ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბიბლიოთეკასთან მომხდარი ინციდენტის შეფასება


მთავრობის, ოპოზიციის, პარლამენტის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაპირისპირების ფაქტს გმობენ

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გუშინ მომხდარი ხულიგნობის ფაქტის გამო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. მოწმის სტატუსით დაიკითხა 10 პირი და დააკავეს 3 ადამიანი. მელორ ვაჩნაძე და მიხეილ მესხი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს. დღეს დილით დააკავეს გელა მამალაძე, რომელმაც უმცირესობის წევრ, დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე 239-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად მიმდინარეობს. ხულიგნობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.

შინაგან საქმეთა მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის წევრებმა არ ისარგებლეს მათთვის საგანგებოდ შექმნილი უსაფრთხოების დერეფნით და აშკარა პროვოკაციაზე წავიდნენ. „საგანგაშოა, როცა აღნიშნიშნული კონფლიქტის გამოწვევას და პროვოცირებას ადგილი ჰქონდა ქალაქის მერის, გიგი უგულავას, ნაციონალური მოძრაობის და საპარლამენტო უმცირესობის წევრების მხრიდან“ - განაცხადა მინისტრმა.

უშიშროების საბჭოს მდივანი, გიგა ბოკერია დერეფნის არსებობას უარყოფს. ის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან განვითარებულ მოვლენებს ასლან აბაშიძის პერიოდს ადარებს. უწოდებს რა „სამარცხვინოს და ამაზრზენს“ მომხდარ ფაქტს, უშიშროების საბჭოს მდივანი პასუხისმგებლობას უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს აკისრებს. „ეს არის პოლიტიკური დაკვეთა, ეს არის კლიმატი, რომელიც არის შექმნილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან, პრემიერმინისტრიდან დაწყებული“ - აღნიშნავს ის.

მომხდართან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას აკეთებენ არასამთავრობო ორგანიზაციები: სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, ფონდი ღია საზოგადოება საქართველო და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. ისინი პასუხისმგებლობას შინაგან საქმეთა სამინისტროს აკისრებენ, რომელმაც ვერ უზრუნველყო პრევენციული ზომების ეფექტურად გატარების ღონისძიებები, რათა საპროტესტო აქციის დროს არ დაშავებულიყვნენ ღონისძიებაზე მისული სტუმრები. „ჩვენ გვესმის იმ ადამიანების, ვისაც წლების განმავლობაში უსამართლობის განცდა დაუგროვდა, თუმცა მსგავსი განცდა ვერ იქნება კანონსაწინააღმდეგო ქმედების გამართლების საფუძველი“ - ნათქვამია არასამთავრობოთა განცხადებაში.

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარი დაპირისპირების შეფასება პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმაც გააკეთა. მან დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილზე თავდასხმის ფაქტს „ყოვლად დაუშვებელი“ უწოდა. უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ ეს ყოველივე პრეზიდენტის „გამოწვევა“ და „მისი მხრიდან დადგმული სპექტაკლი იყო, რომელსაც მოქალაქეები წამოეგნენ. მაგრამ, ვერანაირი არგუმენტი ჩვენ ვერ გაგვათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან, რომ მსგავსი მოვლენები თავიდან უნდა ავიცილოთ. თუ საჭიროა, 5-ჯერ მეტი პოლიცია უნდა მივიყვანოთ, თუნდაც ერთი მოქალაქის დასაცავად“ - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე და მომხდარი ფაქტის დეტალური გამოძიების პირობას იძლევა.
XS
SM
MD
LG