ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაპატიმრებების „მასშტაბური ხასიათი“


გავლენიანმა ამერიკულმა გაზეთმა - „ნიუ იორკ თაიმსმა“ 26 ნოემბერს გამოაქვეყნა სამი ყოფილი დასავლელი დიპლომატის სტატია საქართველოს შესახებ სათაურით „სამართლიანობა თუ შურისძიება.“ ავტორები არიან ევროკავშირის და შეერთებული შტატების ყოფილი ელჩები საქართველოში დენის კორბოი, უილიამ კორტნი და კენეტ იალოვიცი. სტატიაში ყურადღება გამახვილებულია საქართველოში არჩევნების შემდგომ პერიოდზე და ყოფილი ჩინოსნების დაპატიმრებებზე.

„სააკაშვილს საქართველოში იმისთვის აკრიტიკებდნენ, რომ მან ჭარბი ძალაუფლების აკუმულირება მოახდინა, ინარჩუნებდა მკაცრ კონტროლს ნაციონალურ ტელევიზიებზე, ადგილი ჰქონდა ძალაუფლების ბოროტად გამოყენების სხვა ფაქტებს. არჩევნების წინ, გამოჟონა ვიდეომ, სადაც ნაჩვენები იყო, როგორ სცემდნენ და ძალადობდნენ პატიმრებზე ციხის მცველები. ეს და სხვა სერიოზული ბრალდებები უნდა გამოიძიონ. მაგრამ სასამართლო უნდა ჩატარდეს სამართლიანად და გამჭვირვალედ, ხოლო შედეგები უნდა განაპირობოს სათანადო სამართლებრივმა პროცედურებმა და არა ანგარიშსწორებამ, - აცხადებენ ყოფილი ელჩები. აქვე ისინი, ევროპას და შეერთებულ შტატებს მოუწოდებენ აქტიურად ჩაერთონ საქართველოში დემოკრატიის განვითარების საქმეში.

კარგი იქნება, თუ შეერთებული შტატები და ევროპის კავშირი ქართველ ლიდერებს მსოფლიოში ცნობილი იურისტების ჯგუფის კონსულტაციას შესთავაზებენ. მათი კონსულტაცია უნდა გახდეს სამართლიანი სასამართლო პროცედურის გარანტია. დასავლეთმა ასევე უნდა გააფართოოს კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და მედიის თავისუფლების პროგრამები,“ - აცხადებენ სტატიის ავტორები. ჩვენ ინტერვიუ ვთხოვეთ, ერთ-ერთ ავტორს, საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილ ელჩს ბატონ უილიამ კორტნის.

შეკითხვაზე თუ როგორ აფასებს, საქართველოში არჩევნების შემდგომ განვითარებულ მოვლენებს, ბატონმა კორტნიმ განაცხადა:

„არჩევნების შემდგომი სიტუაცია სტაბილურია, თუმცა, ოდნავ პრობლემატური. ჩვენ გვაშფოთებს ყოფილი მთავრობის ჩინოსნების დაპატიმრებების მასშტაბური ხასიათი. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ყველა მათგანი უდანაშაულოა, ჩვენ უბრალოდ მივუთითებთ ამ ქმედებათა ყოვლისმომცველობაზე. ასევე იქნება ეჭვი, რომ ახალ მთავრობას შესაძლოა სურდეს პოლიტიკური ოპონენტებისთვის სამაგიეროს გადახდა და არა სამართლიანობა.“

ფიქრობს თუ არა, რომ ეს დაპატიმრებები პოლიტიკურად არის მოტივირებული, ყოფილმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ დაპატიმრებების მასშტაბურობა ერთ-ერთ ფაქტორად პოლიტიკურ მოტივაციასაც შეიცავს:

„კიდევ გავიმეორებ, რომ შესაძლოა ნებისმიერი დაპატიმრებული იყოს რეალურად დამნაშავე, მაგრამ სააკაშვილის ყოფილი ჩინოსნების დაპატიმრების მასშტაბი ქმნის ქართული საზოგადოების დესტაბილიზაციის და არასაჭირო პოლიტიკური კონფრონტაციის რისკს. ამდენად, ახალი მთავრობა უნდა მოქმედებდეს პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით.“

ბატონმა კორტნიმ ასევე ისაუბრა იმ ინიციატივაზე, რომელიც სტატიის სხვა ავტორებთან ერთად გაზეთ „ნიუ იორკ თაიმსში“ გამოქვეყნებულ სტატიაში გამოთქვა. კერძოდ, საკითხი ეხება საქართველოში ამერიკის და ევროკავშირის მიერ ცნობილი იურისტების ჯგუფის გაგზავნას, რომლებიც კონსულტაციებს გაუწევენ საქართველოს ხელისუფლებას:

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან სასარგებლო იდეაა, თუკი საერთაშორისო ჯგუფში რამდენიმე ქვეყნის იურისტი იქნება წარმოდგენილი. აქ უნდა იყვნენ არა მხოლოდ ის ქვეყნები, ვისაც ხანგრძლივი დროის მანძილზე სტაბილური დემოკრატია გააჩნია, არამედ ის ქვეყნებიც, რომლებიც დემოკრატიულ მართვაზე ახალი გადასულები არიან. მაგალითად, პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები. ამდენად ამ ჯგუფში უნდა იყვნენ ფართო გამოცდილების იურისტები, რომლებიც სამართლებრივ და არა პოლიტიკურ გარემოზე დაყრდნობით მუშაობენ.“

კითხვაზე, თუ რამდენად უწყობს საქართველოში შექმნილი ვითარება ხელს ნატოსთან ინტეგრაციას ბატონმა კორტნიმ აღნიშნა:

„თქვენ უკვე ნახეთ ნატოს გენერალური მდივნის ბატონი რასმუსენის განცხადება, სადაც მან აღნიშნა, რომ შეშფოთებულია არჩევნების შემდგომ განვითარებული მოვლენებით, განსაკუთრებით ყოფილი მაღალჩინოსნების დაპატიმრებებით. ვფიქრობ, ეს არ დაეხმარება საქართველოს ნატოში ინტეგრაციას. თუმცა, ნატოში გაწევრიანებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოში დემოკრატიული რეფორმების განხორციელება და ეკონომიკური კეთილდღეობის გაძლიერება. ნატოს თავის რიგებში მხოლოდ დემოკრატიების ხილვა სურს. რაც შეეხება ეკონომიკას, საქართველოში შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე ჯერ კიდევ საკმაოდ დაბალია. მაგალითისთვის, სამჯერ დაბალია ვიდრე ყაზახეთში. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს ეკონომიკის რეფორმირება. უნდა ითქვას, რომ ყაზახეთში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი მხოლოდ ენერგორესურსების გამო არ არის მაღალი, არამედ იმის გამოც, რომ მათმა მთავრობამ სწორი ეკონომიკური რეფორმები განახორციელა. მასთან შედარებით კი საქართველოშიც და უკრაინაშიც რეფორმები მცირედ განხორციელდა. ნატოსთვის კი ორივე მნიშვნელოვანია, დემოკრატიაც და ეკონომიკური კეთილდღეობაც.“

ყოფილ ელჩს ვთხოვეთ კომენტარი გაეკეთებინა საქართველოს მთავრობის პოზიციაზე, რომ ეს დაპატიმრებები არ არის პოლიტიკურად მოტივირებული, არამედ არის სამართლიანობის აღდგენა, რაც ასევე მნიშვნელოვანია დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის:

„რასაკვირველია, სამართლიანობის აღდგენა უნდა მოხდეს, მაგრამ დაპატიმრებების მასშტაბური ხასიათი, ასევე ის, რომ ივანიშვილს სურს სააკაშვილის საპრეზიდენტო ძალაუფლების დასუსტება, მიუთითებს, რომ ამ დაპატიმრებების უკან დგას პოლიტიკა. ეს არის ის, რაც აღელვებთ საქართველოს მეგობრებს.“

შეკითხვაზე, თუ რამდენად რეალურია დეკემბერში ნატოს მინისტერიალზე საქართველოსთვის მაპის მინიჭება, ბატონმა ელჩმა განაცხადა, რომ ეს რთულია სათქმელია. „თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დეკემბრისთვის საქართველომ აჩვენოს დემოკრატიულობის უფრო მეტი პროგრესი არჩევნების შემდგომ, ვიდრე დღეს არის,“ - განაცხადა უილიამ კორტნიმ.
XS
SM
MD
LG