ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყოფილი რესპუბლიკელები და დემოკრატები ამერიკაში ახალ პარტიას აფუძნებენ


ცენტრში ენდრიუ იანგი, ყოფილი დემოკრატი საპრეზიდენტო კანდიდატი
ცენტრში ენდრიუ იანგი, ყოფილი დემოკრატი საპრეზიდენტო კანდიდატი

შეერთებულ შტატებში ორი წამყვანი პარტიის ოფიციალური წევრები, დემოკრატები და რესპუბლიკელები აცხადებენ, რომ ახალ ეროვნულ პარტიას აყალიბებენ. ოთხშაბათს მათ რესპუბლიკურ და დემოკრატიულ პარტიებს უფუნქციოდ დარჩენილი უწოდეს და თქვეს, რომ საყოველთაო არჩევნებზე მილიონობით იმედგაცრუებული ამერიკელი ამომრჩევლის გადაბირებას შეეცდებიან. ინფორმაციის პირველწყარო სააგენტო „როიტერია“.

ახალ პარტიას ჰქვია "წინ". ამ ეტაპზე პარტიას ორი თანათავმჯდომარე ეყოლება. ესენი არიან დემოკრატიული პარტიის ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი ენდრიუ იანგი და კრისტინ ტოდ უიტმენი, ნიუ-ჯერსის შტატის ყოფილი გუბერნატორი რესპუბლიკური პარტიიდან. იანგმა და უიტმენმა თავისი პარტიები დატოვეს და იმედს გამოთქვამენ, რომ ამერიკელებს ორი დომინანტური პარტიისგან განსხვავებულ, სერიოზულ ალტერნატივას შესთავაზებენ.

ახალ პარტიაში ერთიანდება რამდენიმე პოლიტიკური დაჯგუფება, რომლებიც ბოლო დროს უკიდურესად პოლარიზებული ორპარტიული პოლიტიკური სისტემიდან აღმოცენდა. „გალოპის“ მიერ გასულ წელს ჩატარებული ერთ-ერთი გამოკითხვის მიხედვით, ამერიკელთა ორი მესამედი თვლის, რომ ქვეყანას მესამე პარტია ესაჭიროება.

ახალი პარტიის ლიდერები წინასაარჩევნო ღონისძიებათა ციკლს ადრეულ შემოდგომაზე გეგმავენ. ამომრჩეველთა გადასაბირებლად შეხვედრები ათეულობით ამერიკულ ქალაქში გაიმართება. პარტიის პირველი ოფიციალური მიღება ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში 24 სექტემბერს იგეგმება, დამფუძნებელი ეროვნული ყრილობა კი - მომავალ ზაფხულს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG