ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

15 ქართველი მეორე ახალ წელსაც ტყვეობაში შეხვდება


სომალიში დატყვევებული ქართველი მეზღვაურები
სომალიში დატყვევებული ქართველი მეზღვაურები

15 ქართველი და სამი თურქი მეზღვაური მეორე ახალ წელსაც ტყვეობაში შეხვდებიან. ეს ინფორმაცია დატყვევებული მეზღვაურების ოჯახების წევრებმა აჭარის მთავრობის მეთაურის ლევან ვარშალომიძის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ზურაბ ბერიძესთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს.

შეხვედრა ბათუმში გაიმართა და მასში ათენიდან საბერძნეთში საქართველოს ელჩი ირაკლი თავართქილაძეც მონაწილეობდა. ელჩმა მეზღვაურების ოჯახის წევრებს აცნობა, რომ მეკობრეებთან მოლაპარაკება ისევ მიდის, თუმცა მეზღვაურების გათავისუფლება ახალ წლამდე ვერ მოესწრება.

მალტის დროშის ქვეშ მცურავი საბერძნეთის ტანკერი „ოლიბ ჯი“ სომალელმა მეკობრეებმა 2010 წლის 8 სექტემბერს ადენის ყურეში დაატყვევეს. ტანკერის 18 კაციანი ეკიპაჟი უკვე 462-ე დღეა ტყვეობაშია.

დატყვევებული მეზღვაურების თემურ ვარშანიძის დედა ლია ბოლქვაძე და თემურ ბედინაძის მეუღლე ნაირა ხალვაში „ამერიკის ხმასთან“ ბათუმში გამართული შეხვედრის დეტალებს იხსენებენ.

ლია ბოლქვაძე: „მოლაპარაკება შედგა ინგლისშიო გვითხრეს. ჩვენ შევეხვეწეთ, საახალწლოდ თუ მოხერხდება რომ მეზღვაურები საკუთარ სახლებში შეხვდნენ, მაგრამ არაო, საახალწლოდ ვერანაირად ვერ მოესწრებაო“

ნაირა ხალვაში: „გვითხრეს, რომ ლონდონში წასული იყო ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი კარბელაშვილი, ჩვენ ტრადიციულად შეგვხდა ზურაბ ბერიძე, ხოლო ათენიდან ტელეფონით ჩაგვერთო ელჩი ირაკლი თავართქილაძე. ტექსტიც ტრადიციული იყო - ვმუშაობთ, მოლაპარაკება მიდის, ეს ადვილი საქმე არ არის, ამას დრო უნდაო.

მე ვთხოვე თავართქილაძეს პირადად, რომ დამალაპარაკეთ ჩემი მეუღლე. თუ ცოცხალია, მხოლოდ მისი ხმის გაგონების შემდეგ დავიჯერებ, ვიდეოკადრების არ მჯერა, ეს ახალი კადრები არ არის მეთქი. ვეძებ ავადმყოფ ქმარს, ოჯახის მარჩენალს, სრულიად უდანაშაულოს. მინდა რომ გემზე მსხვერპლი არ იყოს და არ დამეღუპოს, როგორც ჩემი ქმარი ისე სხვა ბიჭები.“

2011 წლის ნოემბრის მეორე ნახევარში, ლონდონში საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის IMO 27-ე ანსამბლეა გაიმართა, სადაც ეკონომიკის მინისტრმა ვერა ქობალიამ დატყვევებული ქართველი მეზღვაურების შესახებაც ისაუბრა. სავარაუდოდ, სწორედ ამ ღონისძიების პარალელურად გაიმართა გიორგი კარბელაშვილის შეხვედრებიც, გემთმფლობელის მიერ აყვანილ ინგლისელ ადვოკატთან.

უცნობია, ამჟამად რა ოდენობის თანხაზე მიდის მეკობრეებთან ვაჭრობა, ბოლოს სომალელები გამოსასყიდის სახით 9 მილიონ ამერიკულ დოლარს ითხოვდნენ. ტანკერი „ოლიბ ჯი“ ისევ ცენტრალური სომალის არაღიარებული სეპარატისტული ანკლავის მუდუქის პატარა ქალაქ ჰარარდჰერეს სანაპიროსთან დგას.

„ამერიკის ხმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ მას შემდეგ რაც მეკობრეებმა დატყვევებული მეზღვაურების ფოტოსურათები და ვიდეოკადრები გაავრცელეს, ტყვეებს სახლში დარეკვის უფლებაც მისცეს. 2011 წლის აპრილის შემდეგ, ხუთმა ქართველმა მეზღვაურმა საქართველოში პირველად დარეკა. მათ შორის იყო დავით დევაძე, საკრუინგო კომპანია „გრინვიჩის“ მეპატრონის სერგო დევაძის ვაჟი

„გველაპარაკა და კარგად ვარო, ყველანი კარგად ვართო. თევზს ვიჭერთო, რაღაც საკვებს მეკობრეებიც გვაძლევენო და ნორმალურად ვართო. იმ პირობებში, რომელშიც არიან ნორმალურად ვართო.

ჩვენ მოლაპარაკებების შესახებ არაფერს გვეუბნებიან, ინგლისელი ადვოკატი გვეუბნება რომ ვმუშაობთო. გათავისუფლების თარიღებზე აღარ არის საუბარი, ყველა დეტალი კონფიდენციალურია და არ არის საჭირო მისი გახმაურება.“

დიამეტრალურად განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს, „ოლიბ ჯის“ კაპიტნის პირველი თანაშემწის შალვა ვერძაძის მეუღლე ნათელა ვერძაძე. „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ის ამბობს, რომ მეკობრეებისთვის გამოსასყიდი თანხა უკვე გადახდილია, დარჩენილია ტექნიკური დეტალები და ახალი წლის შემდეგ, ქართველი მეზღვაურები საქართველოში ჩამოვლენ. ნათელა ვერძაძემ კერძოდ გვითხრა:

„მთავრობა არ ამბობს ამას ღიად, მაგრამ რაც სიმართლეა იმას გეუბნებით. ინგლისში იყო სადაზღვევო კომპანიების თათბირი, ვისთანაც ჰქონდა გემთმფლობელს ურთიერთობა, შეგროვდა ეს თანხა რასაც ითხოვდნენ სომალელი მეკობრეები და მგონი ნაწილი უკვე გადარიცხულიც უნდა იყოს.

განთავისუფლებაზე კი ის ითქვა, რომ ახალი წლისთვის უნდოდათ, მაგრამ ტექნიკური ხასიათის პრობლემებია მოსაგვარებელი, ამიტომ ვერ ახერხებენ და იანვრისთვის აუცილებლად იქნებიან სახლშიო. ყველანი კარგად არიანო.

მთავრობა იმიტომ არ ახმაურებს ამ ახალ ამბავს, რომ ერთხელ თქვეს და არ გამოვიდა და ახლა აღარ უნდათ წინასწარ საუბარი, ალბათ რამე შეფერხება რომ მოხდეს იმის გამო.“

„ამერიკის ხმამ“ ამ ინფორმაციის გადამოწმება შესაბამის უწყებებში სცადა, თუმცა საბერძნეთში საქართველოს საელჩოში, საგარეო საქმეთა სამინისტროში, აჭარის მთავრობასა და საზღვაო ტრასპორტის სააგენტოში კომენტარზე ახალი ინფორმაციის არქონის მიზეზით უარი განაცხადეს.

ტანკერ „ოლიბ ჯის“ დატყვევებული ეკიპაჟის სია

მემედ ზაქარაძე (63 წლის), შალვა ვერძაძე (62), თემურ ბედინაძე (63), თემურ მახარაძე (62), ანზორ ფართენაძე (52), დავით დევაძე (25), ზურაბ შერვაშიძე (28), გიორგი სირაძე (32), ჯაბა ქარჩავა (25), ნუკრი ჯიჯავაძე (37), ირაკლი ჯიქიძე (27), თემურ ვარშანიძე (28), ასლან დემურაძე (27), ჯიმშერ ასანიძე (31), გენადი ტიმოფეევი (26) - (ყველა საქართველო). იაკუბ ოზთურქი (32), ფუათ ოზჩელიქი (34), მუსტაფა არიცოღლუ (37) - (სამივე თურქეთი)

XS
SM
MD
LG