საქართველო: თანამედროვე სახელმწიფოებრიობის 20 წლიანი ისტორია - ამ სახელწოდებით ვაშინგტონში მდებარე ამერიკის უნივერსიტეტში კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის ორგანიზატორები ამერიკის უნივერსიტეტის შავი და კასპიის ზღვის კვლევითი ცენტრი და ლევან მიქელაძის ფონდი იყო.
საქართველოს ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, თემურ იაკობაშვილმა საქართველო-ამერიკისა და საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე ისაუბრა. მისი თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებისთვის ადვილი არ იყო რუსეთისთვის დიალოგის შეთავაზება. თუმცა, თბილისმა ეს გააკეთა სახელმწიფოს კეთილდღეობისა და კონსტრუქციული განვითარებისთვის ხელის შეწყობის მიზნით.
იაკობაშვილმა ამერიკის ხმასთან საუბარში მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებაზე გააკეთა კომენტარი. მისი თქმით:
„ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით რუსეთის გაწევრიანებას. ჩვენ ვიძახით, რომ ყველა ქვეყანამ მოილაპარაკა რუსეთთან და რაღაცაზე შეთანხმდენენ. მიგვაჩნია, რომ ჩვენც, როგორც ერთ-ერთმა ცივილურმა ქვეყანამ, უნდა მოვილაპარაკოთ რუსეთთან. და რუსები იძახიან, რომ არა, ჩვენ არ გვინდა ლაპარაკი. ან ყოველ შემთხვევაში, ერთჯერ მოდიან სალაპარაკოდ მერე აღარ. ამიტომ აქ ლაპარაკი არის იმაზე, რომ ჩვენ ჩვენს ქვეყანას განვიხილავთ როგორც სუვერენულ სახელმწიფოს. მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ყველაფერი არ უნდა მოხდეს ჩვენი ინტერესების ხარჯზე. ჩვენ ვერ დავთმობთ ჩვენს ინტერესებს იმის გამო, რომ ვიღაცას ეჩქარება რუსეთის მიღება მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციაში.“
კიდევ ერთი აქტუალური თემა, რომელიც აქტიურად განიხილება ვაშინგტონის პოლიტიკურ და აკადემიურ წრეებში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებია. რუსეთი საქართველოსთან დიალოგზე უარს ამბობს, ხოლო დასავლეთი კი საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის გამოსწორებისკენ მოუწოდებს. მეორეს მხრივ, გაჩნდა მოსაზრება, რომ საქართველოს კონფლიქტების მოგვარება უშუალოდ აფხაზებთან და ოსებთან მოლაპარკებით უნდა დაიწყოს და ისინი კონფლიქტის მხარედ აღიაროს. საქართველოს ხელისუფლება ამ წინადადების კატეგორიული წინააღმდეგია. ბატონი ელჩის თქმით:
„ეს არის სისულელე, იმიტომ რომ კონფლიქტი არის საქართველოსა და რუსეთს შორის, ამიტომ ეს ინსინუაციები, მე ვფიქრობ არის არასწორი იმიტომ, რომ კონფლიქტი არის საქართველოსა და რუსეთს შორის, სადაც რუსეთი იყენებს სეპარატისტებს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. რაც შეეხება აფხაზებს, აუცილებელია ამ ხალხთან პარალელურად ურთიერთობა. მაგრამ არა როგორც კონფლიქტის მხარესთან არამედ როგორც ჩვენსავე მოსახლეობასთან, რომელთანაც გვაქვს მთელი რიგი დაძაბულობები, გვქონდა ომი და ასე შემდეგ.“
ამერიკის ყოფილმა ელჩმა საქართველოში, უილიამ კორტნიმ განაცხადა, რომ ამერიკის საქართველოს მიმართ ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდა. დღეს ამერიკისთვის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარება პრიორიტეტული თემა არ არის. მოსალოდნელია, რომ ეს პოლიტიკა არც სამომავლოდ შეიცვალოს, ამიტომ ბატონი კორტნის თქმით, საქართველომ უნდა შეიმუშავოს განვითარების სწორი სტრატეგია. დასავლეთის უწყვეტი მხარდაჭერის მოპოვებას კი უდიდესი მნიშვნელობა ექნება ამ სტრატეგიის განხორციელებაში. ელჩი კორტნის თქმით, საქართველომ ამ ყველაფრის გათვალისწინება რუსეთის მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციაში გაწევრიანების პროცესის დროსაც უნდა გაივალისწინოს:
„ამ კონტექსტში საქართველოსთვის აუცილებელია ამერიკისა და ევროპისგან მაქსიმალური მხარდაჭერის ქონა. ევროპასა და ამერიკას უნდათ რუსეთის ორგანიზაციაში გაწევრიანება, რადგან მიაჩნიათ, რომ გაწევრიანება რუსეთში დადებითი პროცესების დაწყებას შეუწყობს ხელს. ეს კი მეორეს მხრივ ყველას ინტერესებში შედის. თუ რუსეთი უფრო დემოკრატიული, უფრო ღია და ეკონომიკურად თავისუფალი ქვეყანა გახდება საქართველოსაც გაუადვილდება მასთან ურთიერთობა. საბოლოო ჯამში, საქართველოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების კარტით თამაში უკიდურესობამდე არ უნდა მიიყვანოს და ამ ეტაპზე დასავლეთში მოკავშირეები მხარდაჭერის გაძლიერებაზე უნდა იზრუნოს.“
რუსეთს საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ცხოვრების ყველა ასპექტზე აქვს გავლენა. მაგალითად, იმის გამო, რომ რუსეთის აგრესიის შემდეგ მოსკოვის წინააღმდეგ დასავლეთმა ქმედითი ღონისძიები არ ჩაატარა, მსხვილი ინვესტორები საქართველოში შესვლისგან თავს იკავებენ. ამის მიზეზი კი არასტაბილური პოლიტიკური ფონი და მორიგი დესტაბილიზაციის მოლოდინია. ბატონი კორტნის თქმით, ეს კონფლიქტების პრობლემას პირდაპირ უკავშირდება - რუსეთის გაღიზიანებას ყველა ერიდება, საქართველოს კი ამ ეტაპზე პოლიტიკური ფონის შეცვლა არ შუეძლია:
„მნიშვველოვანია გვახსოვდეს ის, რომ ყველაფერ მნიშვნელოვანს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მოსკოვი აკონტროლებს. რუსეთი დიდი და ძლიერი ქვეყანაა, საქართველო კი პატარა. ამ ეტაპზე ყველაზე მომგებიანი, რაც საქართველოს შეუძლია გააკეთოს, არის ის, რომ გააძლიეროს ევროპელებსა და ამერიკელებში კონფლიქტების მიმართ შემუშავებული სტრატეგიის მხარდაჭერა. დასავლეთთან მოსაზრების თანხვედრის გარეშე საქართველოს მოქმედება გაუჭირდება, რადგანაც, სწორედ დასავლეთია ის ძალა, რომელსაც რუსეთის დაბალანსება და მასთან შეწინააღმდეგება შეუძლია.“
ამ ეტაპზე დასავლეთს, საქართველოს და რუსეთს განსხვავებული მიდგომა და პოლიტიკა აქვთ როგორც საქართველოს კონფლიქტების მოგვარების ასევე ზოგადი პოლიტიკური თუ სამხედრო სტრატეგიის შემუშავების მხრივ.