ექიმ ენტონი ფაუჩის თქმით, ჯერ კიდევ არსებობს საფრთხე, რომ ომიკრონის ახალი ვარიანტით გამოწვეული ავადობა საავადმყოფოებს დიდ ტვირთად დააწვება. თუმცა, ინფექციურ დაავადებათა წამყვანი ამერიკელი სპეციალისტი იმასაც ამბობს, რომ ადრეული მონაცემებით, კორონავირუსის ეს ახალი ვარიანტი ნაკლები სიმწვავით გამოირჩევა.
"ერთადერთი სირთულე ისაა, რომ როცა ასეთი ბევრი შემთხვევა გაქვს, თუნდაც ომიკრონით ჰოსპიტალიზაციის პროცენტული რაოდენობა დელტაზე დაბალი იყოს, მაინც არსებობს საფრთხე, რომ ჰოსპიტალიზაცია გაიზრდება და ეს ჯანდაცვის სისტემას ტვირთად დააწვება" - უთხრა ექიმმა ფაუჩიმ კვირას ტელეკომპანია "სი-ენ-ენს". ის მოელის, რომ "გაცილებით მეტი შემთხვევა იქნება, რადგან ეს ბევრად უფრო გადამდები ვირუსია, ვიდრე დელტა".
სპეციალისტების ანგარიშით, ომიკრონი ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში კოვიდ-19-ის შემთხვევების დაახლოებით 60%-ზე მოდის. თუმცა, ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ ომიკრონის ვარიანტი "შესაძლოა ნაკლებად მწვავე იყოს, ყოველ შემთხვევაში იმ მონაცემებიდან გამომდინარე, რაც სამხრეთ აფრიკიდან, ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოდან გვაქვს და ცოტაც - შეერთებული შტატების პირველადი მონაცემებიდან" - აღნიშნავს ექიმი ფაუჩი.
მან ასევე თქვა, რომ დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი მოკლე ხანში გააკეთებს განმარტებას გასული კვირის რეგულაციასთან დაკავშირებით, რომელმაც კარანტინის ვადა 10-დან 5 დღეზე დაიყვანა და შეცვალა ტესტირების აუცილებლობის წესებიც. ამან მოსახლეობის ნაწილი დააბნია. ექიმ ფაუჩის თქმით, რეგულაცია გადახედვის პროცესშია. "ვფიქრობ, მომდევნო რამდენიმე დღეში ჩვენ ამასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრისგან მეტს შევიტყობთ" - უთხრა მან იმავე დღეს ჩაწერილ ინტერვიუში ტელეკომპანია "ეი-ბი-სის".
Facebook Forum