ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთმა თავდაცვის ახალი სტრატეგია შეიმუშავა


პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ საფრანგეთის ახალმა სამხედრო სტრატეგიამ უნდა გააძლიეროს ქვეყანა როგორც დამოუკიდებელი, ბირთვული იარაღით შეიარაღებული ძალა. მან ესკალაციის რისკსა და უკრაინაში რუსეთის ომის სხვა გლობალურ შედეგებზე ისაუბრა.

„ევროპა აღარ არის დაცული სარაკეტო და უპილოტო აპარატებით თავდასხმებისგან და ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ეს რეალობა“, - თქვა მაკრონმა ტულონის ხმელთაშუა ზღვის სამხედრო ბაზაზე, სადაც 24 000-ზე მეტი ფრანგი ჯარისკაცია განთავსებული.

რუსეთის აგრესია უკრაინაში „შესაძლოა წინ უსწრებდეს უფრო ფართო გეოპოლიტიკურ შეჯიბრს და მომავალს, რომელიც ფატალურად არ უნდა მივიღოთ“, - თქვა მაკრონმა საფრანგეთის ეროვნული სტრატეგიის პროგრამის წარდგენისას, რომელიც განსაზღვრავს, თუ როგორი უნდა იყოს ქვეყნის თავდაცვა 2030 წლამდე.

საფრანგეთს სურს იყოს „დამოუკიდებელი" და "მოქნილი ძალა ევროპის სტრატეგიული ავტონომიის ცენტრში“, ატლანტიკურ ალიანსთან ძლიერი კავშირებით, თქვა მაკრონმა.

ევროპის კონტინენტზე ომის დაბრუნებასთან ერთად, საფრანგეთს სურს ევროკავშირის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაზე იმუშაოს. 27 ქვეყნის ბლოკი კვლავ დიდწილად აშშ-სა და ნატოზე არის დამოკიდებული.

მაკრონმა ისაუბრა ბირთვული შემაკავებლის მნიშვნელობაზე და თქვა, რომ ძლიერი ევროკავშირი ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების ინტერესებშია.

”ჩვენი ბირთვული ძალები ხელს უწყობენ საფრანგეთისა და ევროპის უსაფრთხოებას,” - თქვა მან.

ამ საკითხზე იშვიათ საჯარო კომენტარში, მაკრონმა ცოტა ხნის წინ თქვა, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინაზე პოტენციურ ბირთვულ თავდასხმას ბირთვული იარაღით არ უპასუხებდა. საფრანგეთის დოქტრინა „ემყარება იმას, რასაც ჩვენ ერის ფუნდამენტურ ინტერესებს ვუწოდებთ... ეს ინტერესები არ დევს სასწორზე“ ასეთ სიტუაციაში, განაცხადა მან გასულ თვეში ფრანგულ ტელევიზიასთან საუბრისას.

საფრანგეთმა ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების შემადგენლობაში, რუმინეთსა და ესტონეთში 1000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა. ეს 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოხდა.

საფრანგეთის ახალი სტრატეგიული დოკუმენტი ითვალისწინებს, რომ ქვეყანა შეინარჩუნებს „სამხედრო ოპერაციების წარმართვის უნარს; მათ შორის მაღალი ინტენსივობის ოპერაციების; მარტო, ან კოალიციის ფარგლებში“.

საფრანგეთის ჯარები შეინარჩუნებენ თავიანთ წარმომადგენლობას ქვეყნის საზღვრებს მიღმა, აფრიკიდან ახლო აღმოსავლეთამდე, თქვა მაკრონმა.

პრეზიდენტის თქმით, საფრანგეთი უახლოეს დღეებში დაიწყებს მოლაპარაკებებს თავის აფრიკელ პარტნიორებთან და რეგიონულ ორგანიზაციებთან, რათა შეიტანოს ცვლილებები „საჰელსა და დასავლეთ აფრიკაში საფრანგეთის სამხედრო ბაზების სტატუსში, ფორმატსა და მისიებში“.

ახალი ორგანიზაცია, რომელიც ეფუძნება საფრანგეთისა და ადგილობრივ შეიარაღებულ ძალებს შორის თანამშრომლობას, დისკუსიებიდან ექვსი თვის განმავლობაში შეიქმნება, განაცხადა მან.

მაკრონის გამოსვლა ემთხვევა ე.წ. ბარხანის ძალების მისიის დასასრულს მალიში. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ამ წლის დასაწყისში, პარიზმა ქვეყნიდან თავისი ჯარები გაიყვანა, მმართველ სამხედრო რეჟიმთან დაძაბულობის ფონზე.

საფრანგეთის ოპერაციები საჰელის რეგიონში ისლამისტ ექსტრემისტებთან საბრძოლველად, ნიგერში, ჩადსა და ბურკინა ფასოში მიმდინარეობს. ამ ქვეყნებში პარიზს დაახლოებით 3000 ჯარისკაცი ჰყავს განთავსებული.

გარდა ამისა, მაკრონმა თქვა, რომ საფრანგეთის სამხედრო სტრატეგია მოიცავს ახალ მისიას „მეტოქეების“ მიერ გავრცელებული ყალბი ამბებისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ საბრძოლველად. მაკრონმა ირიბად ახსენა რუსეთის მზარდი გავლენა დასავლეთ აფრიკაში, მათ შორის ანტიფრანგული სოციალური მედიის კამპანიებით.

XS
SM
MD
LG