ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სად არის ოქროს შუალედი?


საზოგადოება და არასამთავრობო სექტორი ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა დაპატიმრებების უპრეცენდენტო ტემპს არ აპროტესტებს

კანონის უზენაესობა - ეს არის ის იდეალური მდგომარეობა, რაც ჩვენ, საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს, ალბათ გვსურს, რომ ვიგრძნოთ ჩვენ ქვეყანაში. მდგომარეობა, როდესაც იცი, რომ დამნაშავე დაისჯება, სამართალი კანონიერების ფარგლებს არ მიატოვებს და უსაფრთხოების გარანტიაც ვინმე, კონკრეტული სუბიექტის სურვილსა და გუნება-განწყობაზე არ იქნება დამოკიდებული. რადგან სამართლიანობის განცდა ის პირობაა, რომელიც სტაბილურობის ატმოსფეროს ქმნის, სტაბილურობის, სადაც ადამიანები შიშისა და არაპროგნოზირებადობის გარეშე ცხოვრობენ და ფიქრობენ მომავლის უკეთ ორგანიზების გზებზე.

როდესაც ამ ჯაჭვს გადახედავ: სამართლიანობა-სტაბილურობის განცდა-უსაფრთხოების უზუნველყოფა-მომავლის დაგეგმვის პირობა, რა თქმა უნდა ხვდები, რამდენი კარგი რამ შეიძლება იყოს “ამის იქით”. ყველაფერი კი ერთი პირობით: პროგრესის ჯაჭვის პირველი რგოლის გამოჭედვით იწყება.

როგორ უნდა დამკვიდრდეს ჩვენთან კანონის უზენაესობა? რა უნდა იყოს ათვლის წერტილი? ვთქვათ, რომ დღევანდელი დღის შემდეგ აღარ დავუშვათ უკანონობა? ხომ აღმოჩნდება, რომ გუშინდელი უსამართლობა დაუსჯელია? და ეს ასე უნდა დავტოვოთ? დავხუჭოთ თვალი გუშინდელ უკანონობაზე?

კანონის უზენაესობაზე საუბრისას, როგორ ჩანს, გვერდის ავლა ფიზიკის კანონებისადმი, არ მოხერხდება. მნიშვნელოვანია, ათვლის წერტილიც და ფარდობითობის საკითხიც. რა უნდა ვიგულისხმოდ ათვლის წერტილად მაშინ, როდესაც კანონის უზენაესობის დამკვიდრებისთვის პირველი ნაბიჯის გადადგმას დავიწყებთ?

ჩვენს რეალობაში არსებობს კითხვები, რომლებზე პასუხების მიღება თუ გვინდა, მხოლოდ ორპინიანი სასწორი არ იქნება ალბათ საკმარისი. ივანიშვილის ხელისუფლებამ “პოლიტიკური დევნის მსხვერპლად” მიიჩნია ადამიანები, რომლებიც, მაგალითად, ყოფილი შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის ხელდასხმის ქვეშ მოქმედებდნენ და რომლებიც, სააკაშვილის ხელისუფლებამ დააპატიმრა მას შემდეგ, რაც ოქრუაშვილი საკუთარ შეცდომად გამოაცხადა. “ოქრუაშვილის ხალხს” შორის იყვნენ ადამიანებიც, რომლებიც თავის დროზე უშუალოდ იღებდნენ მონაწილეობას ნარკოტიკებისა და იარაღის ეგრეთ წოდებულ ჩადებებში.

საინტერესო გახლდათ ისიც, რომ სააკაშვილ-მერაბიშვილის ხელისუფლებას, როდესაც ოქრუაშვილის წინააღმდეგ მოუწიათ ნაბიჯების გადადგმა, არც უფიქრიათ ტაქტიკის შეცვლაზე, მოიქცნენ სწორედ იმგვარადვე, როგორც “ოქრუაშვილის ხალხი” იქცეოდა ადამიანების დაპატიმრებებისას: “ჩაუდეს”, ძირითადად იარაღი. მაშინდელი კითხვის ნიშანი ამ საკითხზე, არსად წასულა, არ გაუჩინარებულა, არ აორთქლებულა, არც დავიწყებულა. საზოგადოებისთვის ხელისუფლებას არასდროს აუხსნია რა საჭიროებას წარმოადგენდა იარაღის ჩადების მეშვეობით დაპატიმრება პირებისა, რომლებიც მანამდე, სამართალდამცავ სტრუქტურებში მუშაობისას თვითონაც “ჩადებების” მეთოდით იჭერდნენ. ნუთუ მათ არ ჰქონდათ, ვერ ეძებნებოდათ სხვა, რეალური და დამტკიცებადი დანაშაული?

სააკაშვილის ხელისუფლებას ამ, კონკრეტული კითხვებისთვის პასუხები არ გაუცია. პერსპექტივაში, დღეს, ამ კითხვის ნიშანს, შესაძლოა ზემოთ კვადრატის ნიშანი, პატარა ორიანიც გაუჩნდეს, კითხვა გაორმაგდეს. ეს იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილის ხელისუფლებაც ყურადღების მიღმა დატოვებს მათ.

სანამ ხელისუფლების სადავეებს საქართველოში ივანიშვილის მთავრობა აიღებდა, არჩევნებამდე და მის შემდგომაც ივანიშვილის ყოველ ინტერვიუში იყო განცხადება სამართლიანობის აღდგენის თაობაზე. იგი ამბობდა, რომ როგორც კი მოვიდოდა ხელისუფლებაში, დაისჯებოდა ყველა პირი, ვინც არღვევდა კანონს. “მოგიწოდებთ, არ დატოვოთ კანონის ფარგლები და არ შეასრულოთ ბრძანებები, რაც კანონის დარღვევას გულისხმობს, როდესაც ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში, ყველას მოეკითხება ჩადენილი დანაშაული,”- არაერთხელ უთქვამს ამგვარი ფრაზა ივანიშვილს.

დარწმუნებული ვარ, ყველას დღესაც კარგად ახსოვს ადამიანები საახლობლო თუ სამეგობრო წრეებში, რომლებიც ყოველგვარი დანაშაულის გარეშე დააპატიმრეს. როდესაც მათი დაკავების ამბები სამზარეულოებში ჩურჩულით იხილებოდა (რადგან მათზე ხმამაღლა საუბარს უმეტესობა ცდილობდა თავი აერიდებინა, საკუთარი და ახლობლების უსაფრთხოების მიზეზებით), ალბათ ყველაზე ხშირად გამოყენებული და გავრცელებული ფრაზები იყო: აქციაში იღებდა მონაწილეობას, მისი ძმა/და/შვილი/ბიძაშვილი... თანაუგრძნობდა ოპოზიციას. ოქტომბრის არჩევნებამდე ყველას სურდა ეს ტოტალური შიშის მანქანა აფეთქებულიყო, ან წყობიდან გამოსულიყო მაინც. ნაციონალური მაუწყებლებით ნაჩვენები სინამდვილე 2012 წლის ზაფხულში სრულიად გაშიშვლდა და ცენტრიდან ყველაზე დაშორებულ პერიფერიებშიც კი თქვეს ადამიანებმა, რომ ცხოვრების ასე გაგრძელება, უბრალოდ საკუთარი თავის მოტყუება იქნებოდა. საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა დარწმუნებული იყო იმაში, რომ არა ხელისუფლების ცვლილება არჩევნების შემდგომ, დაკავებები და დაპატიმრებები გაცილებით მასშტაბურ ხასიათს მიიღებდა. ცვლილებების ხანის დადგომა, მხოლოდ სასიკეთო ცვლილებების, საზოგადოების უდიდესი ნაწილის მოლოდინმა განსაზღვრა.

და ცვლილებების ხანა დადგა.

ორიოდე თვის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ნაციონალური მოძრაობის ბირთვი ქუჩებში მოწყობილ აქციებზე დადგებოდა მეგაფონებით ხელში, პარლამენტში კი ბოიკოტს გამოაცხადებდა.20 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პოლიტიკური ოპონენტების დაკავების ის ტემპი, რასაც ამჟამად საქართველოში აქვს ადგილი, უპრეცენდენტოა.

საზოგადოება კი დუმს. შესაძლოა ბევრ ადამიანს აქვს გარკვეული კითხვები ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა დაკავებებზე, იმაზე, თუ რამდენად სამართლიანად მიმდინარეობს პროცესები მათ მიმართ, შესაძლოა ისინი ფიქრობენ, რომ ამ კითხვებს დამაჯერებელი პასუხები ჭირდება, მაგრამ მიუხედავად ამ ეჭვნარევი კითხვების არსებობისა, საზოგადოება, არასამთავრობო სექტორი არ აპროტესტებს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა დაპატიმრებების უპრეცენდენტო ტემპს.

შეიცვლილა საზოგადოების დაკვეთა სამართლიანობაზე?

ადამიანები, რომლებიც წინა ხელისუფლების პირობებში დევნის ობიექტები იყვნენ, ნაციონალური მოძრაობის წარმომდგენლების დაკავების, შეურაცხყოფის შემთხვევებზე ამბობენ: “აბა, კარგი ყოფილა შეურაცხყოფა, დაკავება?”

გიორგი ვაშაძემ, პარლამენტარმა ნაციონალური მოძრაობიდან 20 დეკემბერს გადაცემა პოლიტმეტრში ერთი, ძალიან ნიშანდობლივი და საინტერესო განცხადება გააკეთა. კერძოდ, მან თქვა:

რაიმის გამართლება იმით, რომ წარსულში რაღაც ხდებოდა, ელემენტარულად არასწორია. პირველ ოქტომბერს ხალხმა არჩევანი გააკეთა, გადაირჩია ნაციონალური მოძრაობა, აირჩია სხვა ძალა. რის გამო? იმიტომ, რომ განსხვავებული მიდგომები ყოფილიყო გარკვეული მიმართულებით, რომელიც არ მოსწონდა საზოგადოებას. ეს არჩევნები ჩაატარა ნაციონალურმა მოძრაობის მთავრობამ, რომელიც მთელმა მსოფლიომ დემოკრატიულად შეაფასა. ახლა რა ვქნათ, რომ ჩვენ, რადგანაც წასრულში კითხვის ნიშნები გვქონდა, ახლა კითხვები არ დავსვათ? ორმაგი უსამართლობა მივიღოთ? ორმაგი ტერორი მივიღოთ? ორმაგი დაშინება მივიღოთ? გავჩუმდეთ ამაზე თავიდან ბოლომდე და გულზეხელდაკრეფილები ვიყოთ? ასე ქვეყანა არ შენდება და ვერ აშენდება.” ვაშაძის განცხადება მართლაც საგულისხმოა, საგულისხმოა სიტყვები: ორმაგი ტერორი, ორმაგი უსამართლობა, ორმაგი დაშინება.

როდესაც ერთმანეთის პირისპირ დგება ეს ორი ვარიანტი: “არის თუ არა ჩვენი საზოგადოების დაკვეთა პოლიტიკური შურისძიება” და “არის თუ არა ჩვენი საზოგადოების დაკვეთა სამართლის უზენაესობა”, და უპირატესობა ამ უკანასკენლის მხარესაა, ეს, ალბათ სიჯანსაღის ნიშანია.

საინტერესოა, არის თუ არა ოქროს შუალედი სამართლის უზენაესობა?
XS
SM
MD
LG