საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ცნობით, დასავლეთ აფრიკის ქვეყანაში ხუნტის მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, მთავრობა შემდეგი 24 საათის განმავლობაში ნიგერიდან საფრანგეთის და ევროპის ასობით მოქალაქის ევაკუაციას გეგმავს.
სამხედროების მიერ პრეზიდენტ მოჰამედ ბაზუმის და მისი დემოკრატიულად არჩეული მთავრობის დამხობის შემდეგ, ნიგერის საზღვრები კომერციული ფრენებისთვის ჩაიკეტა. ეს ბოლო სამ წელიწადზე ნაკლებ დროში, დასავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში მეშვიდე სამხედრო გადატრიალებაა.
პუტჩმა ვნებათაღელვა გამოიწვია საჰელის რეგიონში. ნიგერის დასავლელი მოკავშირეები შიშობენ, რომ იქ რუსეთის გავლენა ძლიერდება. ასევე გაიზარდა შეშფოთება უსაფრთხოების ვითარების გამო, რადგან ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ და ალ-ყაიდასთან დაკავშირებული ჯგუფები ამ ტერიტორიაზე წლების განმავლობაში ფეხს იკიდებდნენ.
საფრანგეთს საჰელის რეგიონში ათწლეულის განმავლობაში ჰყავდა ჯარი, რათა ისლამისტურ ამბოხებასთან ბრძოლაში რეგიონის ქვეყნებისთის დახმარება გაეწია, მაგრამ ზოგიერთი ადგილობრივი ამბობს, რომ სურს ყოფილმა კოლონიურმა მმართველმა მათ საქმეებში ჩარევა შეწყვიტოს.
კვირას, ხუნტის მომხრეებმა საფრანგეთის დროშა დაწვეს და ნიგერის დედაქალაქ ნიამეიში თავს დაესხნენ საფრანგეთის საელჩოს, რის პასუხადაც პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
სამშაბათს იტალიამაც განაცხადა, რომ ნიამეიდან თავისი მოქალაქეების გამოსაყვანად საგანგებო ავიარეისს გამოჰყოფს. ევროპის ქვეყნები საევაკუაციო თვითმფრინავების გაგზავნის ძალისხმევის კოორდინაციას მოახდენენ.
აშშ-ს, გერმანიას და იტალიას ნიგერში სამხედროები ჰყავთ, რომლებიც იქ ამბოხების საწინააღმდეგო და საწვრთნელი მისიებით იმყოფებიან. ამ დროისთვის სამხედროების ევაკუაციის თაობაზე განცხადება არ გამოქვეყნებულა.