რუსულმა საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს ორი მოქალაქე, მამა-შვილი არჩიკო და პაატა როგავები, „საოკუპაციო ხაზის დარღვევისთვის“ გუშინ ციხეში გაუშვა. 60 წლის მამა დრანდის ციხეში - 2 წელს, 26 წლის შვილი კი 2 წელიწადს და 2 თვეს გაატარებს, თუ საქართველოს ხელისუფლებამ მათი დახსნა მომავალშიც ვერ შეძლო.
როგავები სოფელ რიყის მაცხოვრებლები არიან. რიყე - ზუგდიდიდან 8 კილომეტში მდებარეობს, სოფელს ოკუპირებულ გალის რაიონთან მდინარე ენგური ჰყოფს. მიმდინარე წლის, 5 აპრილს, მამა-შვილს ენგურთან ცხენი გაექცათ, ძებნის დროს კი ისინი რუსმა ოკუპანტებმა შეიპყრეს.
როგავების ოჯახის წევრები ამბობენ, რომ რუსებმა მამა-შვილი საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს. მამის დაკავების მომენტში პაატა როგავამ ოკუპანტებს წინააღმდეგობა გაუწია, მათ ქვები ესროლა. რუსებმა ორივეს სასტიკად სცემეს და გალის იზოლატორში გადაიყვანეს. 5 აპრილის შემდეგ როგავები დატყვევებულები არიან.
გატაცებულთა მეუღლე და დედა ნანული ჭოჭუა ამბობს, რომ ოკუპირებული აფხაზეთიდან გუშინ ტელეფონით დაუკავშირდნენ და „განაჩენის“ შესახებ აცნობეს:
ჩვენ გვითხრეს, ასე დაამტკიცეს, რომ - ჩემს ქმარს 2 წელი მიუსაჯეს, ჩემს შვილს კი მისცეს 2 წელი და 2 თვე“ნანული ჭოჭუა, გატაცებულთა მეუღლე და დედა
„ჩვენ გვითხრეს, ასე დაამტკიცეს, რომ ჩემს ქმარს 2 წელი მიუსაჯეს, ჩემს შვილს კი მისცეს 2 წელი და 2 თვე.“
იმ დროს, როცა არარსებული დანაშაულისთვის, რუსულ-აფხაზური „სამართალი“ ეთნიკურ ქართველებს ციხეში აგზავნის, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, თავისუფლად ცხოვრობს ადამიანი, რომელიც განზრახ მკვლელობისთვის, ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება.
29 წლის აფხაზმა „მებაჟემ“ რაშიდ კანჯი ოღლიმ 2016 წლის 17 მაისს, სოფელ ხურჩაში, ზედ, საოკუპაციო ხაზზე, საქართველოს მოქალაქე, ორი შვილის მამა, 31 წლის გიგა ოთხოზორია, ათეულობით ადამიანის თვალწინ, უკიდურესი სიძულვილითა და ცინიზმით, რამდენიმე გასროლით მოკლა.
2016 წლის 25 დეკემბერს, ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ კანჯი ოღლის დაუსწრებლად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საოკუპაციო რეჟიმს მკვლელი არც კი დაუკავებია. მათ ფორმალურად აღძრული სს საქმე, 2017 წლის 21 აპრილს „დანაშაულის ნიშნების არარსებობის“ გამო შეწყვიტეს.
კანჯი ოღლი უპრობლემოდ გადაადგილდება, როგორც ოკუპირებული აფხაზეთის, ისე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. მოსკოვი მის დაკავებასა და გადმოცემაზე უარს აცხადებს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელი კახა ქემოკლიძე ამბობს, რომ ოფიციალური თბილისი კვლავაც კატეგორიულად ითხოვს გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში მსჯავრდებული პირის გადმოცემას და უკანონოდ დაკავებული მამა-შვილი როგავების უპირობო განთავისუფლებას.
ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ მამა-შვილი როგავების გათავისუფლებას მოვახერხებთ. ზოგადად მათი დაკავება ერთი მთლიანი უკანონობა იყო და აუცილებელია მათი უპირობო გათავისუფლება“კახა ქემოკლიძე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
„ამ საქმის ლოგიკური გაგრძელება ამ დრომდე არ მომხდარა, არ მოხდა მკვლელობაში მსჯავრდებული პირის კანჯი ოღლის დაკავება. ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციებს და პარტნიორ ქვეყნებსაც შევახსენეთ, რომ აუცილებელია ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტი ყურადღებით ვიმუშაოთ.
რაც შეეხება მამა-შვილ როგავებს, ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ მათ გათავისუფლებას მოვახერხებთ. ზოგადად მათი დაკავება ერთი მთლიანი უკანონობა იყო და აუცილებელია მათი უპირობო გათავისუფლება.“
რუსული „სამართალი“ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სრულიად სხვაგვარია, როცა საქმე რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშულს ეხება.
2017 წლის 11 ივლისს, ოკუპირებულ გუდაუთის რაიონში, მდინარე ააფსთას ხეობაში, შეიარაღებული ყაჩაღები მოსკოველ ტურისტებს დაესხნენ თავს, რომელთა შორის ორი ქალი და ოთხი მცირეწლოვანი ბავშვი იყო. მათ 33 წლის ანდრეი კაბანოვი დანით აჩეხეს და მიიმალნენ.
რუსეთის მოქალაქის მკვლელობის გამო სისხლის სამართლის საქმე, მეორე დღესვე, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა აღძრა, ხოლო დამნაშავეების შეპყროპის მასშტაბურ ოპერაციაში, რუსეთის საოკუპაციო ძალების ვერტმფრენებიც იყო ჩართული.
საბოლოოდ, სოფელ აბღარხუქის მკვიდრი, აფხაზი ძმები დაურ და ადღურ ჯინჯოლიები 13 ივლისს დააკავეს. მოსკოვმა აფხაზებს მოკლულის ოჯახისთვის 500 000 რუბლი (20 000 ლარი) გადაახდევინა და უკვე მოითხოვა, რომ მკვლელობაში ბრალდებულები მაქსიმალურად მკაცრად დაისაჯონ.
მოსკოვი მეორე დღეა ასევე კატეგორიულად ითხოვს, რომ სასწრაფოდ დააკავონ ყაჩაღები, რომლებიც 31 ივლისს, ოკუპირებულ გუდაუთასთან ახლოს, ახალსოფელში, რუსეთის მოქალაქე ბიკოვეცების ოჯახს დაესხნენ თავს და ფულის გამოძალვის მიზნით, დიასახლისი გაცხელებული უთოთი აწამეს.
ამ ფონზე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ სოხუმს, 8 აგვისტოს, შესაძლოა, რუსული „სამართლის“ და „რუსული სამყაროს“ (Русский Мир) მთავარი შემოქმედი რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ეწვიოს.
P.S დღესვე, გორის რაიონის სოფელ ფლავისმანიდან რუსმა ოკუპანტებმა ორი მწყემსი გაიტაცეს