ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კავკასიის საკითხების ექსპერტი ვლადიკავკაზში მომხდარ აფეთქებას ეხმაურება


ჩრდილოეთ კავკასიის საკითხების ექსპერტი ვლადიკავკაზში მომხდარ აფეთქებას ეხმაურება
ჩრდილოეთ კავკასიის საკითხების ექსპერტი ვლადიკავკაზში მომხდარ აფეთქებას ეხმაურება

ექსკლუზიური ინტერვიუ ჯეიმსტაუნის ფონდის ჩრდილოეთ კავკასიის საკითხების ექსპერტთან ვალერი ძუცევთან

ანალიტიკური ორგანიზაცია ჯეიმსტაუნის ფონდის ჩრდილოეთ კავკასიის საკითხების ექსპერტმა ვალერი ძუცევთმა აღნიშნა, რომ ვლადიკავკაზის ცენტრალურ ბაზარში გუშინ მომხდარი აფეთქება პირველი როდი იყო. მისი თქმით:

„თავდასხმები ჩრდილოეთ ოსეთში ჩრდილოეთ კავკასიის სხვა რესპუბლიკებში მომხდარი თავდასხმებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. აქ მე ვგულისხმობ იმას, რომ ჩრდილოეთ კავკასიის სხვა რესპუბლიკებში , როგორც წესი, ამგვარი თავდასხმების მიზანს რუსეთის სამხედროები, სამართალდამცველები, ადგილობრივი და ფედერალური ხელისუფლების წარმომადგენლები არიან და არა სამოქალაქო პირები. მაგრამ ჩრდილოეთ ოსეთში ბოლო წლებში უკვე რამდენიმე თავდასხმა მოხდა, რომელმაც სამოქალაქო პირები იმსხვერპლა. ამის მთავარი მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ჩრდილოეთ ოსეთი ჩრდილოეთ კავკასიაში ყველაზე პრო-მოსკოვურად განწყობილ რესპუბლიკად ითვლება რადგან მისი მოსახლეობა ძირითადად მართლმადიდებელია ჩრდილოეთ კავკასიის სხვა რესპუბლიკებისგან განსხვავებით, სადაც უმრავლესობა მუსლიმანებისგან შედგება. ამდენად მეამბოხეები ჩრდილოეთ ოსეთს აღიქვამენ როგორც ახლომდებარე სამიზნეს, სადაც თავდასხმების განხორციელება შედარებით ადვილია.“

ძუცევმა გაიხსენა ვლადიკავკაზის ცენტრალურ ბაზარში 1999 წელს მომხდარი აფეთქება, რომელმაც 50-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა დღემდე არავის აუღია. თუმცა მაშინ ოფიციალურად განაცხადეს, რომ აფეთქების ორგანიზატორები ჩეჩნები იყვნენ. ძუცევის თქმით, მართალია ჯერ-ჯერობით გაურკვეველი რჩება ის, თუ ვინ აიღებს პასუხისმგებლობას მომხდარზე, აფეთქებასთან დაკავშირებული დეტალები გარკვეულ კითხვებს ბადებს. ამასთან დაკავშირებით ძუცევმა აღნიშნა:

„ამ თავდასხმას უჩვეულო თავისებურებები ახასიათებს. სახელდობრ ის, რომ დანაღმული ავტომანქანა მეზობელი ინგუშეთის ნომრებით მოძრაობდა. მოგეხსენებათ, რომ ურთიერთობა ინგუშეთსა და ჩრდილოეთ ოსეთს შორის საკმაოდ დაძაბულია და ამდენად თუ თვითმკვლელ ტერორისტს ჩრდილოეთ ოსეთში ტერორისტული თავდასხმის მოწყობა სურდა, ის საკუთარ ინგუშ ვინაობას უსათუოდ მიჩქმალავდა. ყოველ შემთხვევაში მას ინგუშური ნომრების მოხსნა თავისუფლად შეეძლო, მაგრამ მან ეს არ ქნა, რაც საკმაოდ უჩვეულოდ მეჩვენება.“

ძუცევი ხაზს უსვამს იმას, რომ მიმომხილველების ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ ამგვარი თავდასხმების სიხშირე არჩევნების მოახლოვებასთან მატულობს. როგორც ცნობილია, მომავალ წელს რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის დუმას არჩევნები იგეგმება. ძუცევი შიშობს, რომ ვლადიკავკაზში მომხდარი აფეთქება შეიძლება სწორედ ამ პოლიტიკურ ფაქტორებს უკავშირდებოდეს.

ძუცევს არ ჰგონია, რომ ვლადიკავკაზში მომხდარი აფეთქება ინგუში ნაციონალისტების ნახელავია რადგან ყოვლად გაურკვეველია ის თუ რა მიზანს უნდა ემსახურებოდეს ამგვარი პროვოკაცია.

„ჩრდილოეთ ოსეთსა და ინგუშეთს შორის ტერიტორიული დავა არსებობს, მაგრამ ამგვარი თავდასხმებით არაფერი გადაწყდება. პირიქით, შედეგად ჩრდილოეთ ოსეთში მცხოვრებ ინგუშ უმცირესობაზე ზეწოლა შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს. თუ ისლამისტ მეამბოხეებს ინგუშებსა და ოსებს შორის ეთნიკური შუღლის გაღვივება სურდათ, მაშინ მათ ნომრების ნაცვლად ავტომანქანაში ინგუშური პირადობის დამადასტურებელი საბუთების დატოვება შეეძლოთ. ამას გარდა, ვლადიკავკაზის ცენტრალურ ბაზარში ბევრი დახლი ინგუშ ვაჭრებს ეკუთვნის. ცნობილია ისიც, რომ აფეთქების შედეგად დაშავებულთა შორის ინგუშებიც აღმოჩნდნენ,“ აღნიშნა ძუცევმა.

ძუცევის აზრით, ვლადიკავკაზის აფეთქება გარკვეულ სარგებელს ადგილობრივ და ფედერალურ ხელისუფლებას მოუტანს რადგან ტერორისტული თავდასხმების შემდეგ მათ სამოქალაქო უფლებების შემდგომი შეზღუდვა და სხვა რეპრესიული ზომების მიღება მნიშვნელოვნად გაუადვილდებათ ვინაიდან დაშინებული მოსახლეობისგან წინააღმდეგობა ნაკლებად მოსალდონელია.

ინტერვიუს დასასრულს ძუცევმა დასძინა:

„თუ ჩვენ დავუკვირდებით იმას, თუ რა მოჰყვა მიმდინარე წლის მარტში მოსკოვის მეტროში მომხდარ აფეთქებებს, მაშინ გარკვეული ვარაუდით შეიძლება იმის პროგნოზირება თუ რას გამოიწვევს ვლადიკავკაზის აფეთქება. ალბათ ახლო მომავალში, შეიძლება რამდენიმე კვირაში, გაკეთდება განცხადება იმის შესახებ, რომ მოკლულია აფეთქების ორგანიზებაში მონაწილე მეამბოხეთა რამდენიმე ლიდერი. ამით ყველაფერი ალბათ ამოიწურება კიდეც. ანუ დამნაშავეთა დაკავების და გასამართლების მაგივრად, რაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, რუსეთის სამართალდამცველები მათ მკვლელობას ანიჭებენ უპირატესობას.“

XS
SM
MD
LG