38 წლის კოტე ვარძელაშვილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავჯდომარის მოადგილე პირველი ქართველი გახდა, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის (ORCHR) წევრად აირჩიეს. ნიუ იორკში გაეროს შტაბ-ბინაში, გამართულ კენჭისყრაში 167 შესაძლებლიდან ვარძელაშვილმა 133 ხმა მიიღო და 18 ექსპერტისგან შემდგარი კომიტეტის წევრი გახდა ქართველმა კანდიდატმა კენჭისყრაში ყველაზე მეტი ხმა დააგროვა.
გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი დამოუკიდებელ ექსპერტთა ორგანოა, რომელიც გაეროს წევრი სახელმწიფოების მიერ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ 1966 წლის საერთაშორისო პაქტის შესრულებას უწევს ზედამხედველობას.
ვარძელაშვილი ადამიანის უფლებათა კომიტეტში სამი წლის ვადით იქნა არჩეული, იგი უფლებამოსილების შესრულებას 2013 წლიდან შეუდგება. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ კოტე ვარძელაშვილის არჩევასთან დაკავშირებით კერძოდ განაცხადა:
„ნიუ იორკში ჩატარდა კენჭისყა, სადაც ჩვენი კანდიდატი გვყავდა წარდგენილი ადამიანის უფლებათა კომიტეტში ასარჩევად. ეს იყო კოტე ვარძელაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავჯდომარის მოადგილე. მან 167 ქვეყნის წარმომადგენლიდან ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა 133 მოაგროვა.
იგი კომიტეტში 2013-2016 წლებში იმუშავებს. კომიტეტის სხვა ახალი წევრები ასევე გახდნენ: გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ისრაელის, ალჟირის, ეგვიპტის, არგენტინის, მავრიკეთის და კოსტა რიკის წარმომადგენლები.“
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები რეგულარულად წარუდგენენ კომიტეტს ანგარიშებს ქვეყანაში პაქტით გათვალისწინებული უფლებების დაცვის თაობაზე. კომიტეტი სწავლობს პაქტზე მიერთებული სახელმწიფოთა წარდგენილ მოხსენებებს და შესწავლის შემდეგ ზოგადი ხასიათის შენიშვნებს უგზავნის. კომიტეტს ასევე შეუძლია საკუთარი შენიშვნები გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოს გადაუგზავნოს.
საქართველოში საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ 1994 წლის 3 აგვისტოდან მოქმედებს. მოქალაქეებს ასევე შეუძლიათ ინდივიდუალური საჩივრის შეტანა კომიტეტში მათი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით. ასეთი უფლებით უკვე ისარგებლა ქართული ოპოზიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა და ჯერ კიდევ ივნისის ბოლოს შეიტანა საჩივარი გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში.
რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი ივანიშვილის საჩივართან დაკავშირებით ამბობს:
„ჩვენი საჩივარი განპირობებულია იმით, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მოქალაქეობის უკანონო ჩამორთმევით და ნატურალიზაციის წესით მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმით დაარღვია საქართველოს მიერ საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებები, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პაქტი, რომელიც პირდაპირ და ცალსახად იცავს ადამიანის პოლიტიკურ უფლებებს.
სამართალწარმოების ვადის გაწელვა ერთადერთ მიზანს ემსახურება რომ ოქტომბრამდე ვერ მოესწროს საქართველოში სამართალწარმოების დასრულება და შესაბამისად ჩვენ არ მოგვეცეს შესაძლებლობა რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ჩარევით მივიღოთ გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილისთის მოქალაქეობის აღდგენისა და მის მიერ პოლიტიკური უფლებებით სარგებლობის შესახებ.
სწორედ ამიტომ ჩვენ წარვადგინეთ დასაბუთებული საჩივარი გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში. იქ ჩვენი მთავარი არგუმენტი, გარდა იმისა რაც მოხდა, ეფუძნება ვადების პრინციპს და ჩვენ ვითხოვთ გაეროს ადამიანის უფლებების კომიტეტისგან დაუყოვნებლი რეაგირებას რათა რეკომენდაცია გაუწიოს საქართველოს მთავრობას ივანიშვილის სასამართლოწარმოების სწრაფად დასრულების და მისთვის სრულფასოვანი პოლიტიკური უფლებებით სარგებლობის დაბრუნების შესახებ.“
კოტე ვარძელაშვილი პრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლებაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სახელისუფლებო ჯგუფის წარმომადგენელია. ისევე როგორც გიგა ბოკერია, ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, გიგი უგულავა და გივი თარგამაძე ვარძელაშვილიც არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფლების ინსტიტუტის“ კადრია, სადაც 1998-1999 წლებში ადამიანის უფლებების დაცვის, იურიდიული განათლების და მედიის განვითარების პროგრამის ხელმძღვანელად მუშაობდა.
ვარდების რევოლუციის შემდეგ, ვარძელაშვილი იუსტიციის მინისტრის მოადგილე გახდა. 2006 წლიდან, პრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანებით ჯერ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად, შემდეგ კი თავჯდომარის მოადგილედ და პირველი კოლეგიის თავჯდომარედ დაინიშნა.