ემანუელ მაკრონი და იტალიის პრემიერი ჯუზეპე კონტი დღეს, ორ ქვეყანას შორის მიგრანტთა საკითხებზე დაძაბულობის ფონზე ხვდებიან ერთმანეთს. საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „ოქსფამი“ აცხადებს, რომ საფრანგეთის სასაზღვრო პოლიცია ცუდად ექცევა იმ მიგრანტ ბავშვებს, რომლებიც საფრანგეთიდან იტალიაში ცდილობენ შესვლას. განცხადების თანახმად, პოლიცია მათ უკან, იტალიაში აბრუნებს, რაც საფრანგეთისა და ევროკავშირის კანონის დარღვევით ხდება.
საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „ოქსფამის“ ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ „ზოგიერთ ბავშვს უკან გაგზავნამდე ფეხსაცმლის ძირებს უჭრიან“.
„პოლიცია მათ უყვირის, დასცინის, ხელს ჰკრავს და ეუბნება, რომ საზღვარს ვერასდროს გადმოკვეთენ. ზოგიერთ მათგანს მობილური ტელეფონის სიმ ბარათები წაართვეს. ისინი კარგავენ მთელ მონაცემებს, საკონტაქტო ნომრებს. მათ ამის შემდეგ თავიანთ მშობლებთან დარეკვაც კი აღარ შეუძლიათ, - ამბობს ჰუმანიტარული დახმარების ჯგუფის ერთ-ერთი წევრი.
გასულ კვირას იტალიამ საკუთარ საზღვრებში არ შეუშვა გემი, რომელზეც 600-ზე მეტი მიგრანტი იყო. საფრანგეთის პრეზიდენტმა იტალიის მთავრობა გააკრიტიკა, თუმცა შემდეგ აღნიშნა, რომ მათთვის შეურაცხყოფის მიყენება არ უნდოდა და მხოლოდ იმას გულისხმობდა, რომ ახლა "კოლექტიური მოქმედების" დროა.
Facebook Forum