ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სიტყვიერი შეთანხმების მიუხედავად, დიდი ოცეულის სამიტი შემდგომ ქმედებებზე ფერხდება


ნარენდრა მოდი, ურსულა ფონ დერ ლეიენი და ჯო ბაიდენი (მარცხნიდან მარჯვნივ) დიდი ოცეულის სამიტზე. დელი, ინდოეთი. 9 სექტემბერი, 2023 წ.
ნარენდრა მოდი, ურსულა ფონ დერ ლეიენი და ჯო ბაიდენი (მარცხნიდან მარჯვნივ) დიდი ოცეულის სამიტზე. დელი, ინდოეთი. 9 სექტემბერი, 2023 წ.

მნიშვნელოვანი ვერბალური კომპრომისების ხარჯზე, 20 მსხვილი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ჯგუფმა ერთობლივი დეკლარაციის ტექსტზე შეთანხმებას მიაღწია. ინდოეთში უქმეებზე გამართულ დიდი ოცეულის სამიტზე, უთანხმოება და მსჯელობა ძირითადად უკრაინაში მიმდინარე ომის და რამდენიმე სხვა საკითხის გარშემო წარიმართა.

მსოფლიოს ლიდერების მიერ დელიში რამდენიმე კონკრეტული მიღწევა დაფიქსირდა, კერძოდ - გლობალური ფინანსური საკითხების მიმართულებით. დიპლომატები და ანალიტიკოსები ამბობენ, რომ საბოლოო დეკლარაციაში რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომთან დაკავშირებით მიღწეული სიტყვიერი კონსენსუსი მათთვის საკმაოდ მოულოდნელი იყო.

ინდოეთის ლიდერმა შეძლო ის, რომ მან თავიდან აიცილა განხეთქილება მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ჯგუფში. ამას გარდა, ახალ წევრად მიიღეს აფრიკის კავშირი. ეს ყოველივე მასპინძელი ქვეყნის, ინდოეთის და მისი ლიდერის, ნარენდრა მოდის გამარჯვებად იქნა აღქმული და სკეპტიკური მოლოდინის მიუხედავად, მიმომხილველები ახლა აღნიშნავენ, რომ დიდი ოცეულის სამიტი შედგა. თუმცა, სამიტის შედეგებით ზოგი იმედგაცრუებული დარჩა.

კიევმა მიღებული დეკლარაცია გააკრიტიკა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, შეთანხმებასთან დაკავშირებით საამაყო არაფერია. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის თქმით, სამიტი წარმატებით დასრულდა და დასავლეთის ქვეყნებმა დღის წესრიგის „უკრაინიზაცია“ ვერ შეძლეს.

წელს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დიდი ოცეულის შეხვედრებს არ ესწრებოდა. მოსკოვს სამიტზე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი წარმოადგენდა.

„დიდი ოცეული საუკეთესოდ ითვლება, როდესაც მრავალმხრივ ფორუმზე კონსენსუსის მიღწევა ხდება არა მხოლოდ სიტყვიერ ფორმულირებაზე, არამედ მოქმედებაზეც, ისეთი სერიოზული გლობალური საკითხების გადასაჭრელად, როგორიცაა გლობალური ფინანსური კრიზისი“, - თქვა მაიკლ ფრომანმა. ის ნიუ-იორკში დაფუძნებული საგარეო ურთიერთობათა საბჭოს პრეზიდენტია.

მისი თქმით, ”სამომავლოდ, აქცენტი უნდა იყოს ამაზე, და არა - უშუალოდ დეკლარაციაზე”. ფრომანი შეერთებული შტატების ყოფილი სავაჭრო წარმომადგენელია და ვაშინგტონში გამართული დიდი ოცეულის და დიდი რვიანის შეხვედრებზე, მომლაპარაკებლადაც მუშაობდა.

სამიტის დეკლარაციაში მოერიდნენ რუსეთის დაგმობას უკრაინაში მიმდინარე ფართომასშტაბიანი ომის გამო. თუმცა, მასში ხაზგასმულია ადამიანური ტანჯვა, რომელიც ომმა გამოიწვია და ის მოუწოდებს ყველა სახელმწიფოს, არ გამოიყენონ ძალა ტერიტორიის დასაკავებლად.

ცოტა თუ მოელოდა, რომ დელიში დიდი ოცეული დოკუმენტის ტექსტზე კონსენსუსს მიაღწევდა. ორდღიანი სამიტის პირველ დღეს, გვიან შუადღემდე ჯგუფი შეთანხმებას ვერ ახერხებდა, განსაკუთრებით - უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით არსებული, მხარეების მტკიცე პოზიციების გამო.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ზოგადად, დიდი ოცეულის სამიტის დეკლარაციაზე შეთანხმების მიუღწევლობა მიანიშნებს, რომ ოცეული ორადაა გახლეჩილი და ეს პროცესი მომავალში შეიძლება შეუქცევადიც კი გახდეს. ერთი მხრიდან დასავლეთის სახელმწიფოებია, მეორე მხარეს კი - ჩინეთი და რუსეთი.

ეს იმ ფონზე ხდება, როცა პეკინი მსოფლიო წესრიგის შეცვლას ცდილობს და აფართოებს ისეთ ჯგუფებს, როგორიცაა "ბრიქსი" (ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთის და სამხრეთ აფრიკის გაერთიანება) და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია (ჩინეთის, რუსეთის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის და უზბეკეთის გაერთიანება). შესაბამისად, დიდი ოცეულის სამიტის წარმატებით დასრულება არამარტო მასპინძელი, არამედ სხვა ბევრი ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანი საკითხია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG