ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

FBI ბალტიმორის ხიდის ჩამონგრევის გამოძიებას იწყებს


ამერიკის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI), ბალტიმორში მომხდარი ინციდენტის თაობაზე, ოფიციალური გამოძიება დაიწყო.

გასულ თვეში, ბალტიმორის ხიდის ერთ-ერთ საყრდენ სვეტს სატვირთო გემი შეეჯახა, რამაც ხიდის ჩამონგრევა გამოიწვია. FBI-ის აგენტები ამ გადამზიდ გემზე უკვე ავიდნენ იმისთვის, რომ სასამართლოს მიერ ნებადართული შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარონ. თუმცა, გამოძიების თაობაზე სხვა ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.

26 მარტს, გათენიისას, სატვირთო გემის ხიდის საყრდენ სვეტთან შეჯახების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა. ისინი, ამ დროს, ხიდის სამანქანო გზის შესაკეთებლად მუშაობდნენ.

გამოცემა "ვაშინგტონ პოსტის" ცნობით, გამოძიების ერთ-ერთი უმთავრესი ფოკუსი ის იქნება, იცოდა თუ არა გემის ეკიპაჟმა ხომალდის ტექნიკური პრობლემების შესახებ მაშინ, როდესაც პორტი დატოვა.

უსაფრთხოების სამსახურებმა გემის ე.წ. "შავი ყუთი" უკვე ამოიღეს. მათ უკვე აქვთ ხომალდის მოძრაობის, პოზიციის, სიჩქარის, მიმართულების შესახებ ინფორმაცია, რადარებისა და აუდიო გადამცემების ჩანაწერები, ხიდისა და სხვა კომუნიკაციების მონაცემები, ასევე საგანგაშო სიგნალების თაობაზე ინფორმაციაც.

ტრანსპორტის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელმა, გასულ კვირას კონგრესს უთხრა, რომ მისმა გამომძიებლებმა გადამზიდი ხომალდის პერსონალი, საკუთარი გამოძიების ფარგლებში, უკვე დაკითხეს.

ხიდის ქვეშ კი სამუშაოები გრძელდება, რათა პორტის მისადგომები ნანგრევებისგან გაიწმინდოს და მიმოსვლა შესაძლებელი გახდეს.

XS
SM
MD
LG