პანდემიამდე დისტანციურად 5 მილიონი ამერიკელი მუშაობდა. თუმცა კოვიდ-19-მა შეერთებულ შტატებში დამსაქმებლები აიძულა, სახლიდან მუშაობის უფლება მასობრივად დაერთოთ და გასულ წელს, ამერიკის მასშტაბით, დაახლოებით 75 მილიონი ადამიანი მუშაობდა დისტანციურად.
ექსპერტები ამბობენ, რომ ეს არ შეიცვლება, რადგან დამსაქმებლებმა და თანამშრომლებმა გამოსცადეს, რომ სახლიდან მუშაობა შესაძლოა ეფექტური იყოს.
„პანდემიამ რადიკალურად შეცვალა ის, თუ როგორ აღვიქვამთ სახლიდან და დისტანციურ მუშაობას“, - ამბობს ტიმოთი გოლდენი, მენეჯმენტის პროფესორი რენსელერის პოლიტექნიკური ინსტიტუტიდან. „შეიცვალა დამოკიდებულება და კულტურული და სოციალური ნორმები როგორ და რანაირად სრულდება სამუშაო... ბევრმა ადამიანმა და კომპანიამ აღმოაჩინა, რომ ჩვენ დისტანციურად ეფექტურად მუშაობა შეგვიძლია. ამიტომ ვფიქრობ დისტანციური მუშაობა შენარჩუნდება“, - თქვა მან.
კომპანიები ახლა მუშაობენ იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს სამუშაო გარემო პანდემიის შემდეგ. შესაძლოა ჰიბრიდული მოდელი ვიხილოთ, როცა ნაწილი სულ ოფისიდან, ნაწილი სრულიად დისტანციურად და ნაწილი მონაცვლეობით იმუშავებს.
„ჩვენ გადავიხრებით იქითკენ, რომ უფრო მეტ ადამიანს მივცეთ სახლიდან მუშაობის უფლება, უფრო დიდი ხნით“, - ამბობს რავი გაჯენდრანი, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის, გლობალური ლიდერობის და მენეჯმენტის კოლეჯის ხელმძღვანელი. „თუმცა, შემდეგ ვნახავთ, რომ ესეც არ მუშაობს, და ისევ უფრო ოფისისკენ გადავიხრებით. უკან აღარ დავბრუნდებით, თუმცა ვნახავთ, რომ ახალი თანამშრომლების აყვანასთან ერთად, ახალი გუნდების ფორმირებასთან ერთად, რომლებიც აქამდე ერთად არ მუშაობდნენ, და ახლა დისტანციურად მუშაობა უწევთ, წარმოიქმნება გარკვეული პრობლემებიც“, - ამბობს ის.
წინა კვლევები აჩვენებდა, რომ როცა ადამიანები სახლიდან მუშაობას იწყებენ, პროდუქტიულობა ნარჩუნდება, ან პირიქით, იზრდება.
„ჩვენ ვიცით, რომ ბევრი თანამშრომელი ძალზედ პროდუქტიული იყო პანდემიისას და გააგრძელეს იმ პროდუქტიულობით საკუთარი სამუშაოს შესრულება, როგორც ეს პანდემიამდე იყო“, - ამბობს გოლდენი.
მისი თქმით, უკვე ვიცით, რომ ბევრი კომპანია ცდილობს, დისტანციურ მუშაობაზე უფრო აქტიურად გადასვლას და აჰყავთ ადამიანები, რომლებიც ამის მენეჯმენტს მოახდენენ.
ისეთი დიდი კომპანიები, როგორიცაა „ფეისბუქი“, „ტვიტერი“, „ფორდი“ და „სითიგრუპი“ უკვე აცხადებენ, რომ გეგმავენ სახლიდან მუშაობის უფლება უფრო ფართოდ მისცენ მათ თანაშრომლებს. კომპანიები, რომლებიც დისტანციური მუშაობის შესაძლებლობას არ გაზრდიან, შესაძლოა დადგნენ ნიჭიერი კადრების დაკარგვის საფრთხის წინაშე.
„კომპანიებს, რომლებიც ამას სწორად გააკეთებენ, შედარებითი უპირატესობა ექნებათ მათ მიმართ, ვინც ასე არ მოიქცევა“,- ამბობს გოლდენი.
დისტანციური მუშაობა ასევე საშუალებას მისცემს მუშახელს, რომ სამსახურიდან მოშორებით იცხოვრონ. ეს იმ დამსაქმებლებს, რომელთაც არ სურთ შემოსაზღვრულნი იყვნენ ადგილობრივი კადრებით, უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს. უფრო მეტი სამუშაო წავა ისეთ ადგილებში, სადაც ცხოვრების ღირებულება ნაკლებია, მათ შორის - საზღვარგარეთაც.
„[სამუშაო ადგილებმა] შესაძლოა გადაინაცვლოს აზიაში ან აფრიკაში, ან სამხრეთ ამერიკაში“, - ამბობს გაჯენდრანი. „როცა კომპანიები შეისწავლიან თუ რა როლების მქონე ადამიანებმა შესაძლოა იმუშაონ სახლიდან, მათი ინსტინქტი იქნება ის, რომ ეს ხარჯის შესამცირებლად გამოიყენონ. ეს შექმნის უფრო მეტ არასტაბილურობას სამუშაო ბაზარზე“, - დასძენს ის.
დისტანციური მუშაობის გახშირება, ასევე გავლენას იქონიებს კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე.
„კომპანიები ოფისის ცვლილებას განიხილავენ და საკუთარ თავს ეკითხებიან: „რა არის ოფისის მიზანი? რატომ მოგვყავს თანამშრომლები ყოველდღე ერთად?“ - ამბობს გოლდენი. „ოფისის მიზნებზე ფიქრს კი გავლენა იქნება ასევე საოფისე სივრცეებზე“, - დასძენს ის.
Facebook Forum