ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეფასება: გასაკვირი არა დეზინფორმაციაა, არამედ ის, რომ დემოკრატიაში მთავრობა საკუთარი მოსახლეობის მანიპულირებას ეწეოდა


20 დეკემბერს, ფეისბუქმა საქართველოში საკუთარი ძირითადი პლატფორმიდან ფეისბუქის 39 ანგარიში, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და ინსტაგრამის 22 ანგარიში წაშალა.

სოციალური ქსელი აცხადებს, რომ ეს ანგარიშები ადგილობრივ აუდიტორიაზე იყო ფოკუსირებული და საქართველოში იყო შექმნილი. ფეისბუქის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამჟამად უკვე წაშლილი გვერდები მმართველ პარტია “ქართულ ოცნებასთან” იყო დაკავშირებული, თუმცა ისინი თავს სხვა პარტიებად, მედია საშუალებებად, რეალურ ადამიანებად და აქტივისტთა ჯგუფებად ასაღებდნენ.

გრამ ბრუკი, ციფრული გამოძიების კვლევების ლაბორატორიის დირექტორი
გრამ ბრუკი, ციფრული გამოძიების კვლევების ლაბორატორიის დირექტორი

"მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშების უკან მდგომი ადამიანები ცდილობდნენ დაემალათ საკუთარი ვინაობა და [ერთმანეთთან] კოორდინაცია, ჩვენმა გამოძიებამ ისინი სარეკლამო სააგენტო “პანდასთან” და “ქართული ოცნების” მიერ მართულ მთავრობასთან დააკავშირა,” ნათქვამია განცხადებაში.

ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორია (DFRLab)
ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორია (DFRLab)

გაუქმებულ გვერდებს შორის, სულ ცოტა, ერთს 442,300 მიმდევარი ჰყავდა, გაუქმებულ ჯგუფებთაგან ერთს ან მეტს კი დაახლოებით 52,000 წევრი. ინსტაგრამზე გაუქმებული ანგარიშებიდან ერთს ან მეტს 2,100 მიმდევარი ჰყავდა. ორივე პლატფორმაზე მასალების რეკლამირებაში, დაახლოებით, 316 ათასი დოლარი დაიხარჯა.

ეს ქსელი დაკავშირებული იყო მთავრობასთან და მისი პირდაპირი მხარდაჭერა ჰქონდა. დემოკრატიულ საზოგადოებაში ეს უჩვეულოა და შეშფოთების საბაბს ქმნის. რა თქმა უნდა, დეზინფორმაცია და ნარატივების იარაღად გამოყენება ყველგან ხდება. მაგრამ ეს პოლიტიკური თუ იდეოლოგიური ჯგუფების ან უცხო ქვეყნის მთავრობების და არა თვითონ სამიზნე საზოგადოების მთავრობების მიერ ხდება.
გრამ ბრუკი

ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორიამ (DFRLab) ფეისბუქის გამოძიების პარალელურად საკუთარი კვლევა ჩაატარა. DFRLab-ს თავდაპირველად საქართველოში ორგანიზებული საეჭვო ოპერაციების შესახებ ინფორმაცია ფეისბუქმა მიაწოდა. ლაბორატორია აცხადებს, რომ გამოძიებით დადგინა, რომ გაუქმებული ვებგვერდები ქართულ აუდიტორიაზე იყო გათვლილი, ავრცელებდა “დამაპირისპირებელ სოციო-პოლიტიკურ შინაარსს, რომელიც ივანიშვილს და მთავრობაში მის მოკავშირეებს უჭერდა მხარს და ცდილობდა საქართველოს დასავლელი პარტნიორების, განსაკუთრებით კი, შეერთებული შტატების დისკრედიტაციას.”

“ატლანტიკური საბჭოს” DFRLab-ის დირექტორი გრამ ბრუკი "ამერიკის ხმასთან" ამბობს, რომ ფეისბუქმა და DFRLab-მა საქართველოში ეჭვმიტანილი კოორდინირებული და არაავთენტური ოპერაციების გამოძიება ერთმანეთისიგან დამოუკიდებლად ჩაატარეს. ციფრულმა ლაბორატორიამ, დაახლოებით, 260 ჯგუფი და გვერდი შეისწავლა, რაშიც პერსონალური ანგარიშები არ შედიოდა.

“ეს ჯგუფები და გვერდები აქვეყნებდნენ კონტენტს, რომელიც პირდაპირ კავშირში იყო საქართველოს მთავრობის საქმიანობასთან და ისინი მხოლოდ ერთ პოზიციას გამოხატავდნენ. ჩვენს შესაძლებლობებზე დაყრდნობით, რაც მხოლოდ ღია წყაროებით შემოიფარგლება, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო კოორდინირებული ოპერაცია,” თქვა ბრუკიმ.

DFRLab-ისგან განსხვავებით, ფეისბუქი გამოძიებას გაცილებით დეტალურად და არა მხოლოდ ღია წყაროებზე დაყრდნობით, არამედ შიდა-ტექნიკური შესაძლებლობების გამოყენებით აწარმოებს. ციფრულმა ლაბორატორიამ მთავრობის ნარატივების გამავრცელებელი კოორდინირებული ოპერაცია, ინფორმაციის მომხმარებლის პერსპექტივიდან გამოავლინა. ფეისბუქის გამოძიება კი თავად პლატფორმაზე ტექნიკური შიდა რესურსების გამოყენებით მოხდა. ამ შიდა მოძიებით ფეისბუქმა დაადგინა, რომ ქსელის ოპერაცია უშუალოდ “ქართული ოცნების” მთავრობას და მთავრობის მიერ დაქირავებულ სარეკლამო სააგენტო “პანდას” უკავშირდებოდა.

“ფეისბუქს აქვს საშუალება ნახოს თუ როგორ იქცევა საეჭვო მომხმარებელი სხვადასხვა ჯგუფებში, ვის ეკუთვნის ესა თუ ის გვერდი, როდის და სად შეიქმნა ის, ვინ არის ჯგუფის ადმინისტრატორი და ასე შემდეგ. ჩვენ ფეისბუქის მიერ გაკეთებული შეფასების ეჭვის ქვეშ დაყენების არანაირი საფუძველი არ გვაქვს გამომდინარე იქიდან, თუ რამდენად ღრმაა მათი წვდომა საკუთარი პლატფორმის დეტალებზე და კოორდინირებული ოპერაციების გამოვლენაზე,” თქვა ბრუკიმ.

ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევა
ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევა

ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ სექტემბერში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მთავრობების ან პოლიტიკური ძალების მიერ ორგანიზებული საინფორმაციო კამპანიებით მანიპულირება წელს 70 ქვეყანაში დაფიქსირდა. საქართველო ერთ-ერთი მათგანია. 2018 წელს მსგავსი ოპერაციები 48 ქვეყანაში დაფიქსირდა, 2017 წელს კი -- 28-ში.

ბოლო ორ წელში, მთავრობების რაოდენობა, რომლებიც ორგანიზებულად აწარმოებენ საინფორმაციო მანიპულაციას, თითქმის გასამმაგდა. ეს იმას ნიშნავს, რომ დეზინფორმაციის კამპანიები უჩვეულო, რა თქმა უნდა, არ არის. თუმცა, საქართველო, როგორც დემოკრატიად მიჩნეული ქვეყანა, განსხვავებულ პოზიციაშია.

“რუსეთის მთავრობისთვის ეს მეთოდი ეგზისტენციალური მნიშვნელობისაა. რუსულ მოდელში მთავრობა ძალით ცდილობს საკუთარი საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვებას საინფორმაციო სივრცეში თავისი ნარატივების აქტიური გავრცელებით. ეს არ არის ღია და თავისუფალი საზოგადოება,” თქვა ბრუკმა. საქართველოსთან დაკავშირებით კი დასძინა, რომ “ეს ქსელი დაკავშირებული იყო მთავრობასთან და მისი პირდაპირი მხარდაჭერა ჰქონდა. დემოკრატიულ საზოგადოებაში ეს უჩვეულოა და შეშფოთების საბაბს ქმნის. რა თქმა უნდა, დეზინფორმაცია და ნარატივების იარაღად გამოყენება ყველგან ხდება. მაგრამ ეს პოლიტიკური თუ იდეოლოგიური ჯგუფების ან უცხო ქვეყნის მთავრობების და არა თვითონ სამიზნე საზოგადოების მთავრობების მიერ ხდება,” თქვა მან.

დეზინფორმაციის და საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების შემთხვევები სოციალური მედიის გავლენის გაზრდასთან ერთად მისი თითქმის განუყოფელი ნაწილი გახდა. მათ შორის ფეისბუქი ყველაზე ხშირად გამოიყენება ადამიანების მანიპულირების მიზნით. ასევე ხშირია ფეისბუქის კრიტიკა, განსაკუთრებით დემოკრატიული მთავრობების მიერ, რომლებიც აცხადებენ, რომ სოციალური ქსელი ადეკვატურად არ იცავს მომხმარებელს საინფორმაციო გავლენებისგან. კომპანია ამ ტენდენციის შეცვლას ცდილობს.

ეს ჯგუფები და გვერდები აქვეყნებდნენ კონტენტს, რომელიც პირდაპირ კავშირში იყო საქართველოს მთავრობის საქმიანობასთან და ისინი მხოლოდ ერთ პოზიციას გამოხატავდნენ. ჩვენს შესაძლებლობებზე დაყრდნობით, რაც მხოლოდ ღია წყაროებით შემოიფარგლება, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო კოორდინირებული ოპერაცია.
გრამ ბრუკი

“ამერიკის ხმისთვის” მიცემულ წერილობით კომენტარში ფეისბუქმა თქვა, კომპანიის “ჯგუფები ფეისბუქსა და ინსტაგრამზე პროაქტიულად ეძებენ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ ჩვენი პლატფორმები ბოროტად გამოიყენონ. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ინდუსტრიაში ჩვენს კოლეგებთან, მთავრობის წარმომადგენლებთან და უსაფრთხოების მკვლევარებთან ამ ოპერაციების საპოვნელად და გასაუქმებლად.”

ფეისბუქის პრაქტიკა იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოში კოორდინირებული ნარატივების გავრცელებაზე დაკვირვება გაგრძელდება. ისევე როგორც 20 დეკემბრის შემთხვევაში, მომავალშიც პროცესი ორ ეტაპად დაიყოფა. არაავთენტურ დეზინფორმაციას, რომელიც საინფორმაციო სივრცეში ფარული გზებით და მოტყუებით მომხმარებლის მანიპულირებას ცდილობს, ჯერ ფეისბუქის ავტომატიზირებული სისტემა გამოავლენს, რის შემდეგაც პროცესში ადამიანების ჯგუფი ჩაერთვება. ფეისბუქის მსგავსად, DFRLab აცხადებს, რომ საქართველოში დეზინფორმაციაზე დაკვირვებას და მის გამოძიებას გააგრძელებს.

ოქსფორდის კვლევის თანახმად, საქართველო “კიბერ-ჯარისკაცების” შესაძლებლობების თვალსაზრისით, საშუალო დონის ქვეყანაა. ამავე კატეგორიაში შედის ისეთი ქვეყნები, როგორიცაა აზერბაიჯანი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, ყაზახეთი, თურქეთი, პაკისტანი, სუდანი, ბაჰრეინი, კუბა, გვატემალა და კიდევ რამდენიმე სხვა. უმაღლესი შესაძლებლობების მქონე ზოგიერთი ქვეყანა კი რუსეთ, ჩინეთი, ირანი, ჩრდილოეთ კორეა და სხვები შედის.

კიბერ-ჯარისკაცების საქმიანობაში რამდენიმე მკაფიოდ გამოკვეთილი საქმიანობა შედის. ესენია მთავრობის მხარდამჭერი პროპაგანდის გავრცელება, ოპოზიციაზე თავდასხმა ან ოპონენტების წინააღმდეგ ცილისწამების კამპანიის წარმართვა, მნიშვნელოვანი თემებიდან ან კრიტიკიდან საზოგადოების ყურადღების სხვაგან გადატანა, და საზოგადოების დაყოფისა და პოლარიზაციის ორგანიზება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG