შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეითსმა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის 28 წევრი გააფრთხილა, რომ ცვალებად სამყაროში სამხედრო ალიანსი შეიძლება მალე მოძველდეს და ისტორიას ჩაბარდეს, იუწყება ამერიკის ხმის კორესპონდენტი ანდრე დე ნეშნერა ვაშინგტონიდან.
ეს გახლდათ გეიტსის ბოლო საპროგრამო გამოსვლა. როგორც ცნობილია, 30 ივნისს იგი შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის თანამდებობას ტოვებს. პენტაგონში მოსვლიდან მოყოლებული გეითსის ბოლო გამოსვლაში ნატოს ალიანსის ყველაზე მკაცრი კრიტიკა გაჟღერდა.
პენტაგონის თავკაცის თქმით, ავღანეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებმა გამოამჟღავნა არა მხოლოდ ნატოს სამხედრო ნაკლოვანებები არამედ ცალკეული წევრების პოლიტიკური ნებისყოფის აშკარა ნაკლებობა. ხოლო რაც შეეხება სამხედრო ოპერაციას ლიბიაში, გეითსის განცხადებით, მართალია სამხედრო მისიას ალიანსის წევრებმა ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი, სამხედრო ოპერაციებში წევრი სახელმწიფოების ნახევარზე ნაკლები მონაწილეობს და ერთ მესამედზე ნაკლები საჰაერო დარტყმებს ახორციელებს.
„კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ძლევამოსილი სამხედრო ალიანსი ძალიან სუსტად შეიარაღებული რეჟიმის წინააღმდეგ თითქმის უკაცრიელ ქვეყანაში უკვე 11 კვირის მანძილზე სამხედრო ოპერაციებს ატარებს. მაგრამ მიუხედავად ამისა, ბევრ მოკავშირეს სამხედრო აღჭურვილობის მარაგი ელევა და შეერთებულ შტატებს კიდევ ერთხელ წარმოქმნილი უკმარისობის შევსება უხდება,“ განაცხადა რობერტ გეითსმა.
შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა აგრეთვე მკაცრად გააკრიტიკა ის ნატოს წევრები, „რომლებსაც სურთ, რომ ამერიკელმა გადასახადების გადამხდელებმა უსაფრთხოების სფეროში ევროპის ქვეყნების მიერ თავდაცვის ბიუჯეტის შემცირებით გამოწვეული სახსრების უკმარისობა დაფარონ.“
ამასთან დაკავშირებით გეითსმა აღნიშნა:
„შეერთებული შტატების მომავალი პოლიტიკური ლიდერები, ვისთვისაც ცივი ომი არ იყო წარმოდგენების შემქმნელი გამოცდილება, როგორიც ის იყო ჩემთვის, შეიძლება ფიქრობენ, რომ ამერიკის მიერ ინვესტიციების დაბანდება ნატოს ალიანსში მოგების მომტანი როდია.“
შონ კეი ოჰაიოს უესლეიანის უნივერსიტეტის ნატოს ექსპერტი გახლავთ. მას მიაჩნია, რომ ალიანსის სამხედრო შესაძლებლობები ამჟამად მაქსიმალურად გადატვირთულია.
„ცივი ომის დამთავრებიდან მოყოლებული გავრცელდა მოსაზრება, რომ ნატოს ალიანსს მნიშვნელობის შენარჩუნებისთვის ევროპის გარეთ მდებარე კონფლიქტებში უნდა მიეღო მონაწილეობა. შედეგად ხსენებული მოსაზრება ეფუძნებოდა ლოგიკურ მიმდევრობას, რომელიც ნატოს გაფართოებასა და ევროპის გარეთ მდებარე კონფლიქტებში ჩართვას ითვალისწინებდა. წარმოიქმნა ისეთი მდგომარეობა, როცა მზარდი სამხედრო მისიების ფონზე ალიანსის წევრი სახელმწიფოების რესურსები მცირდება. ეს კი ქმნის მასიურ სტრატეგიულ გათიშვას ამოცანებსა და შესაძლებლობებს შორის. ამგვარად სათანადო უნარიანობის გარეშე, დასახული ამოცანების შესრულება ნაკლებად შესაძლებელია."
ანუ თავდაცვის მინისტრის სიტყვები რომ მოვიშველიოთ, ნატო შეიძლება ისტორიას ჩაბარდეს.
„ის რაც მე აღვწერე წარმოადგენს ნამდვილ შესაძლებლობას იმისა, რომ ტრანსატლანტიკურ ალიანსს არასახარბიელო და შეიძლება ძალიან მძიმე მომავალი ელის."
თუმცა მან იქვე დასძინა, რომ ნატოს წევრებს ნეგატიური ტენდენციების უკუქცევა ძალუძთ.
ექსპერტების აზრით, რობერტ გეითსის მემკვიდრეს პენტაგონში ნატოს წინაშე მდგარი სერიოზული გამოწვევების დაძლევა მოუხდება.