ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ღარიბაშვილი აგვისტოს ომზე: "ამ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა"


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 8 აგვისტოს ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა რუსეთ-საქართველოს ომის მე-15 წლისთავს. პრემიერი განცხადებაში მიუთითებს რუსული სამხედრო აგრესიის შედეგებზე.

„15 წელი შესრულდა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან; დღევანდელი დღე ყველა ჩვენგანისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს - რუსულ სამხედრო აგრესიას მოჰყვა დიდი ადამიანური მსხვერპლი, მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებითი გადაადგილება და ჩვენი ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია, რაც ჯერაც მთავარ გამოწვევად რჩება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და შემდგომი განვითარებისთვის.

დღეს კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს ომში დაღუპული ჩვენი გმირი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ნათელ ხსოვნას.

ჩვენი ხელისუფლება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ქვეყნის გაერთიანების მშვიდობიანი გზის ერთგული რჩება; ჩვენ გვამოძრავებს ურყევი რწმენა, რომ მშვიდობიანი, ერთიანი, ძლიერი, განვითარებული საქართველო - საუკეთესო პერსპექტივაა ქართველების, ოსების, აფხაზების, ჩვენს მიწაზე მცხოვრები ყველა ხალხისათვის, და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ეს მიზანი მალე იქცეს რეალობად", - ვკითხულობთ პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

მოგვიანებით, აგვისტოს ომზე, მან გმირთა მემორიალს გვირგვინით შემკობის შემდეგ ისაუბრა და განაცხადა, რომ ომის თავიდან არიდება შეიძლებოდა.

"ამ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა. ვიცი რა ეს ინფორმაცია, რაც ხდებოდა და როგორც ვითარდებოდა მოვლენები, მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა გამოიჩინა ყოფილმა მთავარსარდალმა", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მან კიდევ ერთხელ გააკრიტიკა, მიხეილ სააკაშვილის მთავრობა ომთან დაკავშირებით.

"ყოფილმა მთავარსარდალმა იმ ფონზე, როცა ჩვენმა გმირებმა, ჩვენმა გმირმა სამხედროებმა აჩვენეს უდიდესი გმირობა, თავგანწირვა, უამრავი გმირობის მაგალითი დაუტოვეს ჩვენს ხალხს და ჩვენს მომავალ თაობას, მაშინ ჩვენ ვნახეთ ყველაზე სამარცხვინოდ მოქცეული ყოფილი მთავარსარდალი. გახსოვთ ჰალსტუხის ღეჭვა, გაქცეული თვითმფრინავის ხმის გამო, წაქცეული, გართხმული და ძალიან დიდი სირცხვილი ჭამა და ნახა მთელმა საზოგადოებამ და მთელმა მსოფლიომ, საუბედუროდ", - თქვა მან.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, "ჩვენ მშვიდობით, ჩვენი სწორი, ჭკვიანური, პრაგმატული პოლიტიკით უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები."

მას ჟურნალისტმა დაუსვა დამაზუსტებელი კითხვა, როგორ შეიძლებოდა ომის თავიდან არიდება, რასაც პრემიერ-მინისტრმა ასე უპასუხა:

7 აგვისტოს 15 წელი შესრულდა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს 5-დღიანი ომის დაწყებიდან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG