ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

Covid-19-ით საქართველოში მეორე ქალი დაიღუპა


ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში Covid-19-ით ინფიცირებული მე-2 პაციენტი გარდაიცვალა. 81 წლის ქალიც თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დაიღუპა. კორონავირუსის დიაგნოზით პაციენტი თავდაპირველად თბილისის ზღვის ჰოსპიტალში მოხვდა, მდგომარეობის დამძიმების შემდეგ, 3 აპრილს, საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, თანხმლები დაავადებების სირთულის გამო მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა ლევან რატიანმა აღნიშნა, რომ პაციენტის მდგომარეობა უკვე სიცოცხლისთვის შეუთავსებელი იყო:

ამ პაციენტის მდგომარეობის უკიდურესად დამძიმება ნებისმიერ ვირუსს შეეძლო, გადატანილი ჰქონდა მიოკარდიუმის ინფარქტი, ჰქონდა გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, კორონავირუსის გამო განვითარებული იყო კრიტიკული, ორმხრივი მწვავე პნევმონია, სეფსისი, მწვავე რესპირატორიული დისტრეს სინდრომი"
ლევან რატიანი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი


„ამ პაციენტის მდგომარეობის უკიდურესად დამძიმება ნებისმიერ ვირუსს შეეძლო. გადატანილი ჰქონდა მიოკარდიუმის ინფარქტი, ჰქონდა გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, კორონავირუსის გამო განვითარებული იყო კრიტიკული, ორმხრივი მწვავე პნევმონია, სეფსისი, მწვავე რესპირატორიული დისტრეს სინდრომი“ - აღნიშნა ექიმმა რატიანმა.

თბილისის ზღვის ჰოსპიტლის ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალი ასაკიდან გამომდინარე საკუთარ ბინაზე, თვითიზოლაციაში, შვილთან და შვილიშვილთან ერთად იმყოფებოდა. მისი დაინფიცირების წყარო ბოლომდე დადგენილი არ არის. ამ დროისთვის შვილიშვილი ტესტის პასუხს ელის და თვითიზოლაციაში რჩება.

საქართველოში Covid-19-ით პირველი პაციენტი გუშინ 4 აპრილს, დილით დაიღუპა. გარდაცვლილი 79 წლის ქალბატონი, ასევე თანმხლები უმძიმესი დაავადებებით, სოფელ ქვემო ბოლნისიდან იყო. ისიც თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დაიღუპა.

5 აპრილის, 14 საათის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 170 გახდა. 36 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ორი კი გარდაიცვალა.

ამჟამად 4 პაციენტი მართვით სუნთქვაზეა, 5067 ადამიანი საკარანტინო რეჟიმში რჩება, 330 კი სტაციონარული დაკვირვების ქვეშაა. საზღვარგარეთ, ახალი ვირუსით საქართველოს ხუთი მოქალაქე დაიღუპა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG