ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დატბორილი რამდენიმე პროვინცია და 100-ზე მეტი გარდაცვლილი - წყალდიდობა ავღანეთში


სტიქიას ავღანეთში 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 300-ზე მეტი კი დაშავდა. ძლიერმა წვიმამ ქაბულის ჩრდილოეთით წყალდიდობა გამოიწვია, რა დროსაც შენობების ნაწილი წყლით დაიფარა. უხვი ნალექის შედეგად წარმოქმნილმა წყალმა, ასობით სახლი დაანგრია. არ არის გამორიცხული დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზარდოს, რადგან სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. როგორც პარიანის პროვინციის მთავრობის წევრი ამბობს, სტიქია იმდენად ძლიერი იყო, რომ მასთან სწრაფად გამკლავება ვერ მოხერხდა.

წყალდიდობის შედეგად დატბორილია პროვინციებს შორის დამაკავშირებელი გზები, რაც სამაშველო სამუშაოებს დამატებით ართულებს. "რადიო თავისუფლებასთან" საუბრის დროს ავღანეთის ბუნებრივი კატასტროფის მართვის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ღულაბ ბაჰადინ ჯაილანი ამბობს, რომ სტიქიის დროს 1000-ზე მეტი სახლია დანგრეული.

ოფიციალური მონაცემებით, დაშავებულთა უმრავლესობა ქალები და ბავშვები არიან. გარდა პარინის პროვინციებისა, წყალდიდობის დროს დიდი ზიანი მიადგათ სხვა პროვინციებსაც. ზარალის ზუსტი ოდენობა ცნობილი არ არის. ადგილობრივი ხელისუფლება დახმარებას ცენტრალური ხელისუფლებისგან ითხოვს.

ცოტა ხნის წინ, განცხადება გაავრცელა ავღანეთის პრეზიდენტმა. აშრაფ ღანის ბრძანებით, სტიქიით დაზარალებულ პროვინციებში დამატებითი დახმარება გაიზავნა. პრეზიდენტი ღანი სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG