არჩევნების შემდეგ შექმნილმა ახალმა პოლიტიკურმა რეალობამ გავლენა რეგიონებში მცხოვრებთა შეხედულებებსა და ცხოვრების წესზეც მოახდინა. მაგალითად, დევნილების ჩასახლებებში არსებულ შიშის ფაქტორის თაობაზე ახლა თავად დევნილები საუბრობენ. ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონის მცხოვრებლები კი, უკეთესი მომავლის დადგომას ელიან.
გიორგი ღონღაძე დევნილია. მისმა ოჯახმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საცხოვრებელი კეხვში დატოვა და მას შემდეგ გორთან, კარალეთის დევნილთა ჩასახლებაში ცხოვრობს. ჩვენ მას გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვითში ვესაუბრეთ - კონფლიქტის ზონის სოფელში, რომელიც ცხინვალს უშუალოდ ესაზღვრება. გიორგი იქ პაპის ოჯახს სტუმრობს და შემოდგომის პირზე მოსავლის აღებაში ეხმარება. ჩვენი ახალგაზრდა რესპოდენტი გვეუბნება, რომ საზოგადოების განწყობა, როგორც დევნილთა ჩასახლებაში, ასევე კონფლიქტისპირა სოფლებში არჩევნების შემდგომ ოპტიმისტურია.
„ტელევიზიებიდან იციან, რომ შესაძლოა გაიაფდეს საწვავი, რაც სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის უაღრესად საჭირო წინაპირობაა, ასევე საუბარია მედიკამენტების გაიაფებასა და პენსიების ზრდაზე. აქ ხალხს ძალიან უჭირს, ამიტომ ამგვარი ცნობები ახარებთ. დევნილთა ჩასახლებაში, არჩევნებამდე დაძაბულობა, რა თქმა უნდა, იგრძნობოდა. ზოგს ეშინოდა, რომ კოტეჯს წაართმევდნენ, ზოგი გარდაბანში გადასახლების მუქარით ფრთხილობდა. ახლა ასეთ რამეებს აღარ ახსენებენ,“ - ამბობს გიორგი ღონღაძე ჩვენთან საუბრისას.
სტუდენტი იზა კასრაძე 2008 წლის შემდეგ ქემერტიდან დევნილია და ახლა თბილისში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში სწავლობს სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე. ისიც, გიორგის მსგავსად მიიჩნევს, რომ ცხოვრება უკეთესი გახდება.
„არ მჯერა, რომ რომელიმე ხელისუფლებას სურდეს ადამიანების ცხოვრება იმაზე უარესი გახადოს, რაც აქამდე იყო ან შეეცადოს კრიმინალების მოყვანას სხვადასხვა თანამდებობაზე. კრიმინოგენული ვითარების შესაძლო გაუარესებაზე საუბარიც გაზვიადებული მგონია,“ - ამბობს იზა კასრაძე.
სასიკეთო ცვლილებებს შიდა ქართლის კონფლიქტის ზონის სოფლებში მცხოვრებლებიც ელიან. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცის ერთ-ერთი მკვიდრი იმის შესახებ გვესაუბრება, რომ ახლა თავს გაცილებით უშიშრად გრძნობენ და მოსავლის ასაღებად თუ საძოვრის გამოსაყენებლად თავისუფლად მიდიან. კონფლიქტის ზონის მცხოვრებლები უსაფრთხოდ ყოფნის შეგრძნების ზრდას, პოლიტიკურ ფაქტორთან ერთად, კონკრეტულ შემთხვევებსაც უკავშირებენ. ისინი საუბრობენ იმის თაობაზე, რომ არჩევნებამდე ორიოდე დღით ადრე ადგილობრივი პოლიციისა და რუსული სამხედროების დიდი შეკრება გაიმართა. ამგვარი შეხვედრის შესახებ განცხადება არჩევნებამდე ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემაც გააკეთა, თუმცა კონფლიქტის ზონის მცხოვრებლები გვარწმუნებენ, რომ ფაქტი, რომელზეც არეშიძე საუბრობდა პირველი იყო, რომელსაც გაცილებით მასშტაბური მეორე შეხვედრა მოჰყვა.
„მაგიდები და სკამებიც კი თვითონ მოიტანეს რუსებმა. აქ ყველაფერი გადაკეტეს, ალბათ იმიტომ, რომ ვერავის გადაეღო ეს ამბავი. მას შემდეგ ოსებმაც შემოგვითვალეს, არაფრის გეშინოდეთო. ხალხს უკეთესის იმედი აქვს. სამუშაოდაც ისეთ ადგილებში მივდივართ, ჩვენსავე ნაკვეთებში, სადაც ადრე შესვლას ვერ ვბედავდით. ამას წინათ ჩემი თვალით დავინახე, მწყემსთან ახლოს გაიარეს რუსებმა მანქანით და არც კი გამოლაპარაკებიან. ადრე, აუცილებლად ცხინვალის ციხეში გადაიყვანდნენ, ასე რომ ვინმე დაენახათ. რამდენიმე ადამიანი, ვინც ზონდერ დაჯგუფებაში მუშაობდა და ხელფასს იღებდა, ჩვენს სოფელშიც ცხოვრობს, ოღონდ ახლა სახლებიდან ვერ გამოდიან სირცხვილით. ჩვენ შემოგვითვალეს, დავივიწყოთ რაც იყო და ახალი ცხოვრება დავიწყოთ, ჩვენ მაინც ჩვენი თავის პატრონები ჩვენვე უნდა ვიყოთ და სხვა არავინ მოგვხედავსო. რა უნდა ვუპასუხოთ? ჩვენ ხომ თავიდანვე ვიცოდით, რომ დაპირისპირებით არაფერი გამოვიდოდა?" - ამბობს დიცის მკვიდრი.
ახალი პოლიტიკური რეალობა ხვალ გაცილებით კონკრეტულ კონტურებს შეიძენს, როდესაც არჩევნებში გამარჯვებული კოალიციის - „ქართული ოცნების“ ლიდერი დილის 11 საათზე მინისტრთა კაბინეტის წევრებს დაასახელებს.