, დანარჩენები კი სოციალურ ქსელებში აქტიურობდნენ. “ერთად უნდა დავმდგარიყავით ჩვენს შორის მყოფი უმცირესობების გვერდით, რომლებიც მიმდინარე მოვლენების გამო, ალბათ შეშინებულები იყვნენ” - ამბობს სოფი. მან დანარჩენ სტუდენტებთან ერთად ხელი მოაწერა პეტიციას, რომელიც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის რიჩარდ სპენსერისთვის, ვირჯინიის უნივერსიტეტის მიერ 2001 წელს გაცემული ბაკალავრის დიპლომის ჩამორთმევას ითხოვს. სპენსერი თეთრი რასის უპირატესობის მომხრეთა მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერია.

“ჩემთვის რასისტების მიერ მოწყობილი აქცია ამაზრზენია და ამ მოვლენებს მართლა უნდა დაერქვას თავისი სახელი. ეს იყო ადგილობრივი ტერორიზმი... ვირჯინიის უნივერსიტეტი, რომელსაც მე ვიცნობ, ძალიან ტოლერანტული და მრავალფეროვანი სასწავლებელია. ამიტომაც ავირჩიე ის თავის დროზე. ეს დემონსტრაციები ჩვენს ყველა მთავარ ფასეულობასთან წინააღმდეგობაშია” - ამბობს სოფი და კიდევ ერთხელ გამოხატავს აღშფოთებას იმით, რომ შესაძლოა, მის გვერდით მყოფი რასობრივი, თუ სხვა უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტები, თავს დაუცველად გრძნობდნენ.

სოფი დარწმუნებულია, რომ “სიძულვილის ენა სიტყვის თავისუფლების ნაწილი ვერასოდეს იქნება” და როგორც არ უნდა ეცადონ, ამერიკაში “რასიზმს პატრიოტიზმად ვერასოდეს გაყიდიან, რადგან ეს არის ქვეყანა, რომლის ფუნდამენტიც მრავალი ეროვნების, კულტურის და რასის წარმომადგენლებზე დგას”. საუბრის ბოლოს კი ამბობს: “იმედი მაქვს კი არა, ზუსტად ვიცი, რომ ამ მოვლენის წინააღმდეგ ყველანი გავერთიანდებით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მსგავსი რამ აღარასოდეს განმეორდეს, არც ჩვენთან, სახლში და არც სხვაგან... არამარტო ვირჯინიის უნივერსიტეტი, არამედ მთელი ამერიკა უნდა გაერთიანდეს და გარკვევით თქვას, რომ ჩვენ არასოდეს დავუშვებთ თეთრკანიანთა ნაციონალიზმს, სიძულვილის ჯგუფებს და რასიზმს ჩვენს ქვეყანაში”.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG