ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ივანიშვილის მომავალი კაბინეტი ცნობილია


ფინანსთა მომავალი მინისტრი ამბობს, რომ ხაზინაში მხოლოდ ნახევარი მილიარდი ლარია
ფინანსთა მომავალი მინისტრი ამბობს, რომ ხაზინაში მხოლოდ ნახევარი მილიარდი ლარია

პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა, ბიძინა ივანიშვილმა მომავალი მინისტრთა კაბინეტის ფორმირება დაასრულა. საბოლოოდ ჩამოყალიბდა მომავალი მთავრობის მთავარი ღერძი – ეკონომიკური გუნდი.

ფინანსთა მინისტრი ეკონომიკის დოქტორი - ნოდარ ხადური გახდება. მას ამ უწყებაში მინისტრის მოადგილის თანამდებობა რვა წლის წინ ეკავა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც კოალიცია „ქართული ოცნების" ეკონომიკური პროგრამის ავტორია უკვე იმყოფებოდა ფინანსთა სამინისტროში.

ხადურმა უარყო ჯერ კიდევ მოქმედი პრემიერის ვანო მერაბიშვილის განცხადება, რომ ხაზინაში ახალ მთავრობას 2 მილიარდი ლარი დახვდება. მომავალი მინისტრის თქმით, ხაზინაში მხოლოდ ნახევარი მილიარდია.

ეკონომიკის მომავალი მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იქნება. იგი მეორე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო „ახალი მემარჯვენეები"-დან, ბოლოს კი „ქართუ ბანკის" გენერალურ დირექტორად მუშაობდა.

ახალი გადაწყვეტილებით, ეკონომიკის სამინისტროს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო შეერწყმება. ენერგეტიკის სამინისტროდან გამოყოფილი ბუნებრივი რესურსების კომპონენტს ასევე ეკონომიკის სამინისტრო განკარგავს.

ამ რეორგანიზაციის გამო, ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატი კახი კალაძე გახდა. იგი ამავე დროს ვიცე პრემიერობის კანდიდატიცაა. ახალი ეკონომიკური სკოლის პრეზიდენტი - პაატა შეშელიძე და ექსპერტი - კახა გოგოლაშვილი განმარტავენ:

პაატა შეშელიძე: „ზოგადად მთავრობის შესახებ ერთ ნიშანს გამოვარჩევ. ის არის შეკრებილი ივანიშვილის გუნდად, მისი პირადი შეხედულებების პრიორიტეტით. ერთი ამოცანის შესასრულებლად შეკრული გუნდი. შეთამაშების და სინქრონიზაციის თვალსაზრისით, ეს, რა თქმა უნდა, დადებითი კონტექსტია, მაგრამ იმ ამოცანების შესრულება, რაც იყო გაცხადებული, შეიძლება გაუჭირდეთ.“

კახა გოგოლაშვილი: „რა შეეხება კახი კალაძეს, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტი კითხვა მის მიმართ არის იმიტომ, რომ მას სახელმწიფო მართვაში მონაწილეობის არანაირი გამოცდილება არ აქვს, არც სამეცნიერო ან სხვა სახის.“

ბიძინა ივანიშვილმა განათლების მინისტრობის კანდიდატად ფილოსოფოსი გიორგი მარგველაშვილი წარადგინა, რომელიც საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორი იყო.

ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ცნობილმა ქართველმა ფიზიკოსმა - გია დვალმა ამ თანამდებობაზე უარი თქვა. საბოლოოდ გია დვალი განათლებისა და რეფორმების სახელმწიფო კომისიას უხელმძღვანელებს.

შეიცვალა ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატი. ამირან გამყრელიძის მაგივრად მინისტრი ექიმი დავით სერგიენკო გახდება. იგი საჩხერის სამედიცინო ცენტრს ხელმძღვანელობდა.

გარემოს დაცვის ახალი მინისტრი ქალბატონია, პროფესიით ბიოლოგი ხათუნა გოგოლაძე. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დავით დარახველიძე ჩაიბარებს. იგი „ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატი იყო ამბროლაურში და არჩევნებში დამარცხდა.

წინასაარჩევნო პერიოდში დარახველიძე აშკარად გამოხატული ქსენოფობიური და რასისტული განცხადებებით გამოირჩეოდა. რაჭაში ამომრჩეველთან ერთ-ერთ შეხვედრაზე დარახველიძემ ბრძანა, რომ „თბილისში ნებისმიერი ზანგი ვინც შეგხვდება საქართველოს მოქალაქეა.“ მინისტრობის ახალი კანდიდატების დასახელების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა, კერძოდ, აღნიშნა:

„პირველ რიგში, როდესაც ვარჩევთ მინისტრობის კანდიდატებს, წინა პლანზე უნდა იყოს პროფესიონალიზმი. მომავალში მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ ისევ დავბრუნდებით აქ. ამ ეტაპზე, საქართველოში პოლიტიკური ისტებლიშმენტი ასეთია.

ძალიან არეული საზოგადოებაა. სიცრუის პოპულარიზაცია იყო ბოლო წლებში. ამიტომ პრიორიტეტს ვანიჭებდით წარსულს და სწორ ცხოვრებას. თქვენ, ალბათ, შეამჩნიეთ როგორ სწრაფად იზრდება კახი კალაძე.

გასაგებია, რომ რჩება კითხვები - როგორც ინფრასტრუქტურის, ისე ენერგეტიკის სამინისტროში მას არ აქვს გამოცდილება მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ როგორი ნიჭიერია და რა სწრაფად იზრდება, ერთი თვის შემდეგ შეგიძლიათ ენერგეტიკაზე ნებისმიერი კითხვა დაუსვათ.“

არჩევნებში გამარჯვებული კოალიციის - „ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა თერთმეტი მინისტრობის კანდიდატი ჯერ კიდევ 8 ოქტომბერს დაასახელა. დამატებითი კონსულტაციების შემდეგ, ამირან გამყრელიძემ უარი განაცხადა მინისტრობაზე, კახი კალაძე კი სხვა სამინისტროს ჩაუდგება სათავეში.

თავად პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა კი ერთწლიანი ბრძოლის შემდეგ გუშინ საქართველოს მოქალაქეობა დაიბრუნა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელმაც 2011 წლის ოქტომბერში ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა, 2012 წლის 16 ოქტომბერს, საფრანგეთის მოქალაქე ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა ნატურალიზაციის გზით დაუბრუნა.

XS
SM
MD
LG