ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მმართველობის როგორ მოდელს აირჩევს საქართველო?


თბილისში დაწყებულია დისკუსიები იმის თაობაზე, თუ რა გზით აირჩევა საქართველოს მომავალი პრეზიდენტი

”დღეს სრულიად არააქტუალური და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის არმქონე თემა გახლავთ საპრეზიდენტო არჩევნები. ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ამ თემის გააქტუალურება ძალიან სწრაფად მოინდომა. ვფიქრობ, წარუმატებლად”, - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი:
” განსხვავებული დამოკიდებულება მაქვს საპრეზიდენტო მმართველობის პირობებში პრეზიდენტის და საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტის პერსონის მიმართ. ისევე, როგორც ჩემთვის ძნელი წარმოსადგენია ირაკლი ალასანია როგორც საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტი, ასევე ვახთანგ ხმალაძე როგორც საპრეზიდენტო სისტემის პრეზიდენტი. მაგრამ მიმაჩნია, რომ სულაც არ იქნება საჭირო მაინცდამაინც პოლიტიკოსი იყოს საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტი. ჩემი აზრით რაც უფრო თავისუფალი იქნება ახალი პრეზიდენტი პოლიტიკური გავლენებისგან და ვალდებულებებისგან რომელიმე საკუთარი პარტიის მიმართ, მით უფრო წარმატებული იქნება მისი საქმიანობა. უფრო მეტიც, მაინტერესებს ახალ კონსტიტუციაში, რომელიც პრაქტიკულად მიხეილ სააკაშვილმა თავის დროზე საკუთარ თავზე მოირგო, გვაქვს ასეთი ჩანაწერი , რომ ქვეყნის პრეზიდენტს, რომელსაც უკვე შეკვეცილი აქვს პრეზიდენტის უფლებები, სამომავლოდ არ ექნება უფლება იყოს რომელიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერი. გაავრცელებს თუ არა დღევანდელი პარლამენტი ასეთ შეზღუდვას საპარლამენტო რესპუბლიკის შემთხვევაში პრემიერ-მინისტრზე? ვნახოთ, არც ისეთი დიდი დროა აქამდე დარჩენილი..”.
თბილისში დაწყებულია დისკუსიები იმის თაობაზე, თუ რა გზით აირჩევა საქართველოს მომავალი პრეზიდენტი. არჩევნების გზით თუ მას პარლამენტი დაამტკიცებს. და არა მხოლოდ პრეზიდენტის არჩევის საკითხი განიხილება, არამედ მიმდინარეობს მსჯელობა, მმართველობის როგორ მოდელს აირჩევს ქვეყანა, საპრეზიდენტო მმართველობას თუ საპარლამენტო რესუბლიკის გზას აირჩევს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ვახტანგ ხმალაძის აზრით უკეთესი იქნება, თუ საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკის მმართველობაზე გადავა.
” ჩვენ ნათქვამი გვაქვს, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაზე უნდა გადავიდეთ, სადაც იშვიათი გამონაკლისის შემთხვევაში პრეზიდენტი პირდაპირი გზით არ აირჩევა. ასეთ კლასიკურ საპარლამენტო რესპუბლიკაში მას აკისრია არბიტრის ფუნქცია, რომელიც თვალყურს ადევნებს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებების აღსრულებას. ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტს არ შეუძლია ჰქონდეს ქვეყნის განვითარებისთვის პროგრამა, ვინაიდან ის ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას არ წარმოადგენს”.
საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი თვლის და როგორც თავად აცხადებს ყოველთვის თვლიდა, რომ საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელი საქართველოსთვის საუკეათესო არ არის:
” სამწუხაროდ საქართველოში ეს საკითხი არასდროს გამხდარა სერიოზული მსჯეობის საგანი. არც ყოფილა ხალხისთვის ახსნილი თუ რას გულისხმობს საპარლამენტო წყობა, ან რა არის საპრეზიდენტო მმართველობის უარყოფითი მხარეები. ჩვენ ვმსჯელობთ საპრეზიდენტო მოდელზე სააკაშვილის მაგალითზე (რაც იყო სინამდვილეში საბჭოთა ტიპის დიქტატურა და არა ჭეშმარიტი საპრეზიდენტო წყობა). ხოლო საპარლამენტო მოდელზე ვმსჯელობთ კლიშეებით ან კიდევ პირველი რესპუბლიკის მითით. მაგრამ ცოტამ იცის, თუ რა მახინჯ ფორმებს იღებს ზოგჯერ საპარლამენტო წყობა. როცა არც ძლიერი პარტიები არსებობს და არც ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები და პარტიული დაპირისპირების არეალი ხდება ქვეყანა.
საპარლამენტო მმართველობას ზოგი პარტიები მხარს უჭერენ არა სერიოზული ქართული კონსტიტუციური ისტორიისა და ტრადიციების საფუძველზე, არამედ იმიტომ, რომ ისეთი პოპულარობით აღჭურვილი ლიდერი არ ჰყავთ, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შემთხვევაში გამარჯვების იმედს აძლევდეთ”.
საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულოს გამგეობის თავმჯდომარე ქალბატონი ია ბაგრატიონ-მუხრანელი ამბობს, რომ საქართველომ დამოუკიდებლობის მიღებისთანავე საპრეზიდენტო ინსტიტუცია აირჩია, რომელმაც მისივე აზრით არ გაამართლა:
”რაც შეეხება ამჟამინდელ დებატებს, მე მომხრე ვარ საპარლამენტო რესპუბლიკის. უნდა ჩატარდეს ალბათ რეფერენდუმი, უნდა გადავიდეთ.. სულ სხვა წყობა იქნება საპარლამენტო რესპუბლიკის შემთხვევაში. ჩვენ, თავად-აზნაურთა საკრებულოს ვგულისხმობ, ალბათ უნდა დავსვათ საკითხი კონსტიტუციური მონარქიის თაობაზე.
რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია?! ამის შესახებ ძალიან გასაგებად და ბრძნულად ბრძანა ჩვენმა პატრიარქმა ჯერ კიდევ 2007 წელს - მეფე მეფობს და არა მართავს. მართავს დემოკრატიულად არჩეული პარლამენტიც. მეფე არის ზნეობის, სიკეთის, ერის, გენეტიკური კოდის, კულტურის მატარებელი და სტაბილურობის გარანტი. ის იქნება ზეპარტიული პიროვნება, რომელსაც არ აინტერესებს არც სიმდიდრე, არც პრეზიდენტის სასახლე, არც მილიარდები და მილიონები რომ ჩაიდოს ჯიბეში. არამედ ამ ქვეყნის, ამ მიწის განვითარება აინტერესებს. აინტერესებს კულტურა, მეცნიერება, როგორც დიდ ბრიტანეთში. ყველაფერი საუკეთესო არის როიალისტური, როიალ-აკადემია, როიალ-თეატრი და ა.შ.
ე.ი. სამეფო არის საუკეთესო და ისევ ხალხს უბრუნდება”.
XS
SM
MD
LG