ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი ხელისუფლება თავის ქმედებებს განმარტავს


ფილიპ გორდონის ვიზიტი საქართველოში გრძელდება

მეორე დღე გრძელდება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონის ვიზიტი საქართველოში, რომელმაც უკვე გამართა შეხვედრები საპარლამენტო უმცირესობისა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებთან დავით ბაქრაძესთან და დავით უსუფაშვილთან. შეხვდა ვიზიტის პირველ დღესვე პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც შეხვედრის შემდეგ განაცხადა:

” ჩვენ ვცდილობთ და მომავალშიც შევეცდებით მაქსიმალური განმარტებები გავაკეთოთ, მაქსიმალურად ავუხსნათ ჩვენ მეგობარ სახელმწიფოებს, პირველ რიგში აშშ-ს, რომ ყველა ჩვენი ქმედება არის დემოკრატიული, რომ ეს არ არის არცერთ შემთხვევაში პოლიტიკური დევნა, ეს არ არის შერჩეული სამართალი. მომავალშიც მაქსიმალურად განმარტებებს გავაკეთებთ. ვფიქრობთ, ამ საკითხებში შევინარჩუნებთ სახეს, შევუნარჩუნებთ სახეს ქვეყანას, ქვეყანა გაააგრძელებს სვლას დემოკრატიული მიმართულებით."

ფილიპ გორდონი საქართველოში შექმნილი ვითარების შესასწავლად ჩამოვიდა, აცხადებს საპარლამენტო უმცირესობის წევრი, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი დავით დარჩიაშვილი.მისივე თქმით საქართველოს მომავალი განვითარება, დემოკრატია, ქვეყნის უსაფრთხოება დამოკიდებულია აშშ-ის ნებაზე:

”ჩვენი მომავალი განვითარება, დემოკრატია, ჩვენი უსაფრთხოება საკუთარი საზოგადოების განწყობასთან ერთად დამოკიდებულია აშშ-ის ნებაზეც. ბუნებრივია, მაღალი დონის წარმომადგენელი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან იმიტომ ჩამოვიდა, რომ გაერკვეს ვითარებაში და შემდგომი თანამშრომლობის გეგმები დაისახოს. ამიტომ, ფილიპ გორდონის ვიზიტი არის მნიშვნელოვანი."

”ყოველთვის ადვილი არ არის პოლიტიკურ ოპონენტებთან მუშაობა, თუმცა დემოკრატიის აყვავებისთვის ეს აუცილებელია”. აცხადებს ფილიპ გორდონი ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით, მათ შორის ბოლო დღეებში მთავარი პროკურატურის მიერ განხორციელებული დაკავებების გამო. შსს მუშაკთა მიერ ჩადენილი დანაშაულებების შესახებ მთავარი პროკურირი არჩილ კბილაშვილი ამბობს:

” ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელობის დავალებით ამავე დეპარტამენტში შეიქმნა კომპიუტერული ვირუსული პროგრამა, რომლითაც შესაძლებელი გახდა ინტერენეტმომხმარებლის კომპიუტერში შეღწევა, მასში დაცული ინფორმაციის მოპოვება და კომპიუტერის ადგილმდებარეობის სივრცეში აუდიო და ვიდეო თვალთვალის განხორციელება.”

დავით ბაქრაძის თქმით , შეხვედრის ძირითადი ნაწილი ქვეყანაში არსებულ ვითარებას დაეთმო. ჩვენი ამერიკელი მეგობრის სრულიად გულწრფელი ინტერესია, რომ პროცესები საქართველოში გაგრძელდეს დემოკრატიულად, მშვიდობიანად. ისე, რომ ამ ყველაფრის შედეგად საქართველო გახდეს უფრო ძლიერი და დემოკრატიული ქვეყანა, ამბობს დავით ბაქრაძე:

”ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც ჩადენილი ექნება კონკრეტული დანაშაული მზად უნდა იყოს, რომ კონკრეტული დანაშაულისთვის პასუხს აგებს. რა თქმა უნდა, ზოგადად პროცესების პოლიტიზაცია არ შედის არავის ინტერესში, სწორედ ამიტომ ჩვენ, როგორც ოპოზიცია ვცდილობთ მაქსიმალურად ფრთხილად მივუდგეთ, მაქსიმალურად ფრთხილი ვიყოთ ჩვენ შეფასებაში, რომ არ გამოგვივიდეს პროცესის ზედმეტი პოლიტიზაცია."

დავით უსუფაშვილმა შეხვედრის შემდეგ, რომელსაც ”თბილისი მარიოტში”ასევე ეწრებოდნენ აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, თქვა:

” საუბარი შეეხო პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის თემებს და პრობლემებს. ბატონი გორდონი განსაკუთრებით დაინტერესდა იმით, თუ როგორ მიმდინარეობს თანაარსებობა საპრეზიდენტო ინსტიტუტისა და საპარლამენტო უმრავლესობის მხარდამჭერის მქონე მთავრობის. მე კიდევ ერთხელ მოვახსენე მას ჩვენი კონსტიტუციური და პოლიტიკური რეალობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან და აუცილებლობა იმისა, რომ ყველა თანამდებობის პირმა ძალიან დიდი პასუხისმგებლობით შეასრულოს თავისი მოვალეობა."

”ახალი ხელისუფლება კანონის ფარგლებში მოქმედებს, მაგრამ მას ალბათ ეს ბრძოლა არ დასჭირდებოდა, რომ არა ის გამოწვევები, რომელსაც ახალი ხელისუფლება წინა ხელიფლების მხრიდან ღებულობს”, - თვლის ექსპერტი გია სიამაშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობა ფილიპ გორდონის საქართველოში ვიზიტს დადებითად აფასებს. პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის თქმით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ვიზიტი ხელს შეუწყობს ქვეყანაში დასავლური ღირებულებების დანერგვას:

”საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით ეს არის ევროკავშირში ინტეგრაცია, ნატოში გაწევრიანება და დასავლური ღირებულებებისა და ადამიანის უფლებების დაცვა, ამ ყველაფრისთვის ხელშეწყობა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ურთიერთობის დარეგულირება რუსეთთან. ეს არის ჩვენი პრიორიტეტები, რაც გაცხადებულია, შესაბამისად ასეთი დონის ვიზიტისას სწორედ ეს თემები არის პრიორიტეტული.”

დღეს ფილიპ გორდონი შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს, რომელმაც შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო ნატოში ინტეგრაციის პროცესს გააგრძელებს:

” შეხვედრას ესწრებოდა პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში ბატონი ზურაბ აბაშიძე. შესაბამისად, რუსეთის თემა იყო განხილვის ერთ-ერთი თემა. ჩვენ ბატონ გორდონს ავუხსენით, თუ რას ნიშნავს სპეციალური წარმომადგენლის დანიშნვა, როგორი იყო მის დანიშვნაზე რეაქცია მოსკოვიდან. ვილაპარაკეთ იმის შესახებ, რომ ეს მეორე არხი, რომელიც გვინდა გავხსნათ რუსეთთან ურთიერთობისთვის, არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ჟენევის პროცესი შეიცვლება, ან ჟენევის პროცესს რაიმე საფრთხე ემუქრება”.

ნოემბრის ბოლოს დაგეგმილია პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ვიზიტი ვაშინგტონში.
XS
SM
MD
LG