ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პავლიაშვილის საქმე: უფლებადამცველები ეჭვობენ, რომ ვიდეოჩანაწერები გაანადგურეს


33 წლის პაატა პავლიაშვილი ადმინისტრაციული წესით დაკავების დროს დაიღუპა
33 წლის პაატა პავლიაშვილი ადმინისტრაციული წესით დაკავების დროს დაიღუპა

ხუთი გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია (საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, სამართლიანი არჩევნები, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, დემოკრატიული ინიციატივა და ადამიანის უფლებათა ცენტრი) მიიჩნევს, რომ მოქალაქე პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების საქმეში ვიდეო-ჩანაწერების არარსებობა, "საზოგადოებაში ამ საქმის მიმართ არსებულ კითხვებს კიდევ უფრო ამძაფრებს".

33 წლის პაატა პავლიაშვილი 25 ოქტომბერს თბილისში, ადმინისტრაციული წესით დაკავებისას გარდაიცვალა. თვითმხილველთა თქმით, პოლიციელებმა პავლიაშვილის დაკავების მომენტში, ერთის მხრივ, ძალას გადაამეტეს, მეორეს მხრივ კი ყურადღება არ მიაქციეს პავლიაშვილის არაერთგზის თხოვნას, რომ "ძალიან ცუდად არის" და დახმარებას საჭიროებს. ორი შვილის მამა, რომელიც ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა, ბორკილების დადების შემდეგ გარდაიცვალა.

რამდენად ადექვატურად და კანონის შესაბამისად იმოქმედა პოლიციამ პავლიაშვილის დაკავებისას, წესით ეს პოლიციელების სამხრე ვიდეო-კამერების ჩანაწერებით უნდა გარკვეულიყო. თუმცა, მთავარმა პროკურატურამ 29 ოქტომბერს, პავლიაშვილის დაკრძალვის დღეს, განაცხადა, რომ "უშუალოდ დაკავების მომენტი" არც სამხრე კამერებით და არც საპატრულო პოლიციის ავტომობილზე არსებული ვიდეო-კამერით "დაფიქსირებული არ არის".

უფლებადამცველებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ ჩანაწერები შესაძლოა ხელოვნულად იყოს განადგურებული. მით უმეტეს, რომ ასეთი რამ უკვე მოხდა 2017 წლის მაისის ბოლოს, თბილისიდან ბაქოში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცების შემდეგ.

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს ანა დოლიძეს პავლიაშვილისა და მუხთარლის საქმეებმა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გახმაურებული საქმე გაახსენა:

„აფგან მუხთარლის და პაატა პავლიაშვილის საქმეზე გირგვლიანის საქმიდან უნდა ვისწავლოთ: სააკაშვილის ხელისუფლებას მალევე რომ ეღიარებინა მკვლელობა და მოეცილებინა დამკვეთ/შემსრულებლები საქართველოს ისტორია სხვანაირი იქნებოდა. ამ ტიპის საქმეების საუკეთესო წამალი არის: გაარკვიე, აღიარე, ბოდიში მოიხადე“
ანა დოლიძე, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

„აფგან მუხთარლის და პაატა პავლიაშვილის საქმეზე გირგვლიანის საქმიდან უნდა ვისწავლოთ. როგორც ადამიანი, რომელიც მონაწილეობდა გირგვლიანის მოძრაობაში და ახლა ცდილობს გაანალიზოს ის, ვამბობ: სანდრო გირგვლიანის საქმის მიმართ სააკაშვილის ხელისუფლების უდიდესი შეცდომა იყო ინფორმაციის დამალვა და დამნაშავეებისათვის ხელის დაფარება.

ხელისუფლებას მალევე რომ ეღიარებინა მკვლელობა და მოეცილებინა დამკვეთ/შემსრულებლები (ახალაია/სანოძე) საქართველოს ისტორია, ალბათ, სხვანაირი იქნებოდა. ის ხელისუფლება ამ დამნაშავეების დაფარვის მცდელობათა ჯაჭვს გადაყვა, არადა მოძრაობა მხოლოდ მომძლავრდა. ამ ტიპის საქმეების საუკეთესო წამალი არის: გაარკვიე/აღიარე/ბოდიში მოიხადე/მომავალში გაიხედე.“

არასამთავრობოების აზრით, პავლიაშვილის გარდაცვალების საქმემ „კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ პოლიციისა და მოქალაქის კომუნიკაციის სათანადო დოკუმენტირება არის პრობლემა, რაც, როგორც წესი, მოქალაქის ინტერესების საზიანოდ მოქმედებს".

ვიდეო-გადაღება ცხადია არ არის და არც უნდა იყოს პოლიციელის გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული და მნიშვნელოვანია, რომ ყველა საპოლიციო თუ საგამოძიებო მოქმედება უწყვეტ რეჟიმში ფიქსირდებოდეს სამხრე ვიდეო-კამერით. ასევე, "ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს ხომ არ ჰქონდა ადგილი ვიდეო ჩანაწერებზე მანიპულირებას, მათი დაზიანების ან განადგურების მიზნით. ამავდროულად, პროკურატურამ მიმდინარე გამოძიება მაქსიმალური გამჭვირვალობით უნდა წარმართოს“ - ვკითხულობთ არასამთავრობოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილი
გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილი

ანალოგიური პოზიცია აქვს საქართველოს სახალხო დამცველსაც, რომლის აზრით, პავლიაშვილის დაკავების ამსახველი ვიდეო-ჩანაწერების არარსებობა „აჩენს ლეგიტიმურ კითხვებს საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მოქმედებების კანონიერებასთან დაკავშირებით“.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი კი ამბობს, რომ პოლიციელს არ აქვს ვალდებულება სამხრე კამერა მუდმივად ჩართული ჰქონდეს:

სამართლებრივად პირდაპირი ვალდებულება რომ სამხრე კამერა მუდმივად ჩართული იყოს არ არსებობს.“
შალვა ხუციშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე

„სამართლებრივად პირდაპირი ვალდებულება რომ სამხრე კამერა მუდმივად ჩართული იყოს არ არსებობს. ეს ერთი და მეორეც, არის ტექნიკური მხარე, სამხრე კამერა, მუშა მდგომარეობაში რომ იყოს, გარკვეული დროის შემდეგ აუცილებლად საჭიროებს დატენვას.“

შინაგან საქმეთა სამინისტრო, ტრადიციულად, კრიტიკას არ იზიარებს. გიორგი მღებრიშვილის უწყების აზრით, გარდაცვლილი „განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა“, „შეურაცხყოფას“ აყენებდა როგორც მოქალაქეებს, ისე - საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს და სწორედ ამის შემდეგ გადაწყდა მისი დაკავება.

თვითმხილვეთა თქმით, პაატა პავლიაშვილი, საერთოდ არ მონაწილეობდა მეზობლების კონფლიქტში, რასაც 2017 წლის 25 ოქტომბერს, თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე პატრულის გამოძახება მოჰყვა. არაფხიზელ მდგომარეობაში პავლიაშვილი შემთხვევის ადგილას სიტუაციის განმუხტვის შემდეგ მივიდა და იმ მეზობელს შეაგინა, რომელმაც პოლიცია გამოიძახა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას (საია), რომელიც გარდაცვლილის ოჯახის ინტერესებს იცავს მიაჩნია, რომ შსს ექსპერტიზის დასკვნამდე შეეცადა, საზოგადოების თვალში, გარდაცვლილი „ალკოჰოლსა და ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე დამოკიდებულ“ ადამიანად წარმოეჩინა. საია-ს აზრით, გამოძიება არა „გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის“ არამედ, „სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით“ უნდა მიმდინარეობდეს.

XS
SM
MD
LG