ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს მთავრობა რუსეთისგან საპასუხო ნაბიჯს ელის


ივანიშვილმა ხაზი გაუსვა „ნატო"-სკენ სვლის უალტერნატივობას საქართველოსთვის უსაფრთხოების თვალსაზრისით

პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა, დღეს, საზოგადოებას კიდევ ერთი ახალი კადრი წარუდგინა, რომელიც რუსეთთან ურთირთობების საკითხებზე იმუშავებს. ამ ნაბიჯით ივანიშვილი ელის, რომ რუსეთისგან ადექვატურ პასუხს მიიღებს. „ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი ამით არ იცვლება, ჩვენ ვცდილობთ ავიდეთ ურთითობების სხვა, უფრო მაღალ საფეხურზე," - ამბობს ივანიშვილი. რაც შეეხება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას რუსეთთან, ივანიშვილი ამბობს, რომ ეს შეუძლებელია მანამ, სანამ რუსეთის ფედერაციის საელჩოები ფუნქციონირებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.

„რუსეთთან ურთიერთობისთვის სპეციალური პოსტის შემოღებით, ჩვენ ვდგამთ პირველ ნაბიჯს, რათა ვაჩვენოთ, [რომ] ჩვენ მზად ვართ, დავიწყოთ ახალი ფურცლიდან ურთიერთობები. ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი, რა თქმა უნდა, უცვლელი დარჩება, თუმცა, ეს უფრო მაღალი ფორმატია. ესაა პირველი ნაბიჯი. ვნახოთ, რა მოჰყვება მას რუსეთის მხრიდან. ჩვენ ვაცნობიერთებთ, რომ ეს არ იქნება იოლი პროცესი, გახსნილია საელჩოები აფხაზეთისა და ოსეთის ტერიტორიაზე. ამდენად დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენით ვერ დავიწყებთ დიალოგს. თუმცა, შესაძლებელია დღის წესრიგში სავაჭრო და კულტურული ურთიერთობების აღდგენის დაყენება,“ - ამბობს ივანიშვილი.

წარდგენისას მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი „ნატო"-სკენ სვლის უალტერნატივობას საქართველოსთვის უსაფრთხოების თვალსაზრისით. ზურაბ აბაშიძეს დიპლომატიაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. პრემიერ მინისტრმა კანცელარიაში ზურაბ აბაშიძის წარდგენისას განაცხადა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთირთობები 2008 წლამდეც შეწყვეტილი იყო, რასაც დაერთო გაუაზრებელი ომი, რის შემდეგაც დღემდე მდგომარეობა არ შეცვლილა.

„რუსეთში ბევრი ჩვენი მოქალაქე ცხოვრობს, ჩვენი კულტურები ახლოს დგას ერთმანეთთან, ეს იმის იმედს იძლევა, რომ მოვახრხებთ ურთიერთობების დარეგულირებას,“ - ამბობს ივანიშვილი.

ზურაბ აბაშიძემ საკუთარი როლის შესახებ საუბრისას განაცხადა:

„კარგად მესმის, რა რთულ და პრობლემურ საკითხთან მექნება ურთიერთობა. ჩვენი ამოცანაა, შევქმნათ ურთიერთობის, კომუნიკაციის, დიალოგის ახალი, დამოუკიდებელი არხი. საქართველოს მთავრობის ამ ნაბიჯზე რუსეთიც გააკეთებს რეაქციას და გადადგამს შესაბამის ნაბიჯს. პოლიტიკური დიალოგის ახალი ფორმატი უნდა იყოს ორ ქვეყანას შორის პრობლემების განხილვა და მათი ეტაპობრივი მოწესრიგება, კეთილმეზობლური ურთიერთობების ჩამოყალიბება. ჩვენი მიზანია ჩამოვაყალიბოთ რუსეთთან პროგნოზირებადი, პრაგმატული, სამართლიანი ურთიერთობა. ვიმუშაოთ ერთობლივი გამოწვევების წინააღმდგეგ კოორდინირებულ ქმედებაზე."

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გოკა გაბაშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ საქართველოს აქვს რუსეთთან ურთიერთობა ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში. იგი წარმატებებს უსურვებს ზურაბ აბაშიძეს, თუმცა, იმასაც დასძენს, რომ ახალი მთავრობის ოპტიმისტური განწყობები რუსეთთან ურთიერთობების შესაძლებლობის თაობაზე გამოწვეულია ან რეალური ვითარების ზედმიწევნით კარგად არ ცოდნით ან გულუბრყვილობით.

საქართველოს ახალი მთავრობა საპასუხო ნაბიჯს ახლა უკვე რუსეთის ფედერაციისგან ელის.
XS
SM
MD
LG