თავად ჟურნალისტი ნოდარ სხირტლაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ოსი ეროვნების ზარდიაანთკარელებს ჟურნალისტებთან ურთიერთობისას პრობლემა არ ჰქონიათ და ახლადმოხარშულ ლუდზეც გულითადად მიიპატიჟეს. ნოდარ სხირტლაძე: „მათ უბრალოდ ეშნოდათ ქართული პოლიციის. ხალხი მეუბნებოდა, რომ პოლიცია ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე შევიდა. საპირისპიროს ამბობს, რა თქმა უნდა, ქართული პოლიცია. მაგრამ მოსახლეობას ეშინია. ამბობენ, თუ გვიწევს საგუშაგოს გადაკვეთა, ამას ვერ ვაკეთებთ, რადგან უსაფრთხოების გარანტია არ გვაქვს, არ ვიცით რას გვიზამს ქართული პოლიციაო. მე, რა თქმა უნდა ვკითხე, თუ იყო ცუდი მოპყრობის ფაქტები–თქო და მიპასუხეს, რომ ამგვარი რამ არ ყოფილა, მაგრამ მაინც ეშინიათ.“
ზარდიაამთკარიდან დევნილი მოსახლეობა მეოთხე წელია საბავშვო ბაღებში რომ ცხოვრობს, ახლა იმას ელის, როდის აღადგენს მათ სახლებს სახელმწიფო ზარდიაანთკარში, რომ დაბრუნება შეძლონ. ზვიად თაზიაშვილი ერთ–ერთი მათგანია. ჩვენთან საუბრისას იგი აცხადებს, რომ ამ დროისთვის სოფელში შესვლა შესაძლებელი გახდა, თუმცა ამის გაკეთებას აზრი მანამ არ აქვს, სანამ იქ საცხოვრებლები არ მოწესრიგდება. ზვიად თაზიაშვილი იმასაც ამბობს, რომ ორი, ეთნიკურად ოსი ეროვნების ოჯახი ზარდიაანთკარიდან მართლაც აიყარა და დე–ფაქტო ადმინისტრაციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადავიდა.
„შესვლას კი ვახერხებთ, მაგრამ იქ ყველაფერი დანგრეულია და ცხოვრების არანაირი საშუალება არ არსებობს. ჩემი სახლიც გაძარცვულია, დამტვრეული, თეფში და კოვზიც წაღებულია. ამბობენ, მივხედავთ, ყველაფერს გავაკეთებთო. საფრთხე, საგუშაგოს გასხნის შემდეგ არ არის. ხალხი სახლების აღდგენას ელოდება, რომ ელემენტარული საცხოვრებელი პირობები შეიქმენას. სადაც საგუშაგო დადგა, დაახლოებით 30 მეტრში ორი ოსი ეროვნების ოჯახი ცხოვრობდა და ისინი გაიხიზნენ. არ აწყობდათ ქართველები რომ თითქმის მათი კარის წინ ყოფილიყვნენ. ქართველებმა საკთხი დაუსვეს: ან აქეთ იყავით ან იქით, პასპორტებსაც დაგირიგებთ და ყველანაირი სოციალური შეღავათითაც ისარგებლებთო, მაგრამ, მათ არ აწყობდათ. სასმელი და სარწყავი წლის საკითხი როგორ იქნება, არ ვიცით. ერთადერთი გზაა მხოლოდ, რომ წყალი ოსების მხრიდან წამოვიდეს და რა იქნება, არ ვიცი. ბოძებიც აუტანიათ, შუქიც გაუყვანიათ, ამბობენ გალამაზდება სოფელიო“,– ამბობს ზვიად თაზიაშვილი.
ამ დროისთვის ზარდიაანთკარში მოსახლეობის დაბრუნების პროცესი არ დაწყებულა. ქართული საგუშაგო სოფლის ცენტრშია განთავსებული და პირობით ხაზს ავლებს ეთნიკური ქართველებითა და ოსებით დასახლებულ ნაწილებს შორის.