"რადიო თავისუფლების" ცნობით, 3 იანვარს ტყიბულის მერიასთან გაიმართა საპროტესტო აქცია, რომელზეც გააპროტესტეს „საქნახშირიდან“ თანამშრომლების გათავისუფლების ფაქტი. ორგანიზაციის ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ ისინი სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს.
„38 ადამიანი რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს სამსახურიდან პოლიტიკური მოსაზრებების გამო და სწორედ ამის გასაპროტესტებლად შევიკრიბეთ“, - ამბობს უფლებადამცველი ვახუშტი მენაბდე. აქციაზე სიტყვით გამოვიდნენ ის მაღაროელებიც, რომლებიც ამბობენ, რომ „საქნახშირიდან“ პოლიტიკური მოტივით გაათავისუფლეს.
დღევანდელი აქციის მოთხოვნები იყო:
- აღადგინონ გათავისუფლებულები სამსახურში
- გათავისუფლდნენ პროევროპულ აქციებზე დაკავებულები, რომლებსაც დემონსტრანტები, მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიციური პარტიები პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევენ
- დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.
„რამდენიმე ქალაქია საქართველოში, სადაც სიმდიდრეს, რომელიც კონკრეტულ რეგიონს გააჩნია, მართავს კომპანია, რომელიც ამ ძალაუფლებას იყენებს ბოროტად, შეზრდილია ხელისუფლებასთან და იყენებს ამას რეპრესიებისთვის, როგორც ტყიბულის მაგალითზე ვნახეთ“, - ამბობს ვახუშტი მენაბდე.
კომპანია „საქნახშირში“ აცხადებდნენ, რომ რეორგანიზაციისა და კადრების ოპტიმიზაციის პროცესი სამი თვის წინ დაიწყო და 1 იანვარს დასრულდებოდა. მათივე განცხადებით, რეორგანიზაციის შედეგად 38 სამუშაო ადგილი შემცირდა, თუმცა აღნიშნავენ, რომ თითოეულ თანამშრომელს კომპანიისვე დაფინანსებული 3-4-თვიანი გადამზადება შესთავაზეს.
„ჩვენი, 38 ადამიანის გათავისუფლება მოხდა შახტიდან იმის გამო, რომ გაგვაჩნდა თავისუფალი აზრი, არ ვემორჩილებოდით მათ შეხედულებებს და ასევე გვქონდა სხვადასხვა შეხედულება ამა თუ იმ საქმის მიმართ, რაც ეხებოდა შახტში არსებულ მძიმე მდგომარეობას, სპეცტანსაცმელს და სასადილოს თემას“, - თქვა მაღაროელმა ხვიჩა გაბუნიამ.
„15 წელია ვმუშაობ „საქნახშირში“ ერთი და იმავე, ვაგონშემკეთებლის პოზიციაზე. ჩემი გამოშვების მიზეზი იყო პოლიტიკური შეხედულება, სხვა აზრი რომ გამაჩნდა და არ დავექვემდებარე მაგათ. ჩემი მეუღლე ორი წლის წინ გაათავისუფლეს იმის გამო, რომ მასაც თავისუფალი აზრი ჰქონდა. იქიდან მოყოლებული ჩათვალეს, რომ არ უნდა ვყოფილიყავი სამსახურში. ახლა ვითომ გამოცდილება არ მყოფნიდა და გამათავისუფლეს“, - ამბობს კიდევ ერთი მაღაროელი.
Facebook Forum