სახალხო დამცველის ოფისმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე დაკვირვების მიზნით, მულტიპროფილური სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი შექმნა. მისი მთავარი მიზანია პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობის და დროულობის მონიტორინგი. განცხადება დღეს ომბუდსმენის ოფისმა გაავრცელა.
მოწვეული ჯგუფის წევრები არიან: გიორგი გრიგოლია - ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი; გრიგოლი ხურციძე - შინაგანი სნეულებები/ჰოსპიტალური მედიცინა; გიორგი კაჭარავა - კარდიოლოგი; გიორგი პაპიაშვილი - კარდიოლოგი/არითმიოლოგი; აიდა გოზალოვა - ჰემატოლოგი, კლინიკური ონკოლოგი, ინტერნისტი, პალიატიური მედიცინის სპეციალისტი; მამუკა მაჩაიძე - ინფექციონისტი, თერაპევტი; თენგო წულაძე - ნევროლოგი და ინო ზავრაშვილი - ენდოკრინოლოგი.
ჯგუფის საქმიანობაში ასევე იქნება ჩართული სახალხო დამცველის აპარატში დასაქმებული ექიმი, მედიცინის დოქტორი მერაბ ქავთარაძე. სახალხო დამცველის ოფისის განცხადების მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში, მისი შემადგენლობა დამატებითი დარგების სამედიცინო ექსპერტთა მონაწილეობით გაფართოვდება.
"ჯგუფი ისარგებლებს სახალხო დამცველის მიერ გაცემული სპეციალური რწმუნებებით, რის საფუძველზეც საჭიროებების შემთხვევაში, განახორციელებენ ვიზიტებს პატიმარ მიხეილ სააკაშვილთან, შეამოწმებენ N18 სამკურნალო დაწესებულებას, შეისწავლიან შესაბამის სამედიცინო დოკუმენტაციას და დასკვნებს სახალხო დამცველს წარუდგენენ. სწორედ ექსპერტ-სპეციალისტთა დასკვნებით იხელმძღვანელებს სახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით თავისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავების პროცესში“ - ნათქვამია ომბუდსმენის ოფისის განცხადებაში. თუმცა, განცხადება ასევე ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ სახალხო დამცველის მიერ მოწვეული ჯგუფი "ვერ და არ" ანაცვლებს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას პატიმარზე და მის ჯანმრთელობაზე ზრუნვის საკითხებში.
პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკვე 47 დღეა შიმშილობს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი ახლა იმყოფება გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც მას კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი უწევს სამედიცინო მეთვალყურეობას.
სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს და თავიდან, თვეზე მეტხანს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა. 8 ნოემბერს ყოფილი პრეზიდენტი გლდანში, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. სპეციალური პენიტენციური სამსახური ამის მიზეზად სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციას და მზარდ საფრთხეებს ასახელებს.
11 ნოემბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა თქვა, რომ ის შიმშილობას შეწყვეტს, თუ მას მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ. სააკაშვილის მოთხოვნების დაკმაყოფილების მხარდაჭერის მიზნით, თბილისში ანტისამთავრობო პერმანენტული საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რომელსაც სათავეში გაერთიანებული ოპოზიცია უდგას.
Facebook Forum