იმ დროს, როდესაც ევროპაში და ამერიკაში, ვაქცინაციის საწინააღმდეგო მოძრაობის გავლენის გამო, შიში ვრცელდება და იმუნიზაციის დონე იკლებს, ბრანდენბურგი გერმანიის პირველი ფედერალური მხარე გახდა, სადაც საბავშვო ბაღის ყველა აღსაზრდელისთვის, წითელას და რამდენიმე სხვა ინფექციური დაავადების საწინააღმდეგო აცრა, სავალდებულოა.
იმუნიზაციის შემცირებამ, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, თუ სხვა ქვეყნებში, წითელას შემთხვევების ზრდა გამოიწვია. ასე მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც.
ახლა გერმანიის მთავრობა მთელი ქვეყნის მასშტაბით სავალდებულო აცრის შემოღებაზე ფიქრობს. სხვა ევროპულ ქვეყნებში უკვე მიიღეს კანონები, რომელიც ვაქცინაციას სავალდებულოს ხდის, მათ შორის იტალიაში, სადაც ორი წლის წინ მიიღეს კანონი, რომლითაც იტალიის სკოლებში მიღებული ბავშვებისთვის აცრა სავალდებულოა.
ჯანდაცვის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ვაქცინაციის საწინააღმდეგო ჯგუფების მიერ დაბეჭდილი ბუკლეტები ფართოდ ვრცელდება მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებში, მათ შორის ორთოდოქსი ებრაელების თემშიც. შეერთებულ შტატებში, ამ ჩაკეტილ თემში ინფექციის მკვეთრი ზრდა პირველად არ ხდება და კვლავ ვაქცინის საწინააღმდგო პროპაგანდით არის ნაკარნახევი.
ბრანდენბურგის ჯანდაცვის მინისტრი ანდრეას ბატნერი ამბობს: „ბავშვების და ორსული ქალების დაცვა, მათ უფლებებზე მაღლა უნდა იდგეს, ვისაც საკუთარი შვილების ვაქცინაცია არ სურს.“
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, გასულ წელს წითელა 82 600 ევროპელს შეხვდა - ეს გასული ათწლეულის ნებისმიერ პერიოდთან შედარებით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
გასულ წელს, იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა, რომელიც ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის წევრია, დროებითი წესი შემოიღო, რომლითაც ბავშვებს სკოლაში სიარული შეეძლოთ, თუ მშობლები ყოველგვარი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე განაცხადებდნენ, რომ ბავშვებს ვაქცინაცია ჩატარებული ჰქონდათ. ამის შემდეგ, იტალიაში წითელას შემთხვევების დონე მკვეთრად გაიზარდა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, გასულ წელს, მთელ ევროპაში ინფიცირების შემთხვევების თითქმის მეოთხედი იტალიაში მოხდა.
მარტის თვეში, იტალიის მთავრობამ დროებითი წესი აღარ განაახლა და ისევ აამოქმედა კანონი, რომელიც სკოლაში წასვლამდე ბავშვების იმუნიზაციას სავალდებულოს ხდის.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ საზოგადოებრივი აზრი ვაქცინაციის სასარგებლოდ მას შემდეგ გადაიხარა, როდესაც იტალიელი პოპულისტი პოლიტიკოსი, რომელიც სავალდებულო ვაქცინაციის წინააღმდეგ გამოდიოდა, გასულ თვეში, თავადაც საავადმყოფოში ჩუტყვავილის დიაგნოზით აღმოჩნდა.
Facebook Forum