ფინანსთა მინისტრი სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ადეკვატურ რეაგირებას პირდება.მიმდინარე წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული 162 მილიონი ლარი ”ბოლო გაჩერება არ არის”, აცხადებს ფინანსთა მინისტრი.
25 ივლისს პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე ერთხმად სტიქიით განპირობებული საბიუჯეტო ცვლილებების პროექტი დაამტკიცა. პროექტის თანახმად წელს ერთჯერადად შეიქმნება სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის ფონდი 50 მილიონი ლარის ოდენობით, რომელსაც პრემიერი ვანო მერაბიშვილი განკარგავს. ამ ფონდიდან დაფინანსდება მოსახლეობის დაზიანებული სახლების რეაბილიტაცია, დაზარალებული მოსახლეობის საკვები პროდუქტებით მომარაგება, კომპენსაციის გაცემა მიწის მფლობელთათვის . მთავრობის დახმარების პაკეტი ასევე მოიცავს სტიქიით დაზარალებულთა საბანკო კრედიტების 1 წლით გადავადებას. ბიუჯეტის პროექტის თანახმად 2.1 მლნ.ლარი სპეციალური ტრანსფერის სახით დამატებით გამოეყოფათ კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებს.
ფინანსთა მინისტრმა ბიძინა ივანიშვილის მიერ ბიუჯეტში 80 მლნ. ლარის გადარიცხვასთან დაკავშირებით აღნიშნა. რომ ”ქართული ოცნების” ლიდერის მიერ გადარიცხული 80 მლნ. ლარი არის ჯარიმა, რომელიც შემოვა ბიუჯეტში, შემდეგ, წლის ბოლოს ეს თანხა გაიწერება იმ ასიგნებებში, რომელსაც საქართველოს მთავრობა მიიღებს. კითხვაზე, დაიხარჯება თუ არა ივანიშვილის მიერ ბიუჯეტში ჩარიცხული 80 მლნ. ლარი კახეთში მომხდარი სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაზე, გვინდაძე პასუხობს, რომ ბიუჯეტს საკმარისი რესურსი გააჩნია და რომ მთავრობა ჯარიმებზე დამოკიდებული არ არის.
მაია ფანჯიკიძის, კოალიცია ”ქართული ოცნების” პრესსპიკერის განცხადებით კოალიციამ სტიქიით დაზარალებულებისთვის დასახმარებლად შექმნა გამოყოფილი თანხების მონიტორინგის ჯგუფები, რომლებიც დაზარალებულ რეგიონებში კოალიციის მაჟორიტარ კანდიდატებით დაკომპლექტდა. მაია ფანჯიკიძის თქმით ამ ჯგუფებს ექნებათ მოსახლეობასთან ყოველდღიური კავშირი და თუ ვინმე კომპენსაციას არ მიიღებს, ინფორმაციას ეს ადამიანები ”ქართული ოცნების” მონიტორინგის ჯგუფებს მიაწოდებენ.მაია ფანჯიკიძემ ბრიფინგზე 80 მლნ. ლარის გადარიცხვის დოკუმენტაცია წარადგინა:
” ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს ბიუჯეტში გადარიცხა 80 მლნ.ლარი, რომელიც უნდა მოხმარდეს სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის კომპენსაციას. ეს არის გადარიცხვის ფურცლები, რომელიც შეგიძლიათ ნახოთ.. ეს არის გაკეთებული მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ მოსახლეობამ იცოდეს, რომ ბიუჯეტს გაუჩნდა დაუგეგმავი 80 მლნ.ლარი. რაც იმას ნიშნავს, რომ კომპენსაციის გაცემა შეიძლება დაიწყოს დღესვე, შეძლება დაიწყოს ხვალვე. რადგანაც მოსახლეობას აქვს ძალიან დიდი ზარალი, მას არ აქვს საშუალება თავი გაიტანონ ამ ზარალის გამო, მათ ეკუთვნით ძალიან მაღალი კომპენსაცია. ძალიან ხშირ შემთხვევაში ბევრად იმაზე მაღალი, ვიდრე მათ მთავრობა პირდება."
გუშინ საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც თბილისის მერთან გიგი უგულავასთან ერთად თელავში გახსნა სკვერი .თელაველმა მარტოხელა დედამ დაუსვა კითხვა: კითხეთ ჩემს 5 წლის შვილს სკვერი ურჩევნია თუ ჭერი. ქალბატონის თქმით 8 ღამე ჭერის გარეშე წვიმის შიშში გაატარეს.მიხეილ სააკაშვილი ქალაბატონს და კერძოდ თელაველებს დაპირდა, რომ არცერთი შენობა რეაბილიტაციის გარეშე არ დარჩება:
” მინდა ამ ქალბატონს და ყველას გავცე პასუხი, სადაც არ მივსულვართ. დიახ, კახეთში ჯერ კიდევ მესამედში სახლებში არ მივსულვართ. ყველგან მივალთ, ყველა დაზარალებულს შევხვდებით. მაგრამ ქალბატონმა თქვა სკვერების დრო არ არისო... სკვერების დროც არის, სახლების დროც არის, აღმშენებლობის დროც არის, გალამაზების დროც არის, ყველაფრის დრო არის და ნუ ვილაპარაკებთ რომ რამე არ შენდება. თელავს სჭირდება სახურავები, მაგარი ეზოებით, მაგარი კორპუსებით,მაგარი საგანმანათებლო დაწესებულებით, თელავი უნდა გახდეს სანიმუშო ქალაქი, გვირგვინი ქართული აღმშენებლობის!”
პრეზიდენტის განცხადებით, კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების სტუდენტები წელს სწავლის გადასახადისგან გათავისუფლდებიან.მისივე თქმით უახლოეს დღეებში 1 500-ლარიანი კომპენსაციების დარიგებაც დაიწყება.
საქართველოს პრეზიდენტმა კახეთში პირად წარმომადგენლად ლევან ბეჟაშვილი დანიშნა, რომელმაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა 23 ივლისს დატოვა, მოტივად კახეთის რეგიონს სთიქიით მიყენებული ზარალის დაძლევაში დახმარების სურვილი დაასახელა. ლევან ბეჟაშვილი კახეთის აღდგენის შტაბს და იმ სამუშაო ჯგუფს უხელმძღვანელებს, რომელიც სტიქიის შედეგების აღმოფხვრის ღონისძიებებს ახორციელებს.