ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოპოზიციის აქტივისტების მასობრივი დაკითხვები


მსგავსი უწყება ათასობით მოქალაქემ მიიღო
მსგავსი უწყება ათასობით მოქალაქემ მიიღო

კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახური მეორე დღეა მთელი საქართველოს მასშტაბით ოპოზიციის აქტივისტებს კითხავს. ოპოზიციურ მოძრაობა „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პოლიტიკური პარტიების წევრებს კონტროლის პალატის იდენტური შინაარსის უწყება მისდით, სადაც კერძოდ წერია.

„კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურში, პოლიტიკური სუბიექტების მოჩვენებითი, თვალთმაქცური გარიგების გზით დაფინანსების ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს, რასთან დაკავშირებითაც დაბარებული ხართ ახსნა-განმარტების მისაცემად. კონტროლის პალატისთვის მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდების კანონით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა ისჯება კანონით“.

ჯერჯერობით უცნობია ზუსტად რამდენ ადამიანს მიუვიდა მსგავსი უწყება. პოლიტიკური პარტიები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ რეგიონებში ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების მასიური დაკითხვები მიმდინარეობს. უწყებაში წერია, რომ მოქალაქეს შეუძლია ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით, ამის მიუხედავად, დაკითხვიდან გამოსული მოქალაქეები აცხადებდნენ რომ ადვოკატებს დაკითხვაზე დასწრების საშუალებას არ აძლევენ. ერთ-ერთი აქტივისტი ამბობს:

„საბუთის მიხედვით თითქოს აქვთ რაღაც მტკიცებულება. მაინტერესებს გავერკვიო რა მტკიცებულება აქვთ, მაგრამ აუცილებლად ადვოკატთან ერთად. ჯერჯერობით ადვოკატებს არ უშვებენ. ამიტომ მეც არ ვაპირებ შესვლას ადვოკატის გარეშე. ეს ჩემი უფლებაა და აუცილებლად გამოვიყენებ ამ უფლებას“

დაკითხულების უმრავლესობა კონტროლის პალატასა და პოლიციას ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებს. ზუგდიდელი რესპუბლიკელი მაია ღურწკაია კერძოდ ამბობს

„ჩხრეკის ფაქტი იყო აბსოლუტურად ამაზრზენი. არსად მსგავსი არ მინახავს. ადვოკატმა რომელიც ჩემთან ერთად იყო იმანაც აღნიშნა, რომ არცერთ ციხეში მსგავსი რამ არ ხდება.

აბსოლუტურად თავიდან ფეხებამდე შეგვამოწმეს. არც საწერი კალამი შეგვატანინეს და ვიყავი თავიდან ბოლომდე გაშიშვლებული. ფეხსაცმელიც გამხადეს, ზედატანიც, ქურთუკი თვითონ დაიტოვეს.“

სტუდენტი თამარ ჟვანია, რომელიც კონტროლის პალატის მუშაკებმა ფოთში დაკითხეს, ჰყვება, რომ დამკითხავებს აინტერესებდათ როგორ მოხვდა იგი პოლიტიკურ პარტიაში, რომელიც რუსეთიდან ფინანსდება. ეს ინტერვიუ ინტერნეტ გამოცემა Tspress-მა გაავრცელა

„პირდაპირ დაიწყეს კითხვებით. რას საქმიანობ, ოჯახური მდგომარეობა, თავად არ უთქვამთ ვინ იყვნენ. ჩემს საქმიანობას რაც შეეხება, მოვითხოვდით ივანიშვილისა და ხვედელიძისთვის მოქალაქეობის აღდგენას და ვაგროვებდით ხელმოწერებს.

გვეკითხებოდნენ რამდენი ხელმოწერა შევაგროვეთ, ანაზღაურებას რამდენს გვაძლევდნენ. ვუთხარი რომ 50 თეთრს ვიღებდი და რაც კი გამოვიმუშავე ის ფული ავიღე. მკითხეს, რატომ მოვხვდი იმ პარტიაში რომელსაც რუსეთი აფინანსებს. აინტერესებდათ ვინ მიმიყვანა ამ პარტიაში.“

ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ მათ წევრებზე მმართველი პარტიის შეკვეთით კონტროლის პალატა დაუფარავ ტერორს ახორციელებს. კონტროლის პალატის თავჯდომარე ლევან ბეჟაშვილი ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ დაკითხულ ადამიანებს პარტიის ფინანსურ ოპერაციებთან არავითარი კავშირი არ ჰქონიათ.

ლევან ბეჟაშვილი: „რეგიონებში ხდება ინფორმაციების დაზუსტება. კანონშესაბამისად რამდენად ხორციელდება პოლიტიკური ხარჯები. ხდება ინფორმაციების შეგროვება და მათი შედარება იმ დეკლარაციებთან, რომელიც კონტროლის პალატაში ამ პოლიტიკურ პარტიებს თავიანთი საქმიანობის გამჭირვალობის უზრუნველსაყოფად აქვთ წარმოდგენილი.“

დავით უსუფაშვილი: „არასოდეს ამ ადამიანებს არანაირი შეხება არ ჰქონიათ არანაირ დაფინანსებებთან. ეს არის ხალხი, რომელიც წლების განმავლობაში ენთუზიაზმით ემსახურებოდა პოლიტიკურ პარტიას, ხალხი, რომელმაც ნოემბერ-დეკემბერში მიიღეს აქტიური მონაწილეობა ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენის თაობაზე ხელმოწერების შეგროვებაში.“

დღეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ოფიციალურად მოუწოდა კონტროლის პალატას დაკითხვის პროცესი საჯარო გახადოს და ჟურნალისტებს მიეცეთ პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა.

„თითოეული ადამიანი უნდა სარგებლობდეს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული დაცვის უფლებით. ხელისუფლების პოზიტიური ვალდებულებაა, მისცეს თითოეულ მოქალაქეს დაცული უფლების რეალიზების საშუალება. საია მოუწოდებს საქართველოს კონტროლის პალატას, ობიექტურობის და საჯაროობის პრინციპებზე დაყრდნობით უზრუნველყოს თითოეული მოქალაქის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დაცვა" - ვკითხულობთ საიას განცხადებაში. ამავე დროს, ახალგაზრდა იურისტები აპირებენ იურიდიული დახმარება გაუწიონ მოქალაქეებს, ვისაც ასეთი დახმარება დასჭირდება.

XS
SM
MD
LG