ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირაკლი ალასანიას სკანდალური ბრალდებები


ირაკლი ალასანია
ირაკლი ალასანია

ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ დღეს კიდევ ერთხელ დაადანაშაულა პრეზიდენტი სააკაშვილი გასამხედროებული ფორმირებების შექმნაში. „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ამბობს, რომ უკანონო შეიარაღებული ფორმირებების დაკომპლექტება სამეგრელოში, თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას უშუალო ხელმძღვანელობით ხდება და მთელი ეს პროცესი შეიარაღებული ძალებისთვის ნებაყოფლობითი რეზერვის შექმნის პროგრამით ინიღბება.

ალასანია ამბობს, რომ უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებში უკვე 500-ზე მეტია ადამიანია გაერთიანებული, მათ შორის არიან ადრე ნასამართლევი პირები, რომლებიც თავის დროზე ოკუპირებულ აფხაზეთში პარტიზანულ მოძრაობაში იყვნენ ჩაბმულნი. ირაკლი ალასანიამ დღეს მოუწოდა უშოშროების საბჭოს შეისწავლოს ეს სახიფათო საკითხი.

„გაგვაჩნია სრული და დეტალური ინფორმაცია მათი დისლოკაციის, შეიარაღებისა და დაფინანსების შესახებ. ეს ჯგუფები არ წარმოადგენენ რეზერვისტთა ჯგუფებს. მე ძალიან კარგად ვიცი როგორ უნდა ყალიბდებოდეს და იქმნებოდეს შეიარაღებული ძალების რეზერვი.

ეს ადამიანები უნდა იყვნენ დარეგისტრირებულნი, არ უნდა გადაადგილდებოდნენ შეიარაღებით, არ უნდა იღებდნენ ხელფასს, ეს არის ნებაყოფლობითი რეზერვის შექმნის პრინციპი.

სამწუხაროდ დაჯგუფებები, რომლებიც ჩამოყალიბდა ექვემდებარებიან კონკრეტულ სამართალდამცავებს, თანამდებობის პირებს, და არა შეიარაღებულ ძალებს.

მათ აქვთ იარაღი და ერთადერთი დანიშნულება, რისთვისაც ეს ჯგუფები შეიქმნა არის ის, რომ ჩემს მშობლიურ კუთხეში სამეგრელოში და ასევე სხვა რეგიონებში არ მისცენ მოქალაქეებს შესაძლებლობა თავისუფალი ნება გამოხატონ და მიიღონ კონკურენტულ არჩევნებში მონაწილეობა.“

თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას გარდა, ირაკლი ალასანიამ უკანონო შეიარაღებული ფორმირების ჩამოყალიბებაში ბრალი დასდო შინაგან საქმეთა და თავდაცვის უწყებების ძალიან მაღალი თანამდებობის პირებს, მათ შორის:

თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის უფროსს მამუკა იოსავას; თავდაცვის სამინისტროს სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადის მეთაურს ზვიად გაგუას; კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის სამმართველოს უფროსს რომან შამათავას; კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სპეცრაზმის მეთაურს სერგო უბილავას;

ნუგზარ ფანგანს, რომელიც სვანეთში, სოფელ ჭუბერში დისლოცირებული სპეცრაზმის უფროსია; კობა თოდუას - სამხედრო დაზვერვის ჯგუფის მეთაურს; ზაზა ჯანჯალიას - თავდაცვის სამინისტროს დასავლეთის მიმართულების სარდალს; თორნიკე მალაზონიას - სპეცრაზმის მეთაურის მოადგილეს და სამეგრელო-ზემო სვანეთში პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილეს დავით დარცმელიძეს.

ალასანიას ღიად აცხადებს, რომ ეს ადამიანები პრეზიდენტისა და თავდაცვის მინიტრის დავალებით ქმნიან შეიარაღებულ ფორმირებებს, განსხვავებულად მოაზროვნე პოლიტიკოსების, მათი მხარდაჭერების დაშინების, დევნისა და ფიზიკური ანგარიშსწორებისთვის.

ირაკლი ალასანიას ბრალდებას დღესვე გამოახმაურა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ჯონ ბასი. დღესვე ალასანია ამ თემაზე ჯობ ბასს შეხვდა.

ჯონ ბასი: ნებისმიერი ბრალდება, რომელიც კეთდება წინასაარჩევნოდ და უკავშირდება ძალადობის გამოყენების შესაძლებლობას ან მის წინასწარმეტყველებას, საჭიროებს ყურადღების მიქცევას.

ჩვენ ყველა მხარესთან ნათლად, ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ არ არის ძალადობის ადგილი კონკურენტულ საარჩევნო ციკლში, დემოკრატიულ საზოგადოებაში და ყველა მხარემ უნდა უზრუნველყოს ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რათა თავიდან ავიცილოთ ისეთი პროცესები, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ძალადობრივი გარემოს შექმნა.

მოვუწოდებ ყველა მხარეს, პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ საკითხს, რაც გულისხმობს, რომ არ ისაუბრონ ისეთ ბრალდებებზე, რომლებიც არ იქნება ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ფაქტებით გამყარებული

საქართველოს ხელისუფლება ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და საშიშ პროვოკაციად აფასებს. თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ ალასანიას განცხადებას ბოდვა უწოდა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გოკა გაბაშვილმა დღეს პარლამენტში გამოსვლისას კერძოს განაცხადა

„ასეთი არაფრის მთქმელი, უსაფუძვლო და ზღვარგადასული თავდასხმები მართლაც არაფრის მომტანი არ არის. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელმაც ეს გზა აირჩია, არალოგიკური და უსინდისო ბრალდებების, როგორც დაამთავრეს მოღვაწეობა საქართველოს პოლიტიკურ ასპარეზზე ყველას კარგად გახსოვთ და ეს პოლიტიკური ძალაც ზუსტად ასე დაამთავრებს. ვხედავთ რომ ისიც ამ გზას დაადგა.“

ნებაყოფლობითი რეზერვის გადამზადების შესახებ ინფორმაცია თავდაცვის სამინისტრომ შარშან 31 ოქტომბერს გაავრცელა. ეს გადაწყვეტილება მაშინვე გახდა კრიტიკის ობიექტი, ვინაიდან თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებისთვის არ განუმარტია რატომ გახდა სავალდებულო რეზერვის პარალელურად, ამ პროგრამის ამოქმედება საჭირო?

რა თანხა დაიხარჯება ნებაყოფლობით რეზერვზე? რამდენი რეზერვისტის მომზადება იგეგმება? რა პროგრამით მოემზადებიან ეს რეზერვისტები და არის თუ არა ის შეცდომები გათვალისწინებული, რომელმაც 2008 წლის რუსეთთან ომის დროს სავალდებულო რეზერვის სრული უსუსურობა და მოუმზადებლობა გამოამჟავნა.

XS
SM
MD
LG