ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვინ დგას საგურამოს აღკვეთილი ტერაქტის უკან?


მარჯვნიდან: ბექა ბექაური და მინდია ვაშაყმაძე -კავკასიური ალიანსის" წევრები
მარჯვნიდან: ბექა ბექაური და მინდია ვაშაყმაძე -კავკასიური ალიანსის" წევრები

იმ დაკავებულთა შორის, რომლებსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) გუშინ ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალურ გაზსადენზე, ტერორისტული აქტის მომზადებაში დასდო ბრალი, ორი, „კავკასიური ალიანსის“ წევრია.

ეს არასამთავრობო ორგანიზაცია 2016 წლის აპრილში დაფუძნდა და მისი მიზანი, წესდების მიხედვით, „კავკასიის მოსახლეობაში სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, სამართლებრივი და ზნეობრივი თვითშეგნების ამაღლებაა.“

მინდია ვაშაყმაძე
მინდია ვაშაყმაძე

დაკავებულია „კავკასიური ალიანსის“ თავჯდომარე 23 წლის მინდია ვაშაყმაძე, აღმსარებლობით მუსლიმი, რომელიც აჭარელი ეკომიგრანტის ოჯახში, წალკის რაიონის სოფელ გუმბათში დაიბადა. ვაშაყმაძე მიუთითებს, რომ განათლება გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტსა და რიზეს შავი ზღვის ტექნიკურ უნივერსიტეტში მიიღო.

სასტიკად ნაცემი 26 წლის ბექა ბექაური, რომელსაც გუშინ თავის ქალაზე ოპერაცია გაუკეთდა, „კავკასიური ალიანსის“ დამფუძნებელი და გამგეობის წევრია. სუს-ის მტკიცებით, ბექაურმა, რომელმაც უკვე აღიარა დანაშაული, მძიმე ტრავმები გაქცევის დროს მიიღო. ამ მოსაზრებას კატეგორიულად არ ეთანხმება დაკავებულის დეიდა მზია სუბელიანი:

არ ვიცი, რა ჩვენების მიღება უნდოდათ, ფაქტია, სანამ თავი არ გაუტეხეს და ხელი არ მოტეხეს თავი არ დაანებეს. გამომძიებელს უთქვამს, დიდხანს მხნედ იდგაო და მერე ყველაფერი თავის თავზე აიღოო.“
მზია სუბელიანი, დაკავებული ბექა ბექაურის დეიდა

„არ ვიცი, რა ჩვენების მიღება უნდოდათ, ფაქტია, სანამ თავი არ გაუტეხეს და ხელი არ მოტეხეს თავი არ დაანებეს. გამომძიებელს უთქვამს, დიდხანს მხნედ იდგაო და მერე ყველაფერი თავის თავზე აიღოო.“

სუს-მა საზოგადოებას გუშინ ამცნო, რომ სოფელ საგურამოსთან, სპეცოპერაციის შედეგად, ხუთკაციანი ტერორისტული ჯგუფი დააკავა, რომელიც რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელ, ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალურ გაზსადენის აფეთქებას გეგმავდა. სპეცსამსახურის ცნობით, ამოღებულია დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილი, დეტონატორები და ამფეთქის მუხტები.

მარცხნივ: ჯაბა მელქაძე
მარცხნივ: ჯაბა მელქაძე

მინდია ვაშაყმაძისა და ბექა ბექაურის გარდა, საგურამოში ასევე დააკავეს ნური ჭკადუა, ჯაბა მელქაძე და ვლადიმერ რუხაძე. ცალკე აიყვანეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელი ლევან მამფორია, რომელსაც „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება“ ბრალდება და ირაკლი ბაღიშვილი, იგი „დანაშაულის შეუტყობინებლობის“ ფაქტზეა დაკავებული.

ლევან მამფორია
ლევან მამფორია

35 წლის ირაკლი ბაღიშვილი, გალის რაიონის სოფელ მუხურიდან დევნილია, რომელიც უკვე წლებია თბილისში, ზღვის დასახლებაში ცხოვრობს. იგი ვლადიმერ რუხაძესთან ერთად, უკრაინაში მებრძოლ „ქართულ ლეგიონთან“ დაახლოებული პირია. არშემდგარი ტერაქტის შესაძლო დამკვეთზე საუბრისას, სუს-ის განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელმა სავლე მოთიაშვილმა სწორედ ამ გარემოებას გაუსვა ხაზი:

გამოძიების ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული ხშირად ჩადიოდა უკრაინაში, თუმცა, ეს დანაშაულებრივი ჯგუფი იმართებოდა თუ არა ამ ქვეყნიდან ჯერჯერობით დაუდგენელია.“
სავლე მოთიაშვილი, სუს-ის გამომძიებელი

„გამოძიების ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული ხშირად ჩადიოდა უკრაინაში, თუმცა, ეს დანაშაულებრივი ჯგუფი იმართებოდა თუ არა ამ ქვეყნიდან ჯერჯერობით დაუდგენელია.“

მთავარი პროკურატურა ამ დრომდე არ ასახელებს ტერაქტის დამკვეთს. გამოძიების ინფორმაციით, ჯგუფის წევრებმა ერთმანეთი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გაიცნეს და ასე დაახლოვდნენ.

ირაკლი ბაღიშვილი
ირაკლი ბაღიშვილი

​ჟინვალი-შატილის გზის მახლობლად, ტყეში გადამალული იარაღის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია კი ჯგუფს, სუს-ის მტკიცებით, „უცნობმა პირმა“ შეატყობინა. ადგილზე გასულები ისინი სუს-მა დააკავა, რომელიც, ადვოკატთა თქმით, მათ ტელეფონებს „უკანონოდ უსმენდა“ და "პირად ინტერნეტ სივრცეს აკონტროლებდა". ვინ იყო ის „უცნობი პირი“ ან საიდან გაჩნდა ასაფეთქებელი ნივთიერება მდინარე არაგვთან, სამალავში, ამ დრომდე არ კონკრეტდება.

არც საქართველოში უკრაინის საელჩოში და არც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამ თემაზე კომენტარი არ გაკეთებულა. უკომენტაროდ დატოვა ბრალდება თბილისიდან, ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმაც.

უკრაინის სამთავარობო ძალებთან ერთად მებრძოლ „ქართული ლეგიონის“ წარმომადგენლებმა საგურამოს არშემდგარ ტერაქტთან ყოველგვარი კავშირი უარყვეს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სუს-ის ბრალდებას „აბსურდული“, ხოლო „ტერაქტის შესაძლო დაგეგვმაში“ მეგობარი სახელმწიფოს უკრაინის დადანაშაულებას - „უხერხული“ უწოდა.

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანიას აზრით, გამოძიება ვალდებულია სწრაფად უპასუხოს კითვას თუ ვინ იდგა ამ ჯგუფისა და არშემდგარი ტერაქტის უკან, რათა საზოგადოებაში დამატებითი შეკითხვები არ გაჩნდეს.

გამოძიება ვალდებულია სწრაფად უპასუხოს კითხვას თუ ვინ იდგა ამ ჯგუფისა და არშემდგარი ტერაქტის უკან, რათა საზოგადოებაში დამატებითი შეკითხვები არ გაჩნდეს“.
ირაკლი ალასანია, თავისუფალი დემოკრატების ლიდერი

საგურამოში აღკვეთილი ტერაქტის სამქეზე შვიდივე ბრალდებულს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. წინასასამართლო სხდომა 10 ოქტომბერს გაიმართება. შვიდიდან ექვსი დაკავებული ბრალს არ აღიარებს, ბრალდებულმა ვლადიმერ რუხაძემ კი პროტესტის ნიშნად უვადო შიმშილობა დაიწყო.

XS
SM
MD
LG