ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირაკლი ღარიბაშვილი დუბაიში შარლ მიშელს შეხვდა


შარლ მიშელი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი
შარლ მიშელი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

1 დეკემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაეროს კლიმატის ცვლილების 28-ე კონფერენციის ფარგლებში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდა. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და რეფორმების დღის წესრიგი განიხილეს.

ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა. „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ორგანიზებული 28-ე კონფერენციის ფარგლებში, კლიმატის ცვლილებებთან გამკლავების თემატიკაზე ნაყოფიერი საუბარი მქონდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან. მადლობელი ვარ შარლ მიშელის მხარდაჭერისთვის და მოუთმენლად, თავდაჯერებით ველი დეკემბერში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონიჭებას!”, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

იმავე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ევროპული საბჭოს პრეზიდენტიც.

"კვლავ ძლიერია საქართველოს ერთგულება ევროკავშირის გზაზე და მეც კიდევ ერთხელ დავუდასტურე ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ევროკავშირის ერთგულება საქართველოს მიმართ.

ევროკავშირი მიესალმება საქართველოს მიმდინარე ძალისხმევას რეფორმების დღის წესრიგისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში წინსვლის მისაღწევად, რათა ქართველი ხალხის ინტერესებში აუციელბელი ნაბიჯები გადაიდგას“, - წერს შარლ მიშელი.

8 ნოემბერს, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცხადა, რომ ევროკომისია გამოდის რეკომენდაციით, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი - იმ დათქმით, რომ ქვეყანა გარკვეულ რეფორმებს განახორციელებს.

ევროკომისიის მიერ რეკომენდაციის გაცემის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო დეკემბერში მიიღებს. ამ რეკომენდაციას ევროკავშირის წევრმა 27-ვე ქვეყანამ უნდა დაუჭიროს მხარი.

2022 წლის 28 თებერვალს რუსეთთან ომში მყოფმა უკრაინამ ევროკავშირის წევრობის განაცხადი წარადგინა. 3 მარტს იგივე გააკეთეს საქართველომ და მოლდოვამ.

2022 წლის ივნისში ევროკავშირმა უკრაინას და მოლდოვას მიანიჭა წევრობის კანდიდატის სტატუსი და მოლაპარაკების დასაწყებად შესასრულებელი პირობები განუსაზღვრა, ხოლო საქართველოს - ევროპული პერსპექტივა.

დღეს, 1 დეკემბერს კონფერენციის მონაწილეებმა ჯგუფური ფოტო გადაიღეს. ბელარუსის ავტორიტარი ლიდერის ალექსანდრ ლუკაშენკოს მონაწილეობის გამო, ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ, ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩმა და პოლონეთის პრეზიდენტმა ანჟეი დუდამ უარი განაცხადეს ჯგუფური ფოტოს გადაღებაზე.

„ფარისმსევლობა იქნებოდა სახელმწიფოს მეთაურთან გვერდში დგომა, რომელიც რუსეთის აგრესიის პლაცდარმი გახდა უკრაინის წინააღმდეგ, და მსოფლიოს მომავალი და კლიმატის ცვლილების განხილვა, თითქოს არაფერი მომხდარა. ბელარუსისა და რუსეთის ხელისუფლება პასუხისმგებელია იმაზე, რაც უკრაინაში ხდება - დაწყებული ადამიანთა სიკვდილით, გარემოზე კატასტროფული ზემოქმედებით დამთავრებული“, - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა მედიასთან კომენტარში.

გიტანას ნაუსედამ დასძინა, რომ საერთაშორისო ღონისძიებებზე ასეთ ფოტოებს ოჯახურ ფოტოებს უწოდებენ: „ლუკაშენკა არ ეკუთვნის იმ ოჯახს, რომელსაც ჩვენ გვინდა ვეკუთვნოდეთ“.

30 ნოემბერს დუბაიში დაიწყო გაეროს კლიმატის ცვლილების ორკვირიანი სამიტი, რომელშიც 140-ზე მეტი ქვეყნის ლიდერის მონაწილეობს.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG