ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რის სანაცვლოდ დათანხმდნენ აფხაზები „გალის ფორმატის“ აღდგენას?


ოთხწლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, ოკუპირებულ გალში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ შეხვედრები განახლდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საერთაშორისო დისკუსიების 35-ე რაუნდზე მიიღეს, რომელიც ჟენევაში გუშინ დასრულდა.

ბოლოს, გალში ხუთმხრივი შეხვედრა (IPRM), 2012 წლის მარტში გაიმართა, აპრილში კი აფხაზურმა მხარემ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მაშინდელი ხელძღვანელი, პოლონელი გენერალი ანჯეი ტიშკევიჩი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა, რიგით 36-ე შეხვედრა ჩაშალა და დიალოგის ამ ფორმატზე უარი თქვა. სოხუმის გაღიზიანება მაშინ ტიშკევიჩის განცხადებამ გამოიწვია, რომ ევრომონიტორებს გალის რაიონში პატრულირების უფლება უნდა მისცემოდათ.

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ მეორე ხელმძღვანელი გამოიცვალა: პოლონელი ანჯეი ტიკშკევიჩი 2013 წელს, ესტონელმა დიპლომატმა ტოივო კლაარმა შეცვალა, ხოლო 2015 წლიდან, მისიას უკვე NATO-ში ლიტვის ყოფილი ელჩი - კიასტუტის იანკაუსკასი ხელმძღვანელობს.

აფხაზური მხარე მხოლოდ ახლა დათანხმდა როგორც ევროკავშირის, ისე თბილისის მოწოდებას, რომ გალში დიალოგის ეს ფორმატი განახლდეს. სამეგრელოს გუბერნატორი ლევან შონია ამბობს, რომ ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა.

„ჩემი აზრით, ეს შეხვედრა ბევრ პოზიტივის მოიტანს და ორივე მხარის მონაწილეობით ძალიან ბევრი საკითხი გადაწყდება. ეს შეხვედრები აუცილებელია და უნდა განახლდეს, თუ ჩვენ არ დავჯექით და არ ვისაუბრეთ, ძალიან გაგვიჭირდება ურთიერთობა.“

ოკუპირებულ აფხაზეთში 1994 წლიდან 2009 წლამდე, საერთაშორისო დამკვირვებლის ფუნქცია - გაეროს მისიას ჰქონდა. თბილისის, სოხუმის, მოსკოვისა და გაეროს წარმომადგენლები ოთხმხრივი დიალოგის ფარგლებში, სოხუმსა და ჭუბურხინჯში ხვდებოდნენ ერთმანეთს.

2009 წლის შემდეგ, როცა რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოში, საქართველოს ტერიტორიაზე, როგორც ეუთოს, ისე გაეროს სადამკვირვებლო მისიების გაგრძელებას ვეტო დაადო, ის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ჩაანაცვლა. თუმცა, ევრომონიტორებს მხოლოდ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ პატრულების უფლება აქვთ, რუსეთის საოკუპაციო ძალები მათ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ უშვებენ.

თბილისში მიაჩნიათ, რომ ერგნეთის შეხვედრების მსგავსად, „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ აღდგენა გალში, პირველ რიგში გალის რაიონის მოსახლეობის უმძიმესი პრობლემების მოგვარებას წაადგება. მათ შორის უმთავრესია: ქართული ენის მთლიანად გამოდევნა საგანმანათლებლო სივრციდან, დისკრიმინაცია ეთნიკური ნიშნით, გადაადგილების უფლების შეზღუდვა და საკუთრების უფლების ხელყოფა.

ჯერჯერობით, ბოლომდე ნათელი არ არის, რა დათმობებს ელიან, თბილისის მხრიდან, სოხუმსა და მოსკოვში, გალის ფორმატის აღდგენის სანაცვლოდ? ამ დრომდე, მთავარი მოთხოვნა, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის გაუქმება იყო.

შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა უკვე განაცხადა, რომ ამ კანონის გაუქმება გამორიცხულია. შეიძლება, ის ოდნავ შერბილდეს, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა მიმართულებით:

„ვიდრე არ აღდგება ტერიტორიული მთლიანობა და არ მოხდება დეოკუპაცია, გამორიცხულია, რომ გაუქმდეს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. ამას ვამბობდი თავიდანვე და ახლაც ვიმეორებ, პოზიცია არ შემიცვლია. სხვა საკითხია, კანონში ამა თუ იმ ცვლილებების შეტანა.“

2016 წლის მაისის ბოლოს, ოკუპირებულ აფხაზეთში, ფეხბურთში „იზოლირებულ, არაღიარებულ, ქვეყნებს, ავტონომიებსა და ტერიტორიებს“ შორის „მსოფლიო ჩემპიონატია“ დაგეგმილი, რომელსაც შვედეთში დაფუძნებული ორგანიზაცია CONIFA (http://worldfootballcup.org/) ატარებს (2015 წელს, უნგრეთმა თბილისის ზეწოლით, ვიზები არ მისცა „აფხაზეთის ნაკრებს“, რომელიც ბუდაპეშტში, CONIFA-ს ჩემპიონატზე გამოსვლას გეგმავდა - ზ.წ).

ფორუმში მონაწილეობას გეგმავენ ფეხბურთელები, მწვრთნელები და ფანები ჩაგოსის არქიპელაგიდან, ქურთისტანიდან, ჩრდილოეთ კვიპროსიდან, პადანიიიდან, პენჯაბიდან, სომალილენდიდან, ლაპლანდიიდან, დასავლეთ სომხეთიდან. ასევე, ბოშები, რეტები და იაპონიის კორეელები.

ამ ჩემპიონატის გამართვა ნიშნავს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ერთდროულად შევა ევროპის, აზიის, აფრიკისა და ოკეანეთის ქვეყნების, 1000-მდე მოქალაქე და ერთდროულად დაარღვევს საქართველოს კანონს „ოკუპირებული ტერიტორიების“ შესახებ.

სოხუმში უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ ამ ღონისძიებას „დამოუკიდებელი აფხაზეთის“ ცნობადობის გაზრდისა და აღიარების მიმართულებით. შესაბამისად, აფხაზებისთვის „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის „შერბილებასაც“ კი უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

დღეს ამ კანონით, აფხაზეთის ტერიტორიაზე შესვლა, მხოლოდ ზუგდიდის რაიონიდან შეიძლება. ყველა სხვა შემთხვევაში კი, ოკუპაციის ხაზის გადაკვეთა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით ისჯება.

XS
SM
MD
LG