ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

Covid-19-ით ბოლნისის მკვიდრი ქალი გარდაიცვალა


საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან მე-40 დღეს, Covid-19-ით პირველი პაციენტი დაიღუპა. გარდაცვლილი 79 წლის ქალი სოფელ ქვემო ბოლნისიდან იყო, ეს სოფელი ბოლნისიდან 6 კმ-ის მოშორებით მდებარეობს. ბოლნისი და მარნეული კორონავირუსის უკონტროლო გავრცელების გამო 23 მარტიდან ჩაკეტილია.

ის, რომ ქალბატონს შესაძლოა Covid-19 ჰქონოდა, პირველი ეჭვი კარდაკარ შემოვლისას სოფლის ექიმს ია გოგიძეს გაუჩნდა. ქალბატონი ჯერ მარნეულის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, შემდეგ თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც დიაგნოზი დადასტურდა.

ლაბორატორიულად დადასტურებული Covid-19-ის გარდა, პაციენტს ჰქონდა თანმხლები მძიმე დაავადებები, მათ შორის კახექსია - ორგანიზმის გამოფიტვა და დაუძლურება. ამის გამო ქალბატონი თავიდანვე კრიტიკულ მდგომარეობაში იყო და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, გარდაცვლილი ქალბატონის გარშემო ინფიცირებლთა ჯგუფი სრულად არის ცნობილი:

გარდაცვლილ ქალბატონს კონტაქტი ჰქონდა ადამიანებთან, რომლებიც საქართველოში რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან შემოვიდნენ. ისინი ბოლნისის ამ სოფელში სარიტუალო სუფრაზეც ერთად იყვნენ და შემდეგ რელიგიური დღესასწულის დროსაც. ქალბატონს ვირუსი მისმა ნათესავმა გადასდო. ჯაჭვი ინფექციის განვითარებისა ჩვენთვის სრულად ცნობილია"
ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი


„გარდაცვლილ ქალბატონს კონტაქტი ჰქონდა ადამიანებთან, რომლებიც საქართველოში რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან შემოვიდნენ. ისინი ბოლნისის ამ სოფელში სარიტუალო სუფრაზეც ერთად იყვნენ და შემდეგ რელიგიური დღესასწულის დროსაც. ქალბატონს ვირუსი მისმა ნათესავმა გადასდო. ჯაჭვი ინფექციის განვითარებისა ჩვენთვის სრულად ცნობილია, აქ 5 დაინფიცირებული ადამიანი გვყავს. ქალბატონის გარდაცვალება დაფიქსირდა დღეს დილით. ძირითადი დიაგნოზი იყო Covid-19 და მწვავე პნევმონია” – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმერთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გარდაცვლილის ოჯახს უკვე მიეცა კონკრეტული რეკომენდაცია, რომ ცხედარი 72 საათის განმავლობაში დაიკრძალოს, პანაშვიდის და სარიტუალო სუფრის გარეშე.

“Covid 19-ით დაინფიცირებული პაციენტის გარდაცვალების შემდეგ, სპეციალურად დამუშავებული ცხედარი თავსდება სპეციალურ ჩანთაში, ეს ჩანთა შემდეგ ხვდება სამედიცინო დაწესებულებების დროებითი დაყოვნების სივრცეში, უკეთდება შესაბამისი ნიშანი.

აქ ხდება ჩანთის გარე ზედაპირის სადეზინფექციო დამუშავება. ამის შემდეგ, ერთი საათის განმავლობაში, გარდაცვალების შესახებ ეცნობება ოჯახს და განემარტებათ შემდგომი სარიტუალო პროცედურები, რომ არ არის სასურველი გვამის აუტოფსია, ანუ გაკვეთა, პანაშვიდი და სარიტუალო სუფრა“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პროგნოზით, Covid-19-ის გავრცელების თვალსაზრისით, აპრილი და მაისის პირველი ნახევარი საქართველოსთვის განსაკუთრებით მძიმე იქნება და ინფიცირებულთა რაოდენობა აუცილებლად მოიმატებს. კორონავირუსის ინფექციის ფართომასშტაბიანი გავრცელების ასარიდებლად, კრიტიკულად აუცილებელია სახლში დარჩენა და სოციალური დისტანცირება.

4 აპრილის 16 საათის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის შემთვევების რაოდენობა 157 გახდა. 28 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ერთი კი დაიღუპა. ამჟამად 127 ადამიანი გადის მკურნალობას, 4 პაციენტი მართვით სუნთქვაზეა, 23-ს კი პნევმონია აქვს.

ამ დროისთვის 5526 ადამიანი საკარანტინო რეჟიმში რჩება, 344 სტაციონარული დაკვირვების ქვეშაა. საზღვარგარეთ ვირუსით საქართველოს ხუთი მოქალაქე დაიღუპა.

XS
SM
MD
LG