ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სარკოზის კადაფის რეჟიმისგან თანხის მიღებაში ადანაშაულებენ


საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი პოლიციამ დააკავა. პროკურატურა მას ლიბიის ყოფილი დიქტატორის მოამარ კადაფის რეჟიმისგან საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად თანხის მიღებაში ადანაშაულებს.

გამოძიების შესახებ ინფორმაციის მქონე პირები საინფორმაციო სააგენტოებთან აცხადებენ, რომ სარკოზი და მისი გუნდი ნაღდი ფულით სავსე ჩანთებს ლიბიის ხელისუფლების წევრებისგან იღებდნენ. გამოძიების ფარგლებში დღეს დაკითხეს ბრაის ჰორტეფოქსიც - სარკოზის მინისტრთა კაბინეტის ერთ-ერთი წევრი.

სარკოზი სამშაბათს დილით პარიზის დასავლეთით მდებარე უბანში დააკავეს და ის კორუფციის, ფულის გათეთრებისა და გადასახადებისგან თავის არიდების საქმეებზე მომუშავე გამომძიებლებმა დაკითხეს.

63 წლის სარკოზი, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტს 2007-2012 წლებში იკავებდა, აქამდე უარს ამბობდა გამოძიებასთან თანამშრომლობაზე და დაკითხვაზეც რამდენჯერმე არ გამოცხადდა. მას შემდეგ, რაც პოსტი დატოვა, სარკოზის წინააღმდეგ რამდენიმე სხვადასხვა საქმე აღიძრა. გამოძიება ცდილობდა დაედგინა, აიღო თუ არა სარკოზიმ თანხა მოამარ კადაფისა და მისი ვაჟის სეიფ ალ-ისლამისგან. სარკოზი ამ ფაქტსაც უარყოფდა და იმასაც, რომ მოგვიანებით ამერიკის ხელმძღვანელობით მოქმედ კოალიციაში საფრანგეთის მონაწილეობამ ლიბიის მმართველი რეჟიმის მრისხანება გამოიწვია.

გამოძიება განსაკუთრებით გააქტიურდა 2016 წლის ნოემბრის შემდეგ - მას მერე, რაც ერთ-ერთმა ბიზნესმენმა ზიად ტაკიდინმა აღიარა, რომ მან ნაღდი ფულით სავსე ჩანთები სამჯერ ჩაიტანა ლიბიიდან საფრანგეთში.

საგამოძიებო ვებ-გვერდ "მედიაპართ“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ზიად ტაკიდინმა თქვა, რომ მან სამჯერ იმგზავრა ტრიპოლიდან პარიზის მიმართულებით 2006 წლის ბოლოს და 2007 წლის დასაწყისში და სწორედ მაშინ ჩამოიტანა კამპანიისთვის საჭირო თანხები. ყოველ ჯერზე მას თან ჰქონდა ჩანთა, რომელშიც 1.5-2 მილიონი ევრო იდო. 200 და 500 ევროიანი ბანკნოტებით. ტაკიდინი ამტკიცებს, რომ მას თანხა კადაფის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა აბდალა სენუსიმ მისცა. იანვარში, ლონდონში დააკავეს მისი ყოფილი დამხმარე და ასევე ფრანგი ბიზნესმენი - ალექსანდ ჟუღიც, რომელიც დროებით გაათავისუფლეს თავდებით, მაგრამ თებერვალში წინა სასამართლო პატიმრობაში დააბრუნეს. ისიც უარს ამბობდა გამოძიებასთან თანამშრომლობაზე. ჟუღის ადვოკატი გასულ თვეში საფრანგეთის ხელისუფლებას საქმის პოლიტიზებაში ადანაშაულებდა.

ერთ-ერთი სატელევიზიო ეთერისას ამ ბრალდებების შესახებ დასმულ კითხვას სარკოზიმ შეურაცხმყოფელი უწოდა და თქვა, რომ ეს "ბინძური ცილისწამებაა".

პროკურატურა კი ამტკიცებს, რომ სარკოზიმ კანონით დადგენილ ლიმიტზე - 22.5 მილიონ ევროზე ორჯერ მეტი თანხა დახარჯა საარჩევნო კამპანიისთვის. ამ ყველაფრის კანონის ფარგლებში მოსაქცევად კი პიარ კომპანია "ბიგმალიონის" სქემას და მათ ყალბ საგადასახადო დოკუმენტებს იყენებდა. გამოძიების განცხადებით, სარკოზის შეიძლება ბრალი წარედგინოს 2012 წელს არალეგალური თანხების გამოყენებაშიც, როდესაც მან კიდევ ერთხელ სცადა პრეზიდენტობის კანდიდატობა. ყოფილ პრეზიდენტს ერთწლიანი პატიმრობა და 3 750 ევროს ოდენობით ჯარიმა ემუქრება, თუმცა, თუ გაამტყუნებენ, ის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს და ამტკიცებს, რომ არაფერი იცოდა "ბიგმალიონის" ხელმძღვანელების მიერ უკვე აღიარებული დანაშაულის შესახებ.

პრეზიდენტის პოსტის დაკავებიდან სულ რამდენიმე თვის შემდეგ, 2007 წელს სარკოზი პირველი ევროპელი ლიდერი გახდა, რომელმაც ათწლეულების განმავლობაში კადაფს უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში რამდენიმე ბიზნეს შეთანხმებასაც მოეწერა ხელი. თუმცა მოგვიანებით სარკოზი ასევე ერთ-ერთი მთავარი დამცველი იყო ნატოს სამხედრო ოპერაციებისა, რომელსაც შედეგად კადაფის რეჟიმის დასრულება და მისი სიკვდილი მოჰყვა 2011 წელს.

გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, ნიკოლა სარკოზი საფრანგეთის პირველი პრეზიდენტი არ იქნება, რომელსაც გაასამართლებენ. მისი წინამორბედი, ჟაკ შირაკს 2011 წელს საჯარო თანხების გაფლანგვაში დასდეს ბრალი. გამოძიების თანახმად, ის არარსებულ სამსახურებში ფიქტიურად დასაქმებულ პოლიტიკურ მოკავშირეებს და დამხმარეებს ხელფასს უხდიდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG